საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ავსტრიასთან 23:35 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა გიორგი ცხოვრებაძემ 12 გოლი გაიტანა.

მშობლიურ კედლებში თამაში ჩვენი გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა.
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი საშინაო მატჩით „თბილისი არენაზე“ წარდგა. სამწუხაროდ, მშობლიურ კედლებში თამაში ჩვენი გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა - საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა მძიმედ დაიწყო. საწყის 10 წუთში მასპინძლებმა ხუთი ტექნიკური შეცდომა დაუშვეს და მხოლოდ ორჯერ შეძლეს გატანა, რამაც ავსტრიას 6-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა. პირველ ტაიმში ჩვენი გუნდიდან ბურთის გატანა მხოლოდ ოთხმა მოთამაშემ შეძლო. მათ შორის გამოირჩა გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც შესვენებამდე გუნდის გოლების ორი მესამედი (ცხრიდან ექვსი) საკუთარ ანგარიშზე ჩაწერა, მატჩის მიწურულს კი თავის აქტივში 12 გოლი მიითვალა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ სტუმართა განაცხადში მყოფმა 13 მოთამაშიდან 12-მა შეძლო გოლის გატანა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. ამრიგად, საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ორი ტურის შემდეგ კვლავ უქულოდ რჩება.
საქართველოს ნაკრები ჯგუფის ფავორიტთან დამარცხდა, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს გუნდს ტრავმებისა და ოპერაციების შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდის გამო ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე აკლდა - მათ შორის: ირაკლი კბილაშვილი, ნიკოლოზ კალანდაძე, გიორგი დიხამინჯია და მირიან გავაშელიშვილი.
და კიდევ, შესარჩევი მატჩების დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ესპანელი მწვრთნელის, რუბენ გარაბაიას სიტყვებიც უნდა გავხსენოთ: „მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებს ჩავუდექი სათავეში, ძალიან ცოტა დრო მქონდა იმისთვის, რომ ჩემთვის სასურველი სათამაშო სტილი დამენერგა. ჯერ კიდევ ადრეა იმისთვის, რომ ჩემ მიერ განზრახული ყველა ტაქტიკური სისტემა თუ სქემა ბოლომდე გადმოვიტანოთ მოედანზე, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ“.
ასე რომ, ველით მომავალი წლის 10 მარტს, როდესაც საქართველოს ნაკრები შესარჩევ ციკლს თურქეთთან გასვლითი მატჩით განაახლებს.
ცნობისთვის, დღესვე ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში თურქეთმა ნორვეგიას უმასპინძლა და 31:45 დამარცხდა.
საქართველო 23:35 ავსტრია
საქართველოს ნაკრები: დავით ნიქაბაძე, გიგი რუხაძე; გიორგი ცხოვრებაძე (12), ხაზეინ რუსტამოვი (2), გიორგი არეშიძე (2), ერეკლე არსენაშვილი (2), ნიკოლოზ მამულაშვილი (2), გიორგი ლაპიაშვილი (1), ირაკლი გოგოლაძე (1), გიგა მელიავა (1), გიორგი ხელისუფალი, თეიმურაზ ორჯონიკიძე, ზურაბ გოგავა, დავით გრიშკაშვილი, გუგა უთმელიძე, გიორგი კაპანაძე
მთავარი მწვრთნელი: რუბენ გარაბაია
მწვრთნელები: პაბლო კამპოსი, ხავიერ სალვადორი, შოთა თევზაძე, დიმიტრი ბაღათურია
GEOHANBALL.GE
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…