„ისთ ფოინთში“ მოზარდებს შორის სავარაუდოდ, შეიარაღებული ჩხუბი მოხდა - პოლიცია მონაწილეების იდენტიფიცირებას ცდილობს
თვითმხილველის ცნობით, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ 20-მდე მოზარდს შორის სავარაუდოდ დანებით შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, პოლიცია კი ინციდენტის მონაწილეთა იდენტიფიცირებას ცდილობს.
გვიან ღამით სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში" მოზარდებს შორის სავარაუდოდ, შეუარაღებული ჩხუბი მოხდა. თვითმხილველის ინფორმაციით, ინციდენტში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა, რომელთა ნაწილს, მისივე თქმით, ჯიბეებში დანები ჰქონდა.
მოქალაქე აცხადებს, რომ პოლიციის გამოჩენისთანავე დაპირისპირების მონაწილეები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. ქალმა ჩვენება პოლიციას უკვე მისცა.
"ისთ ფოინთში" 8-ის 5 წუთზე იყო ჩოჩქოლი და დაპირისპირება. დაახლოებით 15-20 მოზარდი იყო, უმრავლესობა არასრულწლოვანი, მაქსიმუმ 17-18 წლისები შეიძლება ყოფილიყვნენ. გაჩნდა კონფლიქტი, გამეტებით დაიწყეს ერთმანეთისთვის რტყმა, ხელების, ფეხების ქნევა, გაკიდება, დადევნება და უარესად რტყმა, რა თქმა უნდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება. დავინახე, რომ დანა ედოთ ჯიბეებში ორს, თუმცა შეიძლება სხვებსაც ჰქონდათ. ასეთი დაუნდობელი სახეები რომ ჰქონდათ და დანებით იყვნენ შეიარაღებულები, მივიჩნიე, რომ საფრთხე მართლა არსებობდა. რამდენიმე მომენტი ჰქონდა ამ დაძაბულობას, დაახლოებით 10 წუთი მაინც გრძელდებოდა, აქეთ-იქით სირბილი, ამათი გადაძახილი. 10-12 წლის ბავშებიც იყვნენ. ქურდული და არასწორი მსოფმხედველობით გამოირჩეოდნენ. ის იყო შოკისმომგვრელი, რომ 2026 წელს, ციფრულ ეპოქაში, ეგეთი დაინტერესება კიდევ აქვთ ადამიანებს, რომ რაღაცნაირად ერთმანეთი დაუნდობლად მოიგერიონ, სცემონ და შეიძლება მოკლან კიდეც.
მოგვიანებით, 12-ს რომ გადსცდა, გამომძიებლებმა პოლიციიდან დამირეკეს და გადაგვიყვანეს მე და ჩემი მეუღლე როგორც მოწმეები პოლიციის განყოფიულებაში და ღამის 4 საათზე ვმუშაობდით დეტალური მონათხრობის შედგენაზე, გამოკითხვაზე, - ამბობს "პირველებთან" სატელეფონო საუბარში ანი გაჩეჩილაძე.
"პირველები" დღეს ასევე დაინტერესდა, რატომ არაფერი მოიმოქმედა "ისთ ფოინთის" დაცვამ და რატომ არ გამოიძახეს ადგილზე საპატრულო პოლიცია. დაცვის თანამშრომლების ნაწილი ადასტურებს, რომ ტერიტორიაზე ღამით ჩხუბი ნამდვილად იყო, თუმცა ამტკიცებენ, რომ არაფერი სერიოზული არ ყოფილა და მომხდარი "ჰელოუინის" დღესასწაულთან იყო დაკავშირებული.
პოლიცია ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვნების იდენტიფიცირებას ამ დრომდე ცდილობს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…