იტალიაში საყოველთაო გაფიცვისას რომსა და ტურინში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. დაკავებულია რვა ადამიანი
იტალიაში საყოველთაო გაფიცვისას გამართული აქციები რომსა და ტურინში პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა; პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რომში კი 8 ადამიანი დააკავეს.

იტალიაში საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში გამართული საპროტესტო აქციები რომსა და ტურინში პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ბოთლები და სხვადასხვა საგანი დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
იტალიური მედიის ცნობით, რომში პოლიციამ რვა ადამიანი დააკავა, რომლებმაც სამართალდამცველების მიერ მოწყობილი ბარიკადების გარღვევა რამდენჯერმე სცადეს.
რომში დაპირისპირება კოლოსეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო, როდესაც დემონსტრანტების ერთი ჯგუფი ძირითად მსვლელობას გამოეყო, პოლიციას სხვადასხვა საგანი დაუშინა და რამდენიმე ნაგვის ურნას ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. ვითარება რამდენიმე საათის შემდეგ კვლავ დაიძაბა - ჯერ ტრასტევერეს რაიონში, შემდეგ კი მდინარე ტიბრის სანაპიროზე, სადაც პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. უსაფრთხოების მიზნით პოლიციამ პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე მოედნები გადაკეტა.
შეტაკებები მოხდა ტურინის ცენტრშიც. პიაცა კასტელოს მოედანზე პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პრეფექტურის შენობის დაცვის კორდონს მიუახლოვდნენ. საღამოს ქალაქის ისტორიულ ცენტრში აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ბოთლები დაუშინეს, რასაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზით უპასუხა.
მედიის ცნობით, სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებები დაფიქსირდა მესტრესა და ვიჩენცაშიც. მესტრეში შვიდმა პოლიციელმა დაზიანება მიიღო, ვიჩენცაში კი არეულობის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა, მათ შორის დემონსტრანტები და სამართალდამცველები.
პროფკავშირ USB-ის ინფორმაციით, დღეს იტალიის 60-ზე მეტ ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებში 1,5 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით კი, დემონსტრანტების რაოდენობა 255 ათასი იყო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…