პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა ხდება მაშინ, როცა კომპანიებს დამფუძნებელ CEO-ები ტოვებენ? – ისტორიული მაგალითები

ტექნოლოგიური გიგანტების დამფუძნებლების წასვლა კომპანიებისთვის ხშირად გარდამტეხი ეტაპია: სტატია Nvidia-ს მომავალს Apple-ის, Microsoft-ის, Amazon-ისა და Intel-ის ისტორიულ მაგალითებს ადარებს.

რა ხდება მაშინ, როცა კომპანიებს დამფუძნებელ CEO-ები ტოვებენ? – ისტორიული მაგალითები
BM.GE

ტექნოლოგიურ სამყაროში არსებობს ერთი ასეთი დაუწერელი კანონი: კომპანიის კულტურა, ინოვაციურობა და გრძელვადიანი ხედვა პირდაპირ იმ ადამიანის დნმ-ზეა მიბმული, ვინც ის ნულიდან შექმნა. როდესაც ტრილიონიანი იმპერიის სათავეში მდგომი დამფუძნებელი სცენას ტოვებს, ინვესტორები ერთ კრიტიკულ კითხვას სვამენ: ეს უბრალოდ მენეჯმენტის ცვლილებაა, თუ კომპანიის ოქროს ხანის დასასრული?

ჯენსენ ჰუანგის სახელი Nvidia-სთან იმდენად მჭიდროდაა შერწყმული, რომ კომპანიის მომავლის წარმოდგენა მისი საფირმო ტყავის ქურთუკისა და ქარიზმის გარეშე თითქმის შეუძლებელია. 1993 წელს დაბადებული იდეა ჰუანგმა სამ ათწლეულში ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის ხერხემლად აქცია და გეიმერებისთვის შექმნილი კომპანია პლანეტაზე ყველა მსხვილ ტექნოლოგიურ გიგანტად გარდაქმნა. მისი მმართველობის სტილი, რისკის მიმართ აპეტიტი და რევოლუციური ტენდენციების წლებით ადრე განჭვრეტის უნარი სახელმძღვანელოებში და უნივერსიტეტებში ნამდვილად არ ისწავლება. სწორედ ამიტომ, ჰუანგის წასვლა Nvidia-სთვის მხოლოდ ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნას არ ნიშნავს; ეს არის ფუნდამენტური ტესტი იმისა, შეუძლია თუ არა უმამოდ დარჩენილ კომპანიას გაიზარდოს, გაძლიერდეს და ლიდერად დარჩეს?

ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი რადიკალური ცვლილება კომპანიისთვის ყოველთვის გარდამტეხია და ამის საუკეთესო მაგალითი Apple-ია, რომელმაც ეს გზა უკვე ორჯერ უკვე გაიარა. პირველად ეს მოხდა 1985 წელს, როდესაც დირექტორთა საბჭომ სტივ ჯობსი კომპანიიდან გააძევა და მართვა ჯონ სკალის გადააბარა, მაშინ Apple-მა სწრაფად დაკარგა იდენტობა, გააფუჭა ხარისხი და გაკოტრების ზღვარზეც მივიდა, მანამ სანამ 1997 წელს სტივ ჯობსი უკან არ დაბრუნდა და კომპანიას ინოვაციური სულისკვეთება არ აღუდგინა. თუმცა, საკუთარი შეცდომებით ნასწავლმა ჯობსმა, 2011 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგომის გადაწყვეტილებისთვის კომპანია წინასწარ მოამზადა და მემკვიდრედ ოპერაციული გენიოსი ტიმ კუკი აირჩია. კუკმა ჯობსის დატოვებული ეკოსისტემა და მიწოდების ჯაჭვი სრულყოფილებამდე მიიყვანა, განავითარა სერვისების ბიზნესი და კომპანიის კაპიტალიზაცია 350 მილიარდიდან 4 ტრილიონ დოლარამდე გაზარდა. ამ შედეგის წყალობით, ტიმ კუკი ისტორიაში საუკეთესო დანიშნული დირექტორი გახდა, რომლის ბადალი რთულად თუ მოიძებნება და ახლა ჯონ ტერნუსს სწორედ ასეთი შედეგების გაუმჯობესება მოუწევს.

განსხვავებული, მაგრამ არანაკლებ დრამატული იყო Microsoft-ის გზა 2000 წელს, როდესაც ბილ გეიტსმა სადავეები სტივ ბალმერს გადააბარა. ბალმერის 14-წლიანი მმართველობისას კომპანიის შემოსავლები გასამმაგდა, მაგრამ ფინანსური წარმატების მიღმა სტრატეგიული სიბრმავე იმალებოდა. Windows-ის მონოპოლიის დაცვაზე გადართულმა Microsoft-მა ხელიდან გაუშვა მობილური რევოლუცია, საძიებო სისტემების ბაზარი და Cloud-ინფრასტრუქტურის პირველი ტალღა, რამაც აქციის ფასი ათწლეულის განმავლობაში ფაქტობრივად გაყინა. კომპანიის მეორე აღორძინება მხოლოდ 2014 წელს დაიწყო, როცა სატია ნადელამ ძველი დოგმები დაანგრია და Microsoft-ი Cloud-ბიზნესად და AI-გიგანტად გარდაქმნა. გასაოცარი ფინანსური შედეგების მიუხედავად, უოლ-სტრიტზე და სილიკონის ველზეც ყველა თანხმდება, რომ ბალმერი და ნადელა კარგი დირექტორები არიან, თუმცა ბილ გეიტსის რევოლუციურობასთან ისინი ახლოსაც ვერ მივლენ.

მსგავს სირთულეებს წააწყდნენ Amazon-შიც. 2021 წელს ჯეფ ბეზოსის წასვლის შემდეგ, კომპანიის მართვის სადავეები ენდი ჯესიმ გადაიბარა და მისი მმართველობის ეპოქა იმდენად მოსაწყენია, რომ ჯესის სახელი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც კი იცის. აი, ჯეფ ბეზოსი ვინაა და რას წარმოადგენს, ამას ბევრი ახსნა ნამდვილად არ სჭირდება. მართალია, Amazon-ი დღემდე ფენომენალურ ბიზნესად რჩება, თუმცა ყველა ინვესტორი ხვდება, რომ ბეზოსის შემდეგ, Amazon-ი აღარ არის ისეთი საშიში მტაცებელი, როგორიც ის ადრე იყო, რადგან მაშინ კომპანიას არა უბრალოდ კარგი მენეჯერი, არამედ რევოლუციური ინოვატორი მართავდა.

ამ გამოცდილებების მიუხედავად, Nvidia-ს ინვესტორებისთვის ყველაზე მკაცრი გამაფრთხილებელი მაგალითი მაინც Intel-ია. ენდი გროუვისა და დამფუძნებლების თაობის წასვლის შემდეგ, ნახევარგამტარების უძლეველი იმპერიის სათავეში ინჟინრების ნაცვლად ფინანსისტები და მარკეტოლოგები მოვიდნენ. კომპანიამ ყურადღება კვარტალური მოგების ზრდასა და აქციების გამოსყიდვაზე გადაიტანა. ბუღალტრების წინამძღოლობით, კომპანიამ უარი თქვა პირველი iPhone-ის ჩიპების წარმოებაზე და ტექნოლოგიურ რბოლაში ტაივანურ TSMC-ს ჩამორჩა. ადრე თუ Intel-ი პლანეტაზე ყველაზე მაღალტექნოლოგიურ კომპანიად ითვლებოდა, დღეს ის ოცეულშიც კი აღარ არის.

ამ ისტორიული გამოცდილებით დასტურდება, რომ დაქირავებულ დირექტორებს ხშირად აკლიათ ინოვაციურობა და გამბედაობა, რათა კომპანიის მომავალი სარისკო პროექტების გამო საფრთხის წინაშე დააყენონ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბიზნესში და საფონდო ბირჟაზე რისკის გარეშე გამარჯვება შეუძლებელია, დამფუძნებელ დირექტორებს კი არა უბრალოდ სტაბილური ზრდის, არამედ ნებისმიერ ფასად გამარჯვების სურვილი ამოძრავებთ. სწორედ ასეთი CEO იყო ჯენსენ ჰუანგი და მის გარეშე დარჩენილი Nvidia მიტოვებულ საბრძოლო ხომალდს ჰგავს, რომლის ახალი კაპიტანი გვიჩვენებს – მეორე Intel-ს მივიღებთ, თუ ახალ Apple-ს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
NVIDIA-ს დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი გადადგაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები