ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„დისტრიბუტორებსა და სუპერმარკეტებს ჰქონდათ სივრცე, რომ ფასები აღარ გაეზარდათ“ - კობახიძე

საქსტატი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დისტრიბუტორებსა და სუპერმარკეტებს ჰქონდათ რესურსი, შეეცერებინათ ფასების ზრდა და თებერვლიდან ინფლაციის მაჩვენებელი თითქმის განულდა. მისი თქმით, ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას მიწოდების ჯაჭვის დამოკლებაზე და ბაზარზე არსებულ ვითარებაზე.

„დისტრიბუტორებსა და სუპერმარკეტებს ჰქონდათ სივრცე, რომ ფასები აღარ გაეზარდათ“ - კობახიძე
„დისტრიბუტორებსა და სუპერმარკეტებს ჰქონდათ სივრცე, რომ ფასები აღარ გაეზარდათ“ - კობახიძეBM.GE

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ასევე საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხია ფასები, რაც პირდაპირ აწვება ადამიანის ჯიბეს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, გასულ წელს იყო საკმაოდ მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი კონკრეტულად სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, რაც მედიკამენტებთან ერთად ადამიანებისთვის მთავარი პროდუქტია.

„დაახლოებით 8%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი იყო შარშან. 8%-იანი ინფლაცია არის საკმაოდ დიდი, მიუხედავად იმისა, რომ შარშანაც ხელფასის საშუალო მატებამ გადაასწრო ფასების მატებას, ამის მიუხედავად ადამიანებისთვის ტვირთად იქცა დამატებით საშუალო 8%, რომელსაც ისინი იხდიდნენ გასული წლის განმავლობაში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებში.

საბოლოო ჯამში, იმ პროცესმა, რომელიც დავიწყეთ, ეს პროცესიც თავის ტკივილი იყო, როდესაც ფასებს ეხები, ურთულეს პრობლემას ეჯახები ერთი მარტივი მიზეზის გამო, ზოგადად, ეკონომიკურად ასეა, რომ ფასები ყოველ წელს იზრდება. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ფასები მცირდება. შეიძლება იყოს 1 წელი, მაქსიმუმ 2 წელი დეფლაცია, სხვა შემთხვევაში უკლებლივ ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად ფასები იზრდება და ეკონომიკურად მიიჩნევა, რომ ოპტიმალური მაჩვენებელი ფასების ზრდის არის 3%, თუმცა, რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის, ეს 3%-იც მტკივნეულია.

ამიტომ, ხელისუფლება ეჯახება ისეთ პრობლემას, რომელიც პრინციპულ გადაწყვეტას არ ექვემდებარება. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ყოველწლიურად, საშუალოდ 2-3%-ით მაინც მინიმუმ არ იზრდება, პირიქით, 2-დან 3%-მდე ზრდა კონკრეტულად, მათ შორის სურსათზე და უალკოჰოლო პროდუქტებზე ითვლება, რომ არის ყველაზე ჯანსაღი ზრდა. 2%-ზე ნაკლები არაჯანსაღიც არის, არასასურველია. წარმოიდგინეთ, ასეთი პარადოქსული მოვლენაა, რომ წესით 2-3%-ით ყოველ წელს უნდა იზრდებოდეს სურსათზე ფასები, რაც მტკივნეულია საზოგადოებისთვის და შენ გამოდიხარ ამ დროს ინიციატივით, რომ მაქსიმალური საპირისპირო ზემოქმედება განახორციელო ფასებზე“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თებერვლიდან მოყოლებული, ფასების ზრდის მაჩვენებელი თითქმის 0-ზეა გასწორებული.

შეგახსენებთ, 2026 წლის სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9%), პური და პურპროდუქტები (6.9%), ზეთი და ცხიმი (4.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (4.6%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.4%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-4.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6%);

„საბოლოო ჯამში, შედეგები რომ გითხრათ, შეგიძლიათ დააკვირდეთ ამ მოვლენების გაშუქებას, მათ შორის ოპოზიციური არხების მხრიდან. თავის დროზე, ხშირად გამოჰქონდათ ხოლმე, ყოველთვე საქსტატის მონაცემები და ბოლო პერიოდში მაქსიმალურად ერიდებიან საქსტატის მონაცემების გამოქვეყნებას, იმიტომ, რომ ჩვენ თუ გვქონდა შარშანდელი წლის განმავლობაში დაახლოებით 8%-იანი ინფლაცია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, იანვარშიც იყო სამწუხაროდ მაღალი მაჩვენებელი, წინა თვესთან შედარებითაც კი ზრდა იყო 2.3%. იანვარიც იყო პრობლემური ამ კუთხით, სურსათზე ფასების ზრდის კუთხით, თუმცა, თებერვლიდან მოყოლებული რომ ნახოთ ფასების ზრდის მაჩვენებელი, რეალურად, თითქმის 0-ზეა გასწორებული, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, ის აღმოჩნდა საკმაოდ რეალური.

რეალურად, ჰქონდათ, როგორც დისტრიბუტორებს, ასევე სუპერმარკეტებს სივრცე იმისათვის, რომ მინიმუმ ფასები აღარ გაეზარდათ. რეზერვი, რესურსი არსებობდა. შესაბამისად, რაც არის ჯანსაღი ზრდის მაჩვენებელი 2-3%, ამ ფარგლებშიც კი აღარ ფიქსირდება ინფლაცია თებერვლიდან მოყოლებული. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ შევინარჩუნოთ ეს ტენდენცია, არ გაიზარდოს ფასები, პირველ რიგში სურსათზე, უალკოჰოლო სასმელებზე და მედიკამენტებზე, სადაც მოხერხდება შემცირება, ესეც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.

მედიკამენტებზე შედარებით ადვილია ჩარევა გამომდინარე იქიდან, რომ შეგიძლია რეფერენტული ფასები დაადგინო, რაც იწვევს კონკრეტული კატეგორიის მედიკამენტებზე ფასების გათანაბრებას, დაბალ დონეზე შენარჩუნებას. სურსათზე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვერ დაუდგენ ვერცერთ მაღაზიას ფასებს, ასეთი პრაქტიკა წარმოუდგენელია დემოკრატიულ და საბაზრო ეკონომიკაზე აგებულ სისტემაში. რაც ჩვენ შეგვეძლო, მაქსიმალურად ჩავერიეთ.

ამის გარდა არსებობს საშუალოვადიანი ამოცანები, მათ შორის, შეიძლება დამოკლდეს მიწოდების ჯაჭვი, რასაც სჭირდება რამდენიმეწლიანი ინვესტიციები. იმისათვის, რომ შუაში არ იყოს ბევრი რგოლი დამატებული, რაც იწვევს ფასების ზრდას, შესაძლებელია მიწოდების ჯაჭვის დამოკლება, ეს არის დაახლოებით 5-წლიანი ამოცანა. ამაზეც მუშაობს როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი. ამანაც დამატებით შეიძლება გამოიწვიოს ინფლაციური პროცესების შენელება.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჯანსაღი მაჩვენებელი გვქონდეს წლიდან წლამდე ინფლაციის კუთხით. მთავარი პრობლემა რა არის, როდესაც ფასები მიდის უკან დეფლაციის პირობებში, წარმოებას და მწარმოებელს ექმნება პრობლემა იმიტომ, რომ შენ იძულებული ხარ, როგორც მწარმოებელი, გაზარდო ხელფასები, გეზრდება სხვა ხარჯები სხვადასხვა მიმართულებით, ამას თუ არ ეწევა სურსათზე ფასები, ამ შემთხვევაში უკვე წარმოება შეიძლება დაიხუროს სხვადასხვა მიმართულებით.

ჩვენი ამოცანა არის, რომ შევინარჩუნოთ დღევანდელი ტენდენცია და შარშანდელისგან განსხვავებით წლევანდელი მაჩვენებელი იქნება ბევრად უკეთესი, ანუ შარშან თუ გვქონდა დაახლოებით 8% სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია, თებერვლიდნ მოყოლებული ეს მაჩვენებელი არის თითქმის ნულთან ახლოს. მთავარია, რომ ეს ტენდენცია იყოს შენარჩუნებული, რაც იოლი არ არის გლობალური პროცესების პირობებში, საწვავზე ფასები გაიზარდა, ბევრ სხვა პროდუქტზე გლობალურად გაიზარდა ფასები, თუმცა რაც მოვახერხეთ, იმედი გვაქვს, შევინარჩუნებთ ასეთ ტენდენციებს“, - განაცხადა პრემიერმა.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროები კომისია ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და ბაზრის სპეციფიკის გარკვევაზე სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. კომისიის დასკვნის თანახმად, სექტორში ფასის ფორმირება წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს, რომელიც მწარმოებლების, იმპორტიორების/დისტრიბუტორებისა და საცალო ქსელების ერთობლივი გავლენით განისაზღვრება. ამასთან, ფასი არ ყალიბდება მხოლოდ თვითღირებულებაზე ან მარჟებზე დაყრდნობით, არამედ ის „მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საბრუნავი კაპიტალის ღირებულებაზე, კომერციულ პირობებზე, ლოგისტიკაზე და გარე ეკონომიკურ ფაქტორებზე”.

შეგახსენებთ, „ფასების კომისიის“ შექმნას და ასევე, სუს-ის მიერ ფასების საკითხის გამოძიების დაწყებას წინ უსწრებდა სწორედ ირაკლი კობახიძის ვიდეო-განცხადება, რომელშიც მან ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში სასურსათო პროდუქტების ფასები ერთმანეთს შეადარა და გამოთქვა ეჭვი, რომ ქართული ბიზნესები „გადაჭარბებული ფასნმატით“ მუშაობდნენ. მეტიც, კომპანიებს შორის კარტელური გარიგებების არსებობაც არ გამორიცხა და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სიღრმისეულად შეესწავლათ საკითხი, რათა დაედგინათ, ხომ არ იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.