დასკვნები სანიოლის სიაზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
საქართველოს ეროვნული ნაკრები უნგრეთთან და უკრაინასთან მატჩებს ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაატარებს. გუნდის შემადგენლობაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე კონკურენცია გაიზარდა, თუმცა ნახევარდაცვაში კვლავ საკადრო პრობლემები რჩება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გამოცხადდბა ყოველთვის საინტერესოა, გვაქვს დიდი რესურსი და ალტერნატივები თუ არა; მუდამ არსებობს საკამათო გადაწყვეტილებები. უნგრეთთან და უკრაინასთან მატჩებმა უნდა გვაჩვენოს, საით მიდის ჩვენი ეროვნული გუნდი ახალი მწვრთნელის ხელში, სად ვიქნებით მომავალ "ერთა ლიგაზე" და როგორ მოვემზადებით შესარჩევი ეტაპისთვის. სამწუხაროდ, ამის გაკეთება ლიდერისა და კაპიტნის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოგვიწევს.
სად გაიზარდა და სად მოიკლო

წინა შეკრებაზე აშკარად ჩანდა, ვილი სანიოლმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე კონკურენცია საერთოდ არ შექმნა, თუკი გუნდი 4 უკანახაზელით ითამაშებდა. რამაზ სვანაძემ გააკეთა ის, რაზეც აქამდეც გვისაუბრია და გიორგი მაისურაძე მიიწვია. მას უკრაინაში ბოლოს ისეთი პერიოდი არ აქვს, როგორც მანამდე, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი მცველია, ანგარიშგასაწევ გუნდში სათამაშო გამოცდილებით. 24 წლის ფლანგელმა უახლოეს ორ მატჩში დრო უნდა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ზედიზედ ოთხი 90 წუთის შემდეგ, ოთარ კაკაბაძემ კლუბში რამდენიმე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ის ახლა კაპიტნის სამკლავურითაც უნდა ვნახოთ.
რაც მარჯვენა ფრთაზე ვთქვით, მარცხნივ ფაქტობრივად, პირიქითაა. როგორც ჩანს, სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, 4 მცველის პირობებშიც, ირაკლი აზაროვი უალტერნატივო იყოს. ამის დრო უნდა დამდგარიყო, სვანაძე 24 წლის ფეხბურთელის შესაძლებლობებს კარგად იცნობს. დაანონსებულ სიახლეს, რომ დაცვიდან ბურთი უნდა ამოვიტანოთ, მშვენივრად ერგება. მთავარი სამუშაო დაცვასა და შეტევას შორის ბალანსზე იქნება და პრობლემა "შახტარში" აზაროვის ნაკლები პრაქტიკაცაა. მოლოდინი იყო სიაში 30 წლის გურამ გიორბელიძის დაბრუნების, მაგრამ უფრო გასაკვირი თურქეთიდან 18 წლის საბა ხარებაშვილის არმიწვევაა, ვინც პროგრესირებს, მონდომებულია და სანაკრებო პრაქტიკა ძალიან გამოადგებოდა. ერთხელაც დავაზუსტებთ: ჩვენ კონკრეტულ გვარებზე მეტად კონკურენციის არარსებობა გვაფიქრებს. თუკი ისევ ლუკა ლოჩოშვილის ან ჯიმი ტაბიძის ფლანგზე თამაში განიხილება, ეს მოლოდინს, რომ ტაქტიკა და შეტევის წარმართვის გეგმა უნდა შევცვალოთ, დიდად არ ესადაგება.
დასკვნა: მარჯვნივ კონკურენცია გაიზარდა, მარცხნივ - შესუსტდა.
საჭიროება და ფავორიტობა

ის, რომ საქართველოს ნაკრებს ნახევარდაცვაში საკადრო პრობლემები აქვს და სიახლეები სჭირდება, სექტემბერშიც დავწერეთ. როცა სიაში სანდრო ალთუნაშვილი და ნოდარ ლომინაძე ვივარაუდეთ, მაშინ ბევრს გაუკვირდა, კიდეც.
ფაქტია, ვითარება გაუარესდა, ოთარ კიტეიშვილი არაა, ნიკა გაგნიძე კი მომჯობინდა და 90 წუთიც ითამაშა, მაგრამ ჯერ მაინც დრო სჭირდება. ამას უნდა მივაწეროთ ერთ დროს ძალიან პერსპექტიული, გიორგი მოისწრაფიშვილის სიაში გამოჩენაც. ფაქტია, პრობლემები არის და მოგვარება სჭირდება, კონკურენცია გასაძლიერებელია. რამაზ სვანაძის ნახევარდაცვაში ის ფეხბურთელები არიან, ახალგაზრდული ნაკრებიდან კარგად რომ იცნობს და შესაძლოა, ეს ერთგვარი სუბიექტურობის განცდასაც აჩენს, მაგრამ მწვრთნელები სიებს საკუთარი შეხედულებებით აკომპლექტებენ. წარსული ნაცნობობა ან კარგი ურთიერთობა შემადგენლობის ახლა ფორმირებაში გავლენას ვერ მოახდენს.
დასკვნა: გიორგი ქოჩორაშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის შეცვლა ისევ გაგვიჭირდება. მწვრთნელისგან და გუნდისგან ნახევარდაცვის ახლებურად მუშაობას, შეტევების წარმართვასა და მეტ პრესინგს ველით და არა იმას, რაც წინა მატჩებში ვნახეთ.
ვინ შეცვლის ხვიჩას?
თითქოს საფიქრალიც არაფერია, თუ ვინ უნდა ითამაშოს კაპიტნის პოზიციაზე. გიორგი კვერნაძე მარცხენა ფლანგზე შესანიშნავ ფორმაშია და გარემარბად სწორედ ის უნდა ვიხილოთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ზურიკო დავითაშვილისთვისაც ეს კომფორტული პოზიციაა. რაც შეეხება მარჯვენა შემტევს, ვფიქრობთ, აქ გიორგი წიტაიშვილს ბევრი დრო მიეცემა.
დაველოდოთ, ჯერ მწვრთნელი რას გვეტყვის და შემდეგ მატჩებზე რას ვნახავთ. კარგია, რომ ცოტას ვუშვებთ, მაგრამ უნდა გავიტანოთ, ბევრი უნდა გავიტანოთ!..
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…