პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინაში სამი ომის აცილება შესაძლებელი იყო

საქართველოს მთავრობა

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, შესაძლებელი იყო როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს, ისე უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება, თუმცა ეს „გავლენიანი ადამიანების ინტერესებში“ შედიოდა.

კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინაში სამი ომის აცილება შესაძლებელი იყო
ნეტგაზეთი

ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე გლობალური ომის პარტიის შესახებ შეთქმულების თეორიაზე ისაუბრა.

მან კვლავ არ დაასახელა, ვის მოიაზრებენ გლობალური ომის პარტიაში, რადგან ეს „საშიშიაო“.

„ჩვენ არასოდეს დაგვიკონკრეტებია ზუსტად ვინ ვგულისხმობთ გლობალური ომის პარტიაში, მაგრამ ამ ტერმინის უკან ჩვენ ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ ადამიანებს.ნათლად ვამბობთ, რომ ეს გლობალური ომის პარტია და ევროკავშირი და შეერთებული შტატები ერთი და იგივე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ოფიციალურ ინსტრუმენტებსაც იყენებენ, რათა გავლენა მოახდინონ საქართველოზე“, — თქვა კობახიძემ.

კობახიძე ირწმუნება, რომ მის წინამორბედ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ესწრებოდა შეხვედრას, როდესაც ერთ-ერთმა პირმა საქართველოსგან მეორე ფრონტის გახსნა მოითხოვა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი და ჩვენ გვჯერა ამის. მაგრამ ეს პირი იყო პირი ძალიან ძლიერი ოფიციალური სტატუსით. ეს პირი დაკავშირებული იყო ოფიციალურ ოფიციალურ სტრუქტურებთან. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ეს არ იყო ევროკავშირი, რომელიც ცდილობდა ჩვენს ომში ჩათრევას. ეს არ ყოფილა შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია. მაგრამ ეს იყო ძალები, რომლებსაც, სამწუხაროდ, აქვთ ძლიერი გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე ევროკავშირში, მაგრამ ასევე შეერთებულ შტატებშიც. მაგალითად, შეერთებულ შტატებში, ახლანდელი ადმინისტრაცია იყენებს ტერმინს „დიფ სტეიტი“. ჩვენ ვგულისხმობთ რაღაც მსგავსს, მაგრამ ეს ზუსტად იგივე არ არის. მაგრამ ჩვენ არასოდეს ვაკონკრეტებთ რას ვგულისხმობთ ზუსტად ამის უკან, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. რადგან საკმაოდ საშიშია ამ ადამიანებზე ღიად საუბარი. მაგრამ კვლავ, ისინი იყენებენ ოფიციალურ ინსტრუმენტებს, მათ შორის ევროპულ ინსტრუმენტებს, და იგივე ხდებოდა ამერიკული ინსტრუმენტების შემთხვევაში წინა ადმინისტრაციის დროს, რათა გავლენა მოეხდინათ ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო. ჩვენ გვაქვს ძალიან უარყოფითი გამოცდილება ამგვარ მოვლენებთან დაკავშირებით“, — განაცხადა კობახიძემ.

ამ კონტექსტში მან ახსენა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და თქვა, რომ მისი თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ისევე როგორც უკრაინაში ბოლო ომისა.

„მაგრამ სხვადასხვა ძალების ინტერესებში შედიოდა, რომ ეს მომხდარიყო. მე ვფიქრობ, რომ ძალიან შესაძლებელი იყო უკრაინაში პირველი ომის თავიდან აცილებაც, და ასევე, მეორე ომის უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს ომები დაიწყო რუსეთმა, როგორც ომი საქართველოში, რომელიც დაიწყო უცხოელმა აგენტებმა, რომლებსაც ჰქონდათ ოფიციალური სტატუსი საქართველოს მთავრობაში. მაგრამ ამავე დროს, მე ამაში საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელი იყო სამივე ამ ომის თავიდან აცილება: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის, და ასევე ორი რუსეთ-უკრაინის ომის. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთ გავლენიან ადამიანს არ სურდა ამ ომების თავიდან აცილება“, — განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ სურს თბილისს ევროკავშირის წევრობა, თუ ისინი ომის დაწყებას ითხოვენ ან დემოკრატიულ არჩევნებში ერევიან, კობახიძემ უპასუხა, ღირებულება არის ევროკავშირი, და არა კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკოსები ან ბიუროკრატები, რომლებიც დღეს ამ ინსტიტუტებს წარმოადგენენ.

კობახიძე ფიქრობს, რომ საქართველოს როლი ევროპისთვის შესაძლოა უაღრესად მნიშვნელოვანია და შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

„ევროპამ დაკარგა აღმოსავლეთის მიმართულებით არსებული გარკვეული სატრანსპორტო და ეკონომიკური მარშრუტები. ამასთან, ევროპისა და აზიის დაკავშირებადობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპის ეკონომიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა დაკარგა კავშირი რუსეთის ბაზართან, რომელსაც ევროპის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. ევროპამ ასევე დაკარგა წვდომა იაფ ბუნებრივ რესურსებზე. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი კვლავ გრძელდება და ისიც უარყოფითად მოქმედებს ევროპის აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობაზე. ამ ვითარებაში საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ძლიერი კავშირების შენარჩუნება“, — განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე 11-12 ნოემბერს დუბლინში იმყოფება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

12 ნოემბერს ის დაესწრება EPC-ის მე-9 სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.

საქართველო, რომელთანაც ევროკავშირს პოლიტიკური კონტაქტები მინიმუმამდე აქვს შემცირებული, ტრადიციულად მონაწილეობს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით შექმნილ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) სამიტებში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმათზე ღიად საუბარი საკმაოდ სახიფათოა, ამიტომ არ ვაკონკრეტებთ - კობახიძე „გლობალური ომის პარტიაზე“
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: არ ვაკონკრეტებთ ვის ვგულისხმობთ "გლობალური ომის პარტიის" ქვეშ, თუმცა ამ ტერმინით კონკრეტულ ადამიანებს მოვიაზრებთ. ევროპასა და აშშ-ში მოქმედი ეს ძალები ერთი და იგივე არ არის, ეს ადამიანები საქართველოზე გავლენისთვის ოფიციალურ ბერკეტებსაც იყენებენ
  3. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: ხშირად არ ვაკონკრეტებთ, კონკრეტულად ვის ვგულისხმობთ „გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ, თუმცა ამ ტერმინით სრულიად კონკრეტულ ადამიანებს მოვიაზრებთ, ამასთან, როდესაც „გლობალური ომის პარტიაზე“ ვსაუბრობთ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ევროპასა და აშშ-ში მოქმედი ეს ძალები ერთი და იგივე არ არის, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები საქართველოზე გავლენის მოსახდენად ოფიციალურ ბერკეტებსაც იყენებენ
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე:ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები, რომლებიც დღეს ამ ინსტიტუტებს წარმოადგენენ, ჩვენთვის ევროპა ევროპული ფასეულობებია, ევროპული ტრადიციები, ევროპული კულტურა და ცივილიზაცია, სწორედ ამიტომ გვსურს, გავხდეთ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები