ანდრო გოცირიძე: რუსეთის, თურქეთისა და ირანის გარანტიით ნეიტრალიტეტი ნიშნავს საქართველოს გადასროლას მე-18 საუკუნის პოზიციაში, როდესაც სამხრეთ კავკასიას ცალსახად ეს სამი სახელმწიფო (იმ პერიოდის ფორმაციით) ინაწილებდა
ანდრო გოცირიძე: ცხადია, ამ ნეიტრალიტეტის და 3+3 ფორმატის თავსმოხვევით, რუსეთი ცდილობს დასავლეთი მყარად გაისტუმროს რეგიონიდან და შემდგომ მიაღწიოს მინიმუმ საქართველოს სრულ მიერთებას. საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, რომელშიც ზოგიერთი უცნაური ადამიანი ეკონომიკურ და კულტურულ პროგრესს ხედავს, ახლა რუსეთს ჩვენი მიერთება საერთოდ არ სურს- არც პუტინს და არც მის მუნდირიან თუ კასტუმიან ოლიგარქებს საქართველოს დოტაცია არაფრად სჭირდებათ.

ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის (CYSEC) დამფუძნებელი:
რუსეთის, თურქეთისა და ირანის გარანტიით ნეიტრალიტეტი ნიშნავს საქართველოს გადასროლას მე-18 საუკუნის პოზიციაში, როდესაც სამხრეთ კავკასიას ცალსახად ეს სამი სახელმწიფო (იმ პერიოდის ფორმაციით) ინაწილებდა.
ირანს და ოსმალეთის იმპერიას მანამდეც ჰქონდა გაყოფილი საქართველო ამასიის ზავით, მე-18 საუკუნიდან კი რუსეთი სულ უფრო მტკიცედ დგამდა ფეხს კავკასიაში და სულ უფრო დიდ ნაწილს ითვისებდა კარგად დაგეგმილი და ცოდნაზე დაფუძნებული სადაზვერვო თუ სამხედრო ოპერაციებით.
სამწუხაროდ, საქართველო ამ პერიოდს რამდენიმე სამთავრო-სახელმწიფოდ დაშლილი დახვდა და ამ სამთავროებში ინტელექტუალური, ტექნიკური პოტენციალი თუ სოციალური ურთიერთობები შუა საუკუნეების, ბატონყმურ ფორმაციას არ სცდებოდა. ცხადია, ეს აისახებოდა ამ სამეფოების სამხედრო პოტენციალზეც, დაზვერვით დაწყებული, არტილერიით და ცოცხალი ძალის მომზადებით დასრულებული.
ახლაც, ცხადია, ამ ნეიტრალიტეტის და 3+3 ფორმატის თავსმოხვევით, რუსეთი ცდილობს დასავლეთი მყარად გაისტუმროს რეგიონიდან და შემდგომ მიაღწიოს მინიმუმ საქართველოს სრულ მიერთებას. საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, რომელშიც ზოგიერთი უცნაური ადამიანი ეკონომიკურ და კულტურულ პროგრესს ხედავს, ახლა რუსეთს ჩვენი მიერთება საერთოდ არ სურს- არც პუტინს და არც მის მუნდირიან თუ კასტუმიან ოლიგარქებს საქართველოს დოტაცია არაფრად სჭირდებათ.
კიდევ ერთი "ვაია" მანდ, კულტურულ ჭრილში: არც რუს ქალებს ვჭირდებით მაინდამაინც, - საკუთარი არყით და მონობით დაიმპოტენტებული კაცების ჩასანაცვლებლად ტემპერამენტიან და ფულიან სამხრეთელებთან შეხება სხვაგანაც აქვთ და ლობიო, ყურძნის არაყი და ჩურჩხელა-გოზინაყიც იშოვება ბაზარზე. ამიტომ, მხოლოდ ოკუპაცია შეგვრჩება (კი, ბატონო, ანსამბლ პესნი ი პლიასკიც) და კიდევ, ხიდის ფუნქციას ევროპასთან დაკავშირებადობაში კი არ შევასრულებთ, არამედ რაღაც ნაწილს თურქულენოვან სახელმწიფოში მოუწევს ყოფნა.
ყველაზე დიდი სიფრთხილით აქ თურქეთის ხსენებას ვეკიდები: ჯერ ერთი, რომ თურქეთის რესპუბლიკა ოსმალეთის იმპერია არ არის და მეორეც, თურქეთს ფასდაუდებელი დახმარება აქვს აღმოჩენილი საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, მაგრამ უნდა გვესმოდეს: თურქეთი მხოლოდ რეგიონში დასავლეთის მტკიცე არსებობის პირობებშია ჩვენდამი მეგობრულად განწყობილი, თორემ დასავლეთის გასვლისას წარმოქმნილ ვაკუუმს რუსეთს და ირანს რომ არ შეავსებინებს, ეს მესამე კლასის მოსწავლემაც იცის.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…