ზურაბ პატარაძე თურქეთის გენერალურ კონსულს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის გენერალურ კონსულ იაშარ ერგუნს შეხვდა, სადაც მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებსა და ბათუმი-სარფის მაგისტრალის პროექტზე იმსჯელეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრისას, ზურაბ პატარაძემ იაშარ ერგუნს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებასა და ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარების ხელშეწყობაზე. ზურაბ პატარაძემ მიმდინარე წელს თურქეთის რესპუბლიკაში წარმატებული ვიზიტის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა შავი ზღვისპირა რეგიონებს შორის მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობას.
ტურიზმის მიმართულებით საუბარი შეეხო აჭარაში თურქეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას და პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების განვითარებას. აღინიშნა ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალის პროექტის მნიშვნელობაც, რაც საზღვრის მიმართულებით გადაადგილების გამარტივებას, ტვირთბრუნვის ზრდას და რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გენერალურმა კონსულმა თავის მხრივ ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა, მათ შორის, სამედიცინო და საქმიანი ტურიზმის განვითარებაზე, კონგრესების გამართვასა და ამ მხრივ გამოცდილების გაზიარებაზე.
მხარეებმა ისაუბრეს კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირებზეც, უნივერსიტეტებს შორის არსებულ პარტნიორობაზე, სახელოვნებო გაცვლითი პროექტებისა და ერთობლივი ღონისძიებების მხარდაჭერაზე.
შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ მწუხარება გამოთქვა იზმირში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.
შეხვედრას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე და ადმინისტრაციის უფროსი გოჩა ჯაში ესწრებოდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…