ლევან ბეჟაშვილი – მესმის ბატონ მიხეილ სააკაშვილის პათოსი, თუმცა ჩვენი სამართლებრივი არგუმენტაცია ეფუძნება კონსტიტუციასა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ენმ-ის სამართლებრივი არგუმენტაცია კონსტიტუციას ეფუძნება, ხოლო სასამართლოსა და „ქართული ოცნების“ მიზანია დებატები წარსულის ორომტრიალში წარიმართოს.

პოზიცია სასამართლოსი, მოსარჩელისა თუ სხვა ადამიანების, რომ პოლიტიკური ბრალდებების გაქარწყლება მოხდეს, არის სწორედ „ქართული ოცნების“ და სასამართლოს მიზანი, მუდმივად წარსულის ორომტრიალში ვაწარმოოთ ჩვენი იურიდიული დებატები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, სასამართლო დაარწმუნოს, რომ წარსულში მომხდარი ფაქტები არ არის პარტიის გაუქმების საფუძველი.
„„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავის სტრატეგია საკონსტიტუციო სამართალწარმოებასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფორმატი ხშირად ვერ და არ ითვალისწინებს ისეთი საკითხებზე მსჯელობას, რომელიც პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხია. ჩვენ წმინდა საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპებიდან გამომდინარე ვცდილობთ, დავამტკიცოთ, რომ პარტიის გაუქმების კონსტიტუციურ სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ეს არის დაცვის სტრატეგია. მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაინახოს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს კონსტიტუციური წესწყობილების დაცვისთვის. შესაბამისად, პოზიცია სასამართლოსი, მოსარჩელის თუ სხვა ადამიანების, რომ პოლიტიკური ბრალდებების გაქარწყლება მოხდეს, არის სწორედ „ქართული ოცნების“ და სასამართლოს მიზანი, მუდმივად წარსულის ორომტრიალში ვაწარმოოთ ჩვენი იურიდიული დებატები. მთავარი ამოცანაა, დღეს სასამართლო დავარწმუნოთ, რომ წარსულში მომხდარი ფაქტები არ არის რელევანტური პარტიის გაუქმების საკითხთან, ეს კონკრეტული ამოცანა გვაქვს.
რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას აქვს განმსაზღვრელი როლი პარტიის წარმომადგენლობაში. ბუნებრივია, ამაზე პარტიის ხელმძღვანელობამ, მმართველმა საბჭომ უნდა იმსჯელოს, მიიღოს კონსულტაციები ბატონ მიხეილ სააკაშვილთან. ალბათ სხვა ადამიანებს უკეთესად შეუძლიათ წარმოადგინონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები, არც ეგ არის პრობლემა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური არგუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელება სხვა სტანდარტს გულისხმობს.
„ჩვენ, პარტიის წარმომადგენლებს არაფრის გამიჯვნა არ მოგვიხდენია, ამას აკეთებს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები. როდესაც სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე არის საუბარი, ეს ვერ შეერაცხება პოლიტიკური პარტიას. ჩვენი სამართლებრივი არგუმენტაცია ეფუძნება კონსტიტუციას და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. სხვა შეფასება არის პოლიტიკური დებატები. თუ ვმართავთ პოლიტიკურ დებატებს, მაშინ კი ბატონო, ვიხელმძღვანელებთ იმ დოკუმენტებითა და არგუმენტებით, რომელიც არსებობს. სამწუხაროდ, უბრალოდ, სასამართლოს ფორმატი არ იძლევა ამის საშუალებას,
მე მესმის ბატონი მიხეილის პათოსი, რომ პოლიტიკური არგუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური პარტიის გაუქმებაზეა საუბარი. ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, უკვე სასამართლოს გარეთ, რომ ეს სარჩელი, მათ შორის მოსამართლეების ცალკეული პოზიციები არის პოლიტიკურად ანგაჟიებული და დაუსაბუთებელი. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელება სხვა სტანდარტს გულისხმობს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, წადით სახლში“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…