პაატა კვიჟინაძე: ეროვნული ბანკი ერთ-ერთი საუკეთესოა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი ერთ-ერთი საუკეთესოა, რეზერვებმა 8 მილიარდ 25 მილიონს გადააჭარბა, ხოლო ე.წ. ცუდი სესხები 2.4%-მდე შემცირდა.

"საერთაშორისო შეფასებების მიხედვით, ეროვნული ბანკი ერთ-ერთი საუკეთესოა," - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ საპარლამენტო სესიაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის "2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები" განიხილეს. თანამომხსენებელმა რამდენიმე მონაცემზე ისაუბრა, რომელიც ეროვნული ბანკის წარმატებულ საქმიანობის ადასტურებს.
"რამდენიმე მონაცემს გეტყვით და თვითონ განსაჯეთ, ლარის კურსი მყარია, რეზერვებმა ბოლო მონაცემებით 8 მილიარდ 25 მილიონს გადააჭარბა, რაც აკმაყოფილებს როგორც სავალუტო ფონდის, ისე საქართველოს კანონმდებლობას და პირიქით, მეტიც არის. ე.წ. ცუდი სესხები ჩამოსულია 2.4%-ზე, შედარებისთვის 2012 წელს ეს მაჩვენებელი იყო 12%, 2020 წელს 8-9%, ეს არის დაახლოებით ევროპული სტანდარტი, ევროპაში არის ქვეყნები, რომელსაც მეტი აქვს. მაგალითად: იტალია, ავსტრია და არის ნაკლებიც. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ვითარდება, პრობლემები ნაკლები აქვს საწარმოებს და ვალს იხდიან.
2015 წელს ბანკებს ჰქონდათ გაცემული 16 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი, დღეს არის 78 მილიარდზე მეტი. მაშინ პროცენტულად დოლარში იყო 65, ახლა არის 41%. უფრო მეტი არის ბიზნეს სესხები. რაც შეეხება ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტებს-2015 წელს იყო 14 მილიარდი ლარი, დღეს არის 77 მილიარდ 400 მილიონი. აქედან 39 მილიარდზე მეტი ფიზიკური პირების არის, მათ შორის 13 მილიარდი ლარი არა რეზიდენტების. კარგია, რომ უცხოელებიც ენდობიან ქართულ ბანკებს და ანთავსებენ ფულს, ხოლო დაახლოებით 26 მილიარდი ლარი, ანუ 10 მილიარდი დოლარი ფიზიკურ პირებს, ქართველებს უდევთ ანგარიშზე. 10 მილიარდი დოლარი, წარმოგიდგენიათ? დოლარიზაცია 70% იყო , ახლა 43%-ზე ნაკლებია. ანუ პროცესები მიდის ნორმალურად და გამართულად", -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
"რაც შეეხება ინფლაციას ყველასთვის ცნობილია, რომ არსებული მაჩვენებელი საგარეო ფაქტორებს უკავშირდება, მაგრამ მაინც რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. დეფლატორი 3%-ზე მეტი არ არის.
ასევე უნდა ითქვას, რომ 2015 წელს ევროპაში და აშშ-ში ინფლაცია იყო 0, 2%-ზე ნაკლები, ახლა თითქმის 4%-ია, ზუსტად იმ პროცესების გამო, რაც ხდება მსოფლიოში და ჩვენ 3% როგორ როგორ დავრჩებოდით? თუ ყველაფერი ნორმალურად წავიდა და ნავთობის ფასები დაეცა, ყველაფერი ჩაჯდება თავის ნორმაში. ჩვენზე მეტად ამით ისეთი ქვეყნებია დაინტერესებული, როგორიც არის ამერიკა, ევროპაში, ხომ ვხედავთ, რაც ხდება? ფაქტია, რომ ქვეყნიდან ეს პრობლემა არ მოდის, თუნდაც იმიტომ, რომ მთავარი მაჩვენებელი ბიუჯეტის დეფიციტი, მთავრობის ვალი ნორმაშია და ერთ-ერთი საუკეთესოა"- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…