რა გაძვირდა და რა გაიაფდა დაპირებული პროდუქტებიდან თებერვლის შემდეგ
ირაკლი კობახიძის მტკიცების საპირისპიროდ, მის მიერ დასახელებულ საკვებ პროდუქტებზე საშუალო ფასები თებერვლიდან ოქტომბრამდე არ შემცირებულა და 0.3%-ით გაიზარდა, რაშიც მთავარი როლი ზეთის და ხორცის გაძვირებამ ითამაშა.

ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მან საკვები პროდუქტის ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარაქი, ყველი, ზეთი, შოკოლადი, მაკარონი და ბრინჯი ქართულ სუპერმარკეტებში 30-180 პროცენტით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საფრანგეთში. ჩამონათვალს კვერცხი მოგვიანებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში დაემატა.
ფასებთან დაკავშირებით ჯერ სამთავრობო, შემდეგ საპარლამენტო კომისია შეიქმნა. დაანონსდა გამოძიებაც და მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სუპერმარკეტებიდან ფინანსური დოკუმენტაციაც კი ამოიღო.
მოგვიანებით კობახიძემ განაცხადა, რომ თებერვლის შემდეგ საკვებ პროდუქტზე ფასების ზრდა შეჩერდა.
საქსტატის ფასები კობახიძის მიერ დასახელებულ პროდუქტებზე
როგორ შეიცვალა ფასები თებერვლის მერე? “ნეტგაზეთმა” ეს ინფორმაცია უშუალოდ სახელმწიფო უწყებაზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე [საქსტატი] დაყრდნობით გადაამოწმა.
საქსტატის პორტალზე ცალკეული დასახელების პროდუქტზე ფასის ცვლილების გარდა ღირებულებაც მითითებულია.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, პროდუქტის ფასები ლარში
ირაკლი კობახიძის მიერ დეკემბერში დასახელებული პროდუქტებიდან, რასაც შემდეგ კვერცხი და ძროხის ხორცი დაემატა, თებერვლიდან ოქტომბრამდე საშუალო ფასები არ შემცირებულა. მეტიც ფასები უმნიშვნელოდ 0.3%-ით გაიზარდა. პროცენტი საშუალო არითმეტიკულითაა გამოთვლილი და არა საშუალო შეწონილით. საერთო 0.3%-იან ზრდაში მთავარი როლი ზეთმა (+8.3%) და ძროხის ხორცმა (+7.4%) ითამაშა. გაიაფების მთავარი ფაქტორი, რამაც გაძვირება დააბალანსა, კარაქი და სპრედია, რომელიც პროცენტულადაც და თანხობრივადაც ყველაზე მეტად გაიაფდა. აღსანიშნავია, რომ საქსტატი კარაქის და სპრედის ფასს ერთ კატეგორიაში აერთიანებს და ითვლის, რაც ართულებს ანალიზის საშუალებას, რომელი უფრო გაიაფდა. კარაქი და სპრედი რეალურად სხვადასხვა შემადგენლობის პროდუქტია.
ცხრილში მოცემული 9 პროდუქტიდან 4 გაიაფდა, 2 პრაქტიკულად უცვლელი დარჩა (იმერული ყველი +1.0%, სულგუნი +0.2%), ხოლო 3 გაძვირდა. საშუალო არითმეტიკული (+0.3%) დადებით ნიშნულზე სწორედ ზეთის, ხორცისა და შოკოლადის მატებამ დაიკავა, რამაც გადაწონა კარაქის, კვერცხისა და მარცვლეულის გაიაფება.
საზოგადოებისთვის ცნობილია, ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ის ირწმუნება, რომ შეუძლია ნახევარი კილო ძროხის ხორცი 10 ლარად აყიდინოს ნებისმიერს. უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ საქსტატის მონაცემებით, ძროხის ხორცი არც მაშინ და არც შემდეგ კგ 20 ლარი არ ღირებულა.
ქვემოთ მოცემულ მეორე ცხრილში მოყვანილ დანარჩენი სასურსათო პროდუქტის ნაწილზე საშუალოდ ფასების 3.7%-იანი მატება დაფიქსირდა. პროდუქტის სხვა ნაკრებზე სხვა ფასნამატი იქნებოდა. ორივე შემთხვევაში პროცენტი საშუალო არითმეტიკულითაა გამოთვლილი და არა საშუალო შეწონილით. რეალური ხარჯის ზრდის დასადგენად, აუცილებელია მოხმარების სიხშირის განსაზვრაც.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, პროდუქტის ფასები ლარში
საკვები პროდუქტის ფასები სუპერმარკეტებში
რამდენად რეალურია საქსტატის სტატისტიკაში მითითებული ფასები? ყველა დიდი ქსელური სუპერმარკეტის ფასები ონლაინ არ იძებნება. „2 ნაბიჯი“ შედარებით ბიუჯეტურ ქსელად ითვლება, 200-გრამიანი კარაქი „პრეზიდენტი“ ₾11.30 ღირს, რაც 1 კგ-ზე ₾56.5 გამოდის. იგივე კარაქი აგროჰაბში ₾12.95 ღირს, ანუ კგ ₾64.75, იმავე აგროჰაბში სხვა 200-გრამიანი კარაქების ფასი (სანტინო, ლუპრაკი, ვალიო) 12.8-16.9 ლარის ფარგლებში მერყეობს. ანუ კგ 64-85 ლარი. არსებობს გამონაკლისებიც შატილის კარაქი 2 ნაბიჯში 6 ლარი ღირს, ანუ კგ 30 ლარი, ხოლო აგროჰაბში კარაქი სახელად „ფერმა“ ₾7.95-ად იძებნება, კგ თითქმის 40 ლარი.
საქსტატის დასახელებაში სინამდვილეში წერია არა „კარაქი,“ არამედ „კარაქი და სპრედი.“ სპრედი კი სუფთა კარაქი არ არის და მცენარეულ ცხიმებსაც შეიცავს, შემადგენლობით ის შეიძლება მარგარინთან უფრო ახლოს იდგეს ვიდრე კარაქთან. 2 ნაბიჯში 200-გრამიანი სპრედი სახელწოდებით ოდა ₾2.65 ღირს, ანუ კგ ₾13.25.
პოპულარული შოკოლადის „ალპენ გოლდ“-ის 85 გრამიანი ფილა 2 ნაბიჯში ₾4.10 ღირს, თუ მას 100 გრამზე გადავიყვანთ ₾4.83-ს მივიღებთ. 90-გრამიანი „მილკას“ ფასი ₾5.40-ია, ანუ 100 გრამი 6 ლარი. აგროჰაბში 68%-იანი და 90-გრამიანი „ბარამბოს“ ფასი 6.20 ლარია, გუდვილში კაკაოს 85%-იანი შემცველობის „ბარამბოს“ ფასი 7.25-ს შეადგენს. 100-100 გრამებზე 6.90-სა და 8 ლარს ვიღებთ. ეს მაქსიმუმი არაა, ზოგიერთი დასახელების იმპორტირებული შოკოლადის ფილის ფასი 100 გრამზე 10-15 და იშვიათ შემთხვევაში 20 ლარზეც ადის.
საქსტატის მიერ მითითებულ ფასებში პროდუქცია ნამდვილად იძებნება, თუმცა დასახელებული ფასები უფრო მეტად მინიმალურთანაა ახლოს ვიდრე თუნდაც საშუალო არითმეტიკულთან. იგივე მიდგომა ვრცელდება ხორცზეც, პურზეც და პრაქტიკულად ყველა სახის პროდუქტზე. რა არის საშუალო შეწონილი ფასი უცნობია. მის დასადგენად საჭიროა იმ ინფორმაციის ფლობაც, თუ რომელი დასახელების პროდუქტი რა ოდენობით იყიდება. ასეთი ინფორმაციის გარეშეც, ცხადია, რომ 5-7 ლარიანი შოკოლადის ფილა რაოდენობრივად უფრო მეტი გაიყიდება ვიდრე 15-20 ლარიანი.
ქსელური სუპერმარკეტების ნაწილს მიმდინარე ფასები აქვს მითითებული, მაგრამ არქივი არ იძებნება, რის გამოც ღია წყაროებით შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტული დასახელების ზეთი, მაკარონის შეფუთვა თუ შოკოლადის ფილა რამდენი პროცენტით გაძვირდა კონკრეტული დასახელების სუპერმარკეტის ქსელში ბოლო ერთ ხუთ თუ ათ წელიწადში. საქსტატის ძირითადი ორიენტირი დაბალფასიანი პროდუქტია, რომელიც შესაძლოა მოხმარების სიხშირიდან გამომდინარეობცდეს. თუ პირობითად 4-ლარიანი შოკოლადი 5 ლარი გახდა, უცნობია 8-ლარიანი შოკოლადიც იმავე პროპორციით 10 ლარი გახდა, 9 ლარი თუ 11ლარი ან მეტი.
ინფლაცია საკვები პროდუქტების მთლიან ჯგუფზე
რეალურად სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი უფრო ფართოა და 92 დასახელების პროდუქტს აერთიანებს. როგორ შეიცვალა მთლიანი ჯგუფის ფასები?
თუ სურსათის ჯგუფის ოქტომბრის ფასებს თებერვლის ფასებთან შევადარებთ 0.3%-იან კლებას მივიღებთ.
თუ შედარებას წინა წლის შესაბამის თვესთან გავაკეთებთ, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრად უფრო გამართლებულია, მაშინ, აღმოჩნდება, რომ მიმდინარე წელს, მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები საშუალოდ 5.3%-ით, ხოლო უშუალოდ ოქტომბერში 3.1%-ით გაიზარდა.
3.1% ოქტომბერში დაფიქსირებულ 5.9%-იან ზოგად ინფლაციაზე ბევრად ნაკლებია, თითქმის ნახევარი, მაგრამ აქ საბაზო პერიოდია მნიშვნელოვანი. 2025 წლის ოქტომბერში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქტი 11.7%-ით გაძვირდა, გამოდის რომ ორწლიან პერიოდში სამომხმარებლო ფასები 11.4%-ით გაიზარდა, სურსათის ფასები კი 15.2%-ით.
ზოგადი ინფლაცია და ინფლაცია სურსათზე წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

14-დან 10 შემთხვევაში სურსათზე ფასები საშუალოზე სწრაფად იზრდებოდა, ამის გამო სურსათზე ფასების ჯამურმა ზრდის ტემპმა მნიშვნელოვნად გაუსწრო საშუალო ინფლაციას.
ინფლაცია სასაქონლო ჯგუფების მიხედვით
სულ 2013 წლის იანვრიდან 2026 წლის ოქტომბრის ჩათვლით სამომხმარებლო ფასები 86%-ით გაიზარდა, მათ შორის სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 125%-ით (სურსათზე 127%-ით და უალკოჰოლო სასმელებზე 116%-ით). ეს კი ნიშნავს შემდეგ, რომ 2026 წელს 1000 ლარით იმდენივე პროდუქტისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი რამცენისთვისაც 2012 წელს 538 ლარი საკმარისი იქნებოდა, მხოლოდ საკვების შესაძენად კი 444 ლარი.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ინფლაცია სასაქონლო ჯგუფების მიხედვით
ქვეჯგუფების მიხედვით, ყველაზე მეტად 358%-ით თამბაქოს ნაწარმია გაძვირებული, რაც ძირითადად აქციზის საფასურის მკვეთრი ზრდით აიხსნება.
ყურადღებას იქცევს განათლების ჯგუფიც. 2026 წელს ოფიციალურად განათლების ხარჯების 12%-ით შემცირდა, რისი მიზეზიც უმაღლესი განათლების ხარჯების 33%-ით შემცირება გახდა. თავად უმაღლესი განათლების ხარჯი კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის სრულად ბიუჯეტიდან დაფინანსების გამო შემცირდა. რადგან სტუდენტს გადახდა თავის ჯიბიდან აღარ უწევს, შეიძლება ეს გაიფებად მაინც ჩაითალოს, ოღონდ აქ ერთი დეტალია, კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფო გრანტი გაუქმდა, რის გამოც, ვინც 2026 წელს მაღალი ქულებით ჩააბარა კერძო უნივერსიტეტში, მათი ხარჯი გაიზარდა. ამ ფონზე უმაღლესი განათლების მაინც 33%-ით გაიაფება რამდენად რეალურია, გარკვეულ კითხვებს აჩენს.
სამომხმარებლო კალათა 305 დასახელების პროდუქტსა და მომსახურებას აერთიანებს. მათგან ფუფუნების საგანი არც ერთი არაა, შესაბამისად მოსახლეობისთვის ფასების ცვლილება თითოეულზე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა არის განსაკუთრებული მნიშვნელობის პროდუქტებიც.
დაბალშემოსავლიანმა ადამიანმა შეიძლება ფული გართობაზე ან ავეჯზე დაზოგოს, მაგრამ საკვებზე ეკონომია მის ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება. რაც უფრო ნაკლებია ადამიანის შემოსავალი, პროცენტულად მით მეტია მისი დანახარჯი სურსათზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2013-2026 წლებში ღარიბების ცხოვრება სხვებზე მეტად გაძვირდა, რადგან ინფლაციამ საკვებ პროდუქტებზე ზოგად ინფლაციას თითქმის 1.5-ჯერ გადააჭარბა.
ბირჟებზე ნავთობის ფასი მცირედით შემცირდა, მაგრამ გაურკვევლობა ისევ ნარჩუნდება, გარდა ამისა, სემეკი დეკემბერში ბუნებრივი გაზის ტარიფის გადახედვას გეგმავს, გადახედვაში მაღალი ალბათობით გაძვირება იგულისხმება, რაც სხვა თანაბარ პირობებში ინფლაციაზე უარყოფითად აისახება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…