პოლიტიკური ქადაგება - რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი პოლიტიკური განცხადებების გარდა, ყურადღების ცენტრში ქონებრივი მდგომარეობითაც არაერთხელ მოექცა
ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას მრევლს მთავრობის შეცვლისკენ მოუწოდა, რასაც „ქართულ ოცნებაში“ მცდარი და დაუსაბუთებელი უწოდეს.

მთავრობის შეცვლისკენ მრევლს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა ქადაგებისას მოუწოდა. მეუფე იობმა ამბიონიდან მორიგი პოლიტიკური განცხადება გააკეთა და ტრადიციულად, ხელისუფლება და მაღალი იერარქიის სასულიერო პირები გააკრიტიკა.
მცდარი, გაუგებარი და დაუსაბუთებელი ბრალდებები - ასე აფასებს მმართველი გუნდი ამბიონიდან გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს. "ქართული ოცნების" წევრებისთვის სასულიერო პირის პოლიტიზებული ქადაგება მიუღებელია.
ვინ არის მიტროპოლიტი იობი, ერისკაცობაში ელგუჯა აქიაშვილი. ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი პოლიტიკურ განცხადებას პირველად არ აკეთებს და საკუთარი შეხედულებები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიმართ, სხვა დროსაც არ დაუმალავს. საერო პირების გარდა, მეუფე იობი იმ სასულიერო პირებსაც აკრიტიკებს, რომლებიც მის შეხედულებებს არ იზიარებენ.
არქივი ინახავს მიტროპოლიტის იმ განცხადებას, რომელიც მან საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია მეორესთან დაპირისპირებულ მეუფე პეტრესთან დაკავშირებით გააკეთა. მეუფე იობი, რომელსაც პატრიარქობა თავადაც სურდა, მხარს იმ სასულიერო პირებს უჭერდა, რომლებიც უწმინდესს უპირისპირდებოდნენ.
მიტროპოლიტი იობი ის სასულიერო პირია, რომელსაც არ დაუმალავს საკუთარი პოლიტიკური სიმპათია ოპოზიციის, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. 2014 წელს მან ციხეში მოინახულა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაიაც. შეხვდა "ვივამედში" მყოფ მსჯავრდებულ და ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს და ერთ-ერთ ქადაგებაში მისი პატიმრობიდან გათავისუფლებაც მოითხოვა. მიტროპოლიტის მიმართვა ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა თავად სააკაშვილმაც.
ამ და არაერთი მსგავსი შინაარსის მხარდამჭერი განცხადების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელები დღეს ამტკიცებენ, რომ მიტროპოლიტი იობი მათი მხარდამჭერი არ არის, თუმცა მისი პოლიტიკური ქადაგება დღესაც მოიწონეს.
მმართველი გუნდის შეფასებით, გარკვეულ ძალებს საქართველოში ეკლესიისა და ხელისუფლების დაპირისპირება სურს. "ქართული ოცნებისთვის" დასანანია, რომ ამ პროცესში სასულიერო პირების ნაწილიც ჩაერთო.
რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი პოლიტიკური განცხადებების გარდა, ყურადღების ცენტრში ქონებრივი მდგომარეობითაც არაერთხელ მოექცა. საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახლაც იძებნება დოკუმენტები მისი კერძო საკუთრების შესახებ. ბინა თბილისში, ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მიწის 6 ნაკვეთი, 2 ყაზბეგში, 6,500 კვ.მ მიწა ორი შენობით სამტრედიაში, ასევე ქონება ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. მედიის ინფორმაციით, მიტროპოლიტი იობი ხელმძღვანელობს სამ არაკომერციულ ორგანიზაციასაც.
ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული საქმე კი, რომელიც მიტროპოლიტ იობის სახელს უკავშირდება, ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიაა. მიტროპოლიტმა იქ უნებართვო მშენებლობა დაიწყო, რამაც მეექვსე საუკუნის ისტორიული ძეგლი დააზიანა.
"კურიერი" შეეცადა, მეუფე იობთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე პასუხი თავად მიტროპოლიტისგან მიეღო, თუმცა გადამღები ჯგუფი მის რეზიდენციაში არ შეუშვეს. ურბნისისა და რუისის ეპარქიის წინამძღოლი დღეს ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…