ლაშა ფარულავა - თბილისის სატრანსპორტო კომპანია პარტიული კადრებით დაკომპლექტებულ სტრუქტურად აქციეს - ქალაქს არა ექსპერიმენტები, არამედ პროფესიული ცოდნით და გრძელვადიანი ხედვით განსაზღვრული სატრანსპორტო პოლიტიკა სჭირდება
ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია პარტიული კადრებით დაკომპლექტებულ სტრუქტურად იქცა, ხოლო კალაძის ინიციატივები საცობების მოსაგვარებლად საკუთარი უმოქმედობის მოქალაქეებზე გადაბრალებაა.

პროფესიონალების ნაცვლად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია პარტიული კადრებითა და არაფორმალური გავლენებით დაკომპლექტებულ სტრუქტურად აქციეს. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა სატრანსპორტო პოლიტიკის განმსაზღვრელ საქალაქო სამსახურში, რომლის ხელმძღვანელებიც ამ ცხრა წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც თბილის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ იმ ინიციატივას ეხმაურება, სადაც კალაძე დედაქალაქში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად კენტი და ლუწი ნომრების სისტემაზე, ან კონკრეტულ უბნებში ფასიანი შესვლის დაწესებაზე საუბრობდა.
ლაშა ფარულავა წერს, რომ კახა კალაძის 9-წლიანი მერობის პერიოდში, ქალაქის სატრანსპორტო პრობლემები არათუ ვერ მოგვარდა, არამედ ყოველდღიურად უფრო მწვავე და მასშტაბური გახდა, რაც მისივე თქმით „არაკომპეტენტური მართვის, კორუფციის, ნეპოტიზმისა და პროფესიონალიზმის უგულებელყოფის შედეგია“
„უწყების არასტაბილური და ქაოსური მართვა პირდაპირ აისახება დედაქალაქის სატრანსპორტო მოძრაობაზე. შედეგად, გვაქვს ისეთივე მოუწესრიგებელი სისტემა, როგორიც თავად ამ უწყების საქმიანობაა.
სატრანსპორტო პოლიტიკის ჩავარდნის თვალსაჩინო მაგალითია ჭავჭავაძის გამზირი. ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასვლის შემდეგ მარცხენა მხარეს მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია, მძღოლს წყნეთის გზატკეცილამდე უწევს გადაადგილება, რათა შემობრუნდეს და გზის მეორე მხარეს აღმოჩნდეს. ამასთან, წრიული მოძრაობის კვანძი სატრანსპორტო ნაკადების არასწორი ორგანიზების გამო მუდმივი შეფერხების წყაროდ იქცა. ეს არის დაგეგმვისა და წინასწარი გაანგარიშების სრული უგულებელყოფის შედეგი. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას ელემენტარული პროფესიული სტანდარტი უნდა იყოს ნაკადების მოდელირება და იმგვარი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც საცობების პრევენციას უზრუნველყოფს და არა მათ სისტემურ წარმოქმნას.
მსგავს პრობლემებს ვხედავთ ქეთევან წამებულის გამზირზე, წერეთლის გამზირზე და დედაქალაქის სხვა მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა და ავტობუსის ზოლები მოეწყო”- წერს ლაშა ფარულავა.
ფარულავას განმარტებით ქალაქში ბასლაინების არსებობა პრობლემას არ წარმოადგენს და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის პრიორიტეტის მინიჭება აუცილებელია, თუმცა ეს გააზრებულ, პროფესიულად დაგეგმილ და ქალაქის საერთო სატრანსპორტო სისტემასთან შეთანხმებულ გადაწყვეტილებებს უნდა ეფუძნებოდეს. მისივე განმარტებით ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რომელიც წინასწარი ანალიზისა და სატრანსპორტო ნაკადების გათვალისწინების გარეშე ხორციელდება, პრობლემას ვერ აგვარებს.
„ცალკე საუბრის თემაა მუნიციპალური ტრანსპორტის მდგომარეობა და შეუსრულებელი დაპირებები. ცხრა წლის შემდეგ ლილოსა და დიდ დიღომში ახალი მეტროსადგურების მშენებლობის ნაცვლად, მოქალაქეებს მხოლოდ დაპირებების ამსახველი ბანერები შემორჩათ.
ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით ირონიულია კალაძის საუბარი ე.წ. იაპონური მოდელის დანერგვაზე. გამოდის, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს ავტომობილების გამოყენების შეზღუდვას სთავაზობს მაშინ, როდესაც თავად არაფერი გაუკეთებია დედაქალაქის შემომყვანი და გამყვანი გზების გასაუმჯობესებლად, ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად და ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების შესაქმნელად. მოქალაქეს ჯერ გადაადგილების რეალური ალტერნატივა უნდა შესთავაზო და მხოლოდ ამის შემდეგ მოსთხოვო პირადი ავტომობილით სარგებლობის შეზღუდვა. სხვაგვარად, ეს რეფორმა კი არა, საკუთარი უმოქმედობის მოქალაქეებზე გადაბრალებაა.“- წერს ლაშა ფარულავა.
ფარულავას თქმით, ქალაქს არა პიარ კამპანიები და ექსპერიმენტები, არამედ პროფესიული ცოდნით, მონაცემებით და გრძელვადიანი ხედვით განსაზღვრული სატრანსპორტო პოლიტიკა სჭირდება. მისივე განმარტებით საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება და მოძრაობის კვანძების სწორად დაგეგმვა და „მუნიციპალური ტრანსპორტის ეფექტიანობის გაზრდა და მართვის სისტემის პარტიული ინტერესებისგან გათავისუფლება.“
„ეს ყველაფერი შესაძლებელია. ამისთვის არ არის საჭირო ქალაქის სატრანსპორტო სისტემის თავიდან გამოგონება, საჭიროა კომპეტენტური ადამიანების ჩართვა, სწორი დაგეგმვა და პასუხისმგებლობიანი მართვა.
ჩვენ შეგვიძლია, პროფესიონალებთან ერთად, ეს ცვლილებები თანმიმდევრულად, ეფექტიანად და მოქალაქეებისთვის მინიმალური დისკომფორტით განვახორციელოთ.
თბილისის განვითარებას კორუმპირებული და არაკომპეტენტური მმართველობა აფერხებს. ამ მმართველობის შეცვლით შევძლებთ, დავუბრუნოთ დედაქალაქს მოწესრიგებული ქუჩები, გამართული ტრანსპორტი და გადაადგილების თავისუფლება.
ამისთვის კი საჭიროა ჩვენი ერთობა და ორგანიზება.
ცვლილებები ჩვენი ერთობლივი მოქმედებით იწყება.“- წერს ლაშა ფარულავა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…