პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპის 9 ქვეყანა: მხარს ვუჭერთ სომხეთის სუვერენიტეტს, ვგმობთ რუსეთის ზეწოლას

ევროპის 9 ქვეყანა და ევროკავშირის ლიდერები სომხეთს მხარდაჭერას უცხადებენ და რუსეთის მხრიდან მზარდ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ზეწოლასა და ენერგეტიკულ შანტაჟს გმობენ.

ევროპის 9 ქვეყანა: მხარს ვუჭერთ სომხეთის სუვერენიტეტს, ვგმობთ რუსეთის ზეწოლას
რადიო თავისუფლება

ისინი აცხადებენ, რომ სომხეთს დაეხმარებიან ეკონომიკური პარტნიორობის დივერსიფიკაციაში, განსაკუთრებით ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში.

ერთობლივი განცხადება 12 ნოემბერს, დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა.

განცხადებას ხელს აწერენ ესტონეთი, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია და პოლონეთი.

განცხადებას ასევე უერთდებიან ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები.

განცხადება გამოქვეყნდა სომხეთის მხარდამჭერი ქვეყნების ძირითადი ჯგუფის (ინგლისურად – Core Group of Support to Armenia) სახელით.

მასში აღნიშნულია, რომ დუბლინში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდნენ ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ბრიტანეთის ლიდერები.

„ზეწოლა რუსეთისგან“

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სტაბილურობის, დამოუკიდებლობისა და მდგრადობის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნები აღნიშნავენ, რომ ივნისში სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთის მხრიდან ერევანზე „პირდაპირი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა მხოლოდ იზრდება“.

„რუსეთმა სომხეთის ექსპორტზე უპრეცედენტო შეზღუდვები დააწესა და ახლა ენერგომომარაგების დაშინების იარაღად გამოყენებით იმუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ქვეყნები აცხადებენ, რომ სომხეთის სუვერენიტეტის დასაცავად და საკუთარი მომავლის თავისუფლად არჩევის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად შესაბამის ზომებს იღებენ.

„გავაგრძელებთ სომხეთის მხარდაჭერას ეკონომიკური პარტნიორობის დივერსიფიკაციაში, განსაკუთრებით ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში. ამ მხრივ დავეყრდნობით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს სომხეთიდან ევროკავშირში ექსპორტის 80 პროცენტზე საბაჟო გადასახადები“, - ნათქვამია განცხადებაში.

„აყვავებული დემოკრატიისკენ“

ევროპის ქვეყნები ასევე ადასტურებენ სომეხი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და აცხადებენ, რომ მხარს დაუჭერენ სომხეთის ძალისხმევას, შექმნას „აყვავებული და მდგრადი დემოკრატია და წარმატებული ეკონომიკა“, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული რეგიონულ სატრანსპორტო და სავაჭრო ქსელებში.

განცხადებაში ასევე საუბარია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესსა და სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებაზე.

„მხარს ვუჭერთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესს და მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც 2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ მიაღწიეს, ისევე როგორც სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნები მხარეებს ამ მიმართულებით ძალისხმევის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ, რაც, მათი შეფასებით, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობისა და მთლიანად რეგიონის ინტერესებშია.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ფაშინიანმა და ალიევმა ორი ქვეყნის ელექტროქსელების დაკავშირება განიხილესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები