POLITICO: Mercedes-Benz-ი გერმანიაში ინვესტიციებს აჩერებს და ქარხნების დახურვას განიხილავს
POLITICO-ს ცნობით, Mercedes-Benz-ი გერმანიაში ინვესტიციების შეჩერებას და ქარხნების დახურვას განიხილავს, რადგან სამუშაო კვირის 40 საათამდე გაზრდაზე პროფკავშირებთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

გერმანული ავტოგიგანტი Mercedes-Benz-ი გერმანიაში ყველა ახალი ინვესტიციის შეჩერებას და ქვეყანაში არსებული ქარხნების შესაძლო დახურვას განიხილავს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანიასა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ავტომწარმოებლის ხელმძღვანელობამ გააფრთხილა თანამშრომლები, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გერმანიაში წარმოების გაგრძელებას აღარ გეგმავს და მომავალ ინვესტიციებს სხვა ქვეყნებში გადაიტანს.
კომპანიის მმართველი საბჭოს განცხადებით, ამ ეტაპზე, კონკრეტული ქარხნები დახურული არ არის, თუმცა გერმანიის საწარმოო ობიექტებში „ყველა შემდგომი ინვესტიცია შეჩერდება“.
Mercedes-Benz-ის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის უთანხმოება სამუშაო კვირის ხანგრძლივობას უკავშირდება. კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს, რომ მოქმედი 35-საათიანი სამუშაო კვირის ნაცვლად, ანაზღაურების გაზრდის გარეშე, კვირაში 40 საათი იმუშაონ. მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ ვერ შედგა.
„სრულად ვაცნობიერებ, რომ 35-საათიანი სამუშაო კვირის მისაღწევად დიდი ბრძოლა იყო საჭირო და ის ბევრი თანამშრომლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ შეთანხმებას მსუბუქად არ ვუყურებთ, თუმცა პირობები, რომლებშიც ის დაიდო, დღეს უკვე აღარ არსებობს“, - განუცხადა თანამშრომლებს კომპანიის მმართველი საბჭოს წევრმა ბრიტა ზეეგერმა.
მისივე თქმით, კომპანია ასევე განიხილავს ანაზღაურებისა და დამატებითი სარგებლის სხვა კომპონენტების გადახედვას. მათ შორისაა როგორც ნებაყოფლობითი ბენეფიტები, მაგალითად, მოგების განაწილება, ისე კოლექტიური შეთანხმებებით გათვალისწინებული დანამატები, მათ შორის შვებულებისა და საშობაო პრემიები.
POLITICO-ს ცნობით, საავტომობილო ინდუსტრია რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორისაა საბაჟო ტარიფებით გამოწვეული ხარჯები, ენერგიის მაღალი ფასები და ჩინური ავტომწარმოებლების მხრიდან მზარდი კონკურენცია.
გერმანული ავტომწარმოებლების მსგავსად, ჩინეთის ბაზარზე პოზიციებს Mercedes-Benz-იც კარგავს. ჩინეთში მიღებული შემოსავლები კომპანიას გერმანიაში წარმოების ხარჯების დაფარვაში ეხმარებოდა. ოქტომბერში კომპანიამ განაცხადა, რომ მესამე კვარტალში ჩინეთში გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით შემცირდა, გაცილებით მეტად, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…