მათზე ღიად საუბარი საკმაოდ სახიფათოა, ამიტომ არ ვაკონკრეტებთ - კობახიძე „გლობალური ომის პარტიაზე“
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „გლობალური ომის პარტიის“ წევრებზე ღიად საუბარი სახიფათოა და ერთ-ერთი მაღალსტატუსიანი პირი მისგან და ირაკლი ღარიბაშვილისგან „მეორე ფრონტის გახსნას“ კატეგორიულად ითხოვდა.

მან კვლავ განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, ასევე, რუსეთის შეჭრა უკრაინაში 2014 და 2022 წლებში „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებში იყო.
„ღიად საუბარი სახიფათოა“
„გლობალური ომის პარტია - ეს არის სახელდება, რომელსაც ჩვენ საკმაოდ ხშირად ვიყენებთ, თუმცა არასოდეს ვაზუსტებთ, კონკრეტულად ვის ვგულისხმობთ მასში“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა: „თუმცა ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ ადამიანებს ამ ტერმინში“.
შემდეგ კვლავ დააზუსტა: „ჩვენ არასდროს ვაკონკრეტებთ, თუ რას ვგულისხმობთ ზუსტად ამაში - ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, რადგან ამ ადამიანებზე ღიად საუბარი საკმაოდ სახიფათოა“.
ირაკლი კობახიძესთან დისკუსიას 11 ნოემბერს ირლანდიური კვლევითი ცენტრი, „საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტი“ (IIEA) მასპინძლობდა.
„ომში ჩათრევა“ და „შეხვედრა ერთ ადამიანთან“
ირაკლი კობახიძემ კვლავ ისაუბრა „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან საქართველოს „ომში ჩათრევისა“ და „მეორე ფრონტის გახსნის“ მცდელობებზე და ახსენა მისი და მისი წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა „ერთ ადამიანთან“.
„ამ შეხვედრას მეც ვესწრებოდი ჩემს წინამორბედთან ერთად. ერთ-ერთი პირი მოვიდა ჩვენთან და კატეგორიულად მოითხოვდა, საქართველოში მეორე ფრონტი გაგვეხსნა“, - განაცხადა მან.
„საბოლოო ჯამში, მიგვაჩნია, რომ ეს იყო „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენელი, ამაში დარწმუნებულნი ვართ. ამ ადამიანს ძალიან მაღალი ოფიციალური სტატუსი ჰქონდა. ეს პირი, ასე ვთქვათ, დაკავშირებული იყო... ოფიციალურ სტრუქტურებთან“, - თქვა კობახიძემ.
„ძლიერი გავლენა ევროკავშირსა და აშშ-ზე“
„თუმცა, მტკიცედ გვჯერა, რომ ომში ჩათრევას ჩვენ არც ევროკავშირი ცდილობდა და არც შეერთებული შტატები - ანუ, შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია“, - დააზუსტა პრემიერმა.
„ეს იყო ძალები, რომლებსაც, სამწუხაროდ, ძლიერი გავლენა აქვთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე როგორც ევროკავშირში, ისე შეერთებულ შტატებში“, - თქვა მან.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ეს „გლობალური ომის პარტია“, ევროკავშირი და შეერთებული შტატები ერთი და იგივე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები საქართველოს ზეგავლენის მოხდენის მიზნით ფორმალურ ინსტრუმენტებსაც იყენებენ“, - განაცხადა ასევე მან.
„დიპ სტეიტის მსგავსი, თუმცა არა ზუსტად ის“
ირაკლი კობახიძემ ასევე გაიხსენა შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის განცხადებებ „დიპ სტეიტზე“ და „გლობალური ომის პარტია“ ამ ტერმინს შეადარა:
„ჩვენ მსგავს რამეს ვგულისხმობთ, მაგრამ ეს ზუსტად იგივე არ არის“, - განაცხადა მან.
„ომები მათ ინტერესებში იყო“
მან ასევე გაიმეორა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თავიდან არიდება „ძალიანაც შესაძლებელი იყო“:
„აბსოლუტურად შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს იყო განსხვავებული ძალების ინტერესი, ეს მომხდარიყო. იგივეს ვფიქრობ უკრაინის ომზე, რომელიც რუსეთმა დაიწყო“, - განაცხადა მან.
„რა თქმა უნდა, ეს ომი რუსეთმა წამოიწყო უკრაინაში. თუმცა, ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელი იყო უკრაინაში პირველი ომის, ისევე როგორც მეორე ომის თავიდან აცილება“, - განაცხადა მან.
შემდეგ კვლავ დააზუსტა: „რა თქმა უნდა, ეს ომები რუსეთმა დაიწყო, ისევე როგორც ომი საქართველოში, რომელიც საქართველოს მთავრობაში ოფიციალური სტატუსის მქონე უცხოელმა აგენტებმა დაიწყეს. თუმცა, ამავდროულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამივე ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„გლობალური ომის პარტია“
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა 2022 წლის შემდეგ განავითარეს შეთქმულების თეორია „გლობალური ომის პარტიაზე“.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მოახლოებასთან ერთად, „გლობალური ომის პარტია“ ტერმინ „დიპ სტეიტით“ ჩანაცვლდა და 2025 წლის შემდეგ ორივე ტერმინი გამოიყენება.
თეორიის თანახმად, „გლობალური ომის პარტია“, - რომლის მიზანია მსოფლიო მოსახლეობის 10-ჯერ შემცირება, - აკონტროლებს აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და მრავალი წელია ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც „აგენტოკრატია დაასრულა“.
ამავე შეთქმულების თეორიის მტკიცებით, გლოპ-მა მოახდინა 2008 წელს რუსეთის საქართველოში ინტერვენციის პროვოცირება;
„გლოპის“ მესვეურთა მარიონეტები არიან მიხეილ სააკაშვილი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სალომე ზურაბიშვილი და სხვა მრავალი ფიგურა თუ ორგანიზაცია, რომლებიც „ქართული ოცნების“ „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბრობენ.
ირაკლი კობახიძის მიერ 2024 წლის 14 მაისის განცხადების თანახმად, ბიძინა ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიის“ მიზანში პირველად 2007-08 წლებში მოექცა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…