ლონდონში, აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 139 ადამიანი დააკავეს
ლონდონში, აშშ-ის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ აკრძალული გაერთიანება Palestine Action-ის მხარდაჭერის გამო 139 ადამიანი დააკავა. მსგავსი დემონსტრაცია გაიმართა ედინბურგშიც, სადაც შოტლანდიის პოლიციამ აქციის მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის გამოძიება დაიწყო.

ლონდონის პოლიციის განცხადებით, აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 139 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები აკრძალულ ორგანიზაცია Palestine Action-ს უჭერდნენ მხარს.
ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულთა უმრავლესობამ აკრძალული ორგანიზაციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. პოლიციის ცნობით, სამართალდამცველები ადგილზე კვლავ რჩებიან და მოსალოდნელია, რომ დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
გამოცემის ინფორმაციით, მომიტინგეთა უმეტესობა პენსიონერი იყო და ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: "მე გენოციდის წინააღმდეგი ვარ, მხარს ვუჭერ Palestine Action-ს".
ამასთან, აშშ-ის საკონსულოსთან Palestine Action-ის მხარდამჭერი აქცია შოტლანდიის ქალაქ ედინბურგშიც გაიმართა. მედიის ინფორმაციით, მონაწილეებს ლონდონში გამართული აქციის მსგავსი შინაარსის პლაკატები ეჭირათ.
ადგილზე დაკავების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა შოტლანდიის პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება იმ ადამიანების იდენტიფიცირების მიზნით, რომლებიც აკრძალული ორგანიზაციის მხარდამჭერი მაისურებითა და ბანერებით გამოჩნდნენ.
"მტკიცებულებები განიხილება და საჭიროების შემთხვევაში შემდგომი ზომები იქნება მიღებული“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ცნობისთვის, გასულ წელს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ Palestine Action-ი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და აკრძალა. ამ აკრძალვის თანახმად, ორგანიზაციის წევრობა ან მის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…