ევროკომისიის პრესსპიკერი - გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის - რაც შეეხება მეორე შეხვედრას, მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე, საქართველოს ხელისუფლება მიწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე
ევროკომისიის პრესსპიკერის, გიომ მერსიეს განცხადებით, საქართველო გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის, ხოლო დაკავშირებადობის საკითხებზე დაგეგმილ მინისტერიალზე ხელისუფლება უფრო დაბალ დონეზეა მიწვეული.

შემიძლია დავადასტურო, რომ გაფართოების საკითხებზე მომავალ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო მიწვეული არ არის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, გიომ მერსიემ „ევროსკოპის” მიერ დღევანდელ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყოველთვის ვინარჩუნებდით ღიაობასა და კონსტრუქციულ მიდგომას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მიმართ მიმდინარე კრიზისიდან გამოსავლის პოვნის მიზნით, თუმცა, როგორც იცით, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა კვლავ შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება არ გამოავლენს მტკიცე მზაობას, შეცვალოს არსებული კურსი - როგორც ეს გაფართოების შესახებ ანგარიშშია აღწერილი. რაც შეეხება მომავალ კვირას დაგეგმილ გაფართოების ფორუმის შეხვედრას, შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო მასზე მიწვეული არ არის”, - აღნიშნა პრესსპიკერმა.
ამასთან, მისი თქმით, რაც შეეხება მომავალ კვირაში დაგეგმილ კიდევ ერთ შეხვედრას, რომელიც მინისტრების დონეზე დაკავშირებადობის საკითხებზე გაიმართება, საქართველო აღნიშნულ შეხვედრაზე უფრო დაბალ დონეზეა მიწვეული.
„რაც შეეხება მეორე შეხვედრას - მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე, რომელიც მომავალ ორშაბათს გაიმართება, როგორც ეს წარსულშიც ხდებოდა, საქართველოს მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე წყდება და ამ გადაწყვეტილების მიღებისას ევროკავშირის ინტერესებიც მხედველობაში მიიღება. რაც შეეხება უშუალოდ ამ შეხვედრას, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე”, - აღნიშნა პრესსპიკერმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…