ევროპის ტელეკომპანიებმა დანაღმვის შესახებ მუქარები მიიღეს “მიხეილ ანდროპოვისგან”
ირლანდიაში, ბულგარეთსა და დიდ ბრიტანეთში ტელეკომპანიების რედაქციებიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა ბომბის აფეთქების მუქარების გამო, რომლებიც „მიხეილ ანდროპოვის“ სახელით გაიგზავნა. ანალოგიური ცრუ შეტყობინებების გამო ევროპაში 19 ავიარეისიც შეფერხდა.

6 ნოემბერს ტელეკომპანიების რედაქციებიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა ირლანდიაში, ბულგარეთსა და დიდ ბრიტანეთში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რედაქციებმა ელექტრონული ფოსტით ბომბების აფეთქების მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს. Reuters-ის ცნობით, შეტყობინებები ხელმოწერილი იყო „მიხეილ ანდროპოვის“ სახელით.
შეტყობინებებში ნათქვამი იყო, რომ „დრო ჩაირთო“, - წერს სააგენტო Reuters, რომლის მიხედვითაც, განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია და დროებით შეჩერდა მაუწყებლობა.
მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს ირლანდიურმა ტელერადიოკომპანია RTE-მ, ბრიტანულმა ტელეარხმა Sky-მ, ბულგარულმა კერძო ტელეარხმა Nova-მ და სხვა მაუწყებლებმა. არც ერთ მათგანში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩენილა.
Reuters-ის ცნობით, ზოგიერთ ტელეკომპანიაში მაუწყებლობის შეწყვეტა სამ საათამდე გაგრძელდა.
სააგენტო Reuters-ს მოჰყავს წერილის ნაწყვეტი, რომელიც ტელეარხების Nova-სა და RTE-ის რედაქციებმა მიიღეს: „გვინდა, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს ჩვენ შესახებ, ამიტომ ჩვენმა ერთ-ერთმა ოპერატიულმა თანამშრომელმა თქვენს შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა. ის 45 წუთში აფეთქდება. დრო ჩაირთო“.
სააგენტოს თქმით, ამ დროისთვის უცნობია, ვინ დგას ცრუ მუქარების უკან. თუმცა, Reuters-ის ცნობით, RTE-ისა და Nova-თვის გაგზავნილ წერილებს ხელს აწერდნენ „მიხეილ ანდროპოვის“ სახელით. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს გვარი ემთხვევა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი გენერალური მდივნის, იური ანდროპოვის, გვარს.
როგორც DW (“გერმანული ტალღა”) წერს, ამ ინციდენტს წინ უძღოდა ასევე ცრუ შეტყობინებები თვითმფრინავების ბორტებზე ბომბების არსებობის შესახებ. საუბარია ევროპის ქვეყნებს (ავსტრიას, ბელგიას, ბულგარეთს, ესპანეთს, იტალიასა და სხვა ქვეყნებს) შორის შესრულებულ 19 ავიარეისზე.
ზოგიერთი თვითმფრინავი სხვა ქალაქებში გადაამისამართეს. კერძოდ, ირლანდიური ავიაკომპანია Aer Lingus-ის რეისი დუბლინი-რომი, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, საფრანგეთში გადაამისამართეს და პარიზიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე სამხედრო აეროდრომზე დასვეს.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მიჰოლ მარტინმა განაცხადა, რომ ევროპის სპეცსამსახურებს ჯერ არ დაუდგენიათ, არის თუ არა მედიასაშუალებებისა და ავიარეისების წინააღმდეგ მიმართული მუქარები კოორდინირებული თავდასხმის ნაწილი.
„ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რამდენად ადვილია მსგავსი არასტანდარტული მოქმედებებით დეზორგანიზაციის გამოწვევა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა. მათი მიზანია ქაოსის შექმნა, შიშისა და შეშფოთების დათესვა“, - განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
ციტატები სტატიიდან
„გვინდა, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს ჩვენ შესახებ, ამიტომ ჩვენმა ერთ-ერთმა ოპერატიულმა თანამშრომელმა თქვენს შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა. ის 45 წუთში აფეთქდება. დრო ჩაირთო“
„ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რამდენად ადვილია მსგავსი არასტანდარტული მოქმედებებით დეზორგანიზაციის გამოწვევა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა. მათი მიზანია ქაოსის შექმნა, შიშისა და შეშფოთების დათესვა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…