თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ადრიატიკის ლიგაში „ზადარის“ წინააღმდეგ 20 ქულა დააგროვა, რაც მისთვის „დუბაის“ შემადგენლობაში პირადი რეკორდია. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ხორვატები 89:75 დაამარცხა და ტურნირზე დაუმარცხებელი სვლა განაგრძო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ „დუბაის“ შემადგენლობაში თავისი საუკეთესო და ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ადრიატიკის ლიგის მე-6 ტურის ფარგლებში არაბულმა კლუბმა საკუთარ არენაზე ხორვატიულ „ზადარს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით, 89:75 დაამარცხა მეტოქე.
35 წლის ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და პარკეტზე თითქმის 25 წუთი გაატარა. შენგელიამ შესანიშნავი სტატისტიკა დააფიქსირა - მის ანგარიშზე 20 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა, რაც გუნდში მეორე შედეგი იყო. აღსანიშნავია, რომ „დუბაის“ რიგებში აქამდე თორნიკეს ერთ მატჩში 12 ქულაზე მეტი არ ჰქონდა. შედეგიანი თამაშის გარდა, ქართველმა კალათბურთელმა დაცვაშიც იყოჩაღა და 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა, რითაც მატჩში მხოლოდ კანადელ მფიონდუ კაბენგელეს ჩამორჩა (33).
ამ წარმატების წყალობით, ადრიატიკის ლიგის B ჯგუფში „დუბაიმ“ წაუგებელი სვლა განაგრძო - გუნდის აქტივში ჩატარებული 5 მატჩიდან 5 მოგებაა. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 ნოემბერს გამართავს, სადაც სტუმრად „მეგა ბასკეტს“ დაუპირისპირდება.
GBF.GE
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…