რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა. ქართველი ხელბურთელები შესარჩევ ციკლს 5 ნოემბერს ნორვეგიასთან გასვლითი მატჩით დაიწყებენ.

ქართველი ხელბურთელები ევროპის პირველობის საგზურისთვის ბრძოლას 5 ნოემბერს, ნორვეგიასთან გასვლითი შეხვედრით შეუდგებიან.
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ახალი დამრიგებლის, ესპანელი სპეციალისტის რუბენ გარაბაიას ხელმძღვანელობით იწყებს. ესპანელმა თავკაცმა ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩებისთვის ეროვნული გუნდის შემადგენლობა გაახმოვანა.
ქართველი ხელბურთელები ევროპის პირველობის საგზურისთვის ბრძოლას 5 ნოემბერს, ნორვეგიასთან გასვლითი შეხვედრით შეუდგებიან, ხოლო 8 ნოემბერს, თბილისში, ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ.
საქართველოს ნაკრები მატჩისთვის სამი დღით ადრე ნორვეგიაში შეიკრიბება. რუბენ გარაბაიამ ეროვნულ გუნდში 11 ლეგიონერს უხმო.
საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: დავით ნიქაბაძე („ვიქტორ სტავროპოლი“), გიგი რუხაძე („აიდოვშინა“), ზურაბ ცინცაძე („ლეგიონოვო“);
მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი („ტრამბლე“), გიორგი არეშიძე („სპორტუნი-პეგასი“), ზურაბ გოგავა („ლემგო“), ირაკლი გოგოლაძე („ბსბ ბათუმი“), დავით გრიშკაშვილი („ნიმი“), ნიკოლოზ კალანდაძე („ექს ან პროვანსი“), გიორგი კაპანაძე („სპორტუნი-პეგასი“), ირაკლი კბილაშვილი („პოტაისა ტურდა“), გიორგი ხელისუფალი („სამტრედია“), გიორგი ლაპიაშვილი („სპორტუნი-პეგასი“), ნიკოლოზ მამულაშვილი („კონტასარა სარაგოსა“), თეიმურაზ ორჯონიკიძე („პოტაისა ტურდა“), ხაზეინ რუსტამოვი („კონსტანტა“), გიორგი ცხოვრებაძე („ზაგრები“), გუგა უთმელიძე („ბსბ ბათუმი“).მთავარი მწვრთნელი: რუბენ გარაბაია
მწვრთნელები: პაბლო კამპოსი, ხავიერ სალვადორი, შოთა თევზაძე.
ევრო-2028-ის საგზურისთვის ბრძოლაში კონტინენტის 32 ნაკრები ჩაერთვება, ფინალურ ეტაპზე კი 24 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს. ოთხი საგზურის მფლობელი უკვე ცნობილია: ევროპის მოქმედი ჩემპიონი დანია და ტურნირის თანამასპინძლები - ესპანეთი, პორტუგალია და შვეიცარია.
საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. ფინალური ეტაპის საგზურებს ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებენ.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ზედიზედ მესამე ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა მე-2 ჯგუფში - ნორვეგიასთან, ავსტრიასთან და თურქეთთან მოუწევს.
მე-2 ჯგუფი: ავსტრია, საქართველო, ნორვეგია, თურქეთი
მე-2 ჯგუფის მთავარი ინტრიგა მონაწილე გუნდების ბოლო წლების თვალსაჩინო პროგრესია. 1994 წლიდან, მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატი (Men’s EHF EURO) დაარსდა, არცერთ მათგანს ტურნირზე სტაბილური ასპარეზობის ხანგრძლივი ისტორია არ ჰქონია.
თურქეთის ნაკრებს ფინალურ ეტაპზე ჯერ არასდროს უთამაშია, თუმცა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ეგრეთ წოდებული „ვაილდ-ქარდით“ (სპეციალური მიწვევით) მოიპოვა და მალე სადებიუტო მატჩებს ჩაატარებს პირველ დიდ სპორტულ ფორუმზე. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ ორჯერ (2024 და 2026 წლებში) იასპარეზა. ავსტრიელებმა კონტინენტის პირველობაზე პირველად 2010 წელს, მასპინძლის სტატუსით ითამაშეს, 2014 წელს კი ტურნირზე მოხვედრა საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევით შეძლეს. 2018 წლიდან მოყოლებული, ავსტრია ფინალური ეტაპის უცვლელი და სტაბილური მონაწილეა. ევროპის მიღმა მათ შედეგებს რაც შეეხება, ყველაზე გამორჩეული 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებსა და 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლის მედლებია.
რაც შეეხება ჯგუფის გამოკვეთილ ფავორიტს, ნორვეგიას, მათ ევროპის ჩემპიონატებზე თამაშის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ — 12-ჯერ იასპარეზეს ევროფორუმზე, ორჯერ ნახევარფინალში გავიდნენ და ერთხელ ბრინჯაოს მედალიც მოიპოვეს (2020 წელს), ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ორჯერ ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ (2017, 2019 წლებში).
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპი სტარტს 4 ნოემბერს აიღებს, 2027 წლის მარტში გაგრძელდება და ამავე წლის 9 მაისს დასრულდება.
GEOHANBALL.GE
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…