ალექსანდრე ასათიანმა საკრებულოში ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენისას ილაპარაკა ოთხ საჯარო სკოლაში - N41, N54, N55 და N137 - მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რაც მოიცავს გარე და შიდა საკანალიზაციო ქსელების, სახურავების, სპორტული მოედნების, დასასვენებელი სივრცეებისა და სკოლის ეზოების მოწესრიგებას
თბილისის საკრებულოს წევრმა ალექსანდრე ასათიანმა საქმიანობის ანგარიში წარადგინა, სადაც ცენტრალურ ვაკეში ოთხი საჯარო სკოლის, 9 ქუჩისა და 11 რეკრეაციული სივრცის ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციაზე გაამახვილა ყურადღება.

თბილისის საკრებულოს წევრმა, ცენტრალური ვაკის მაჟორიტარმა ალექსანდრე ასათიანმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. მაჟორიტარმა საკრებულოში გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე და დასრულებული პროექტები, ასევე მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.
ალექსანდრე ასათიანმა, როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების წევრმა, კომისიების საქმიანობის ფარგლებში განხილულ საკითხებზე ილაპარაკა, მათ შორის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ფუნქციური ზონების ცვლილებებზე, ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების ხელშეწყობაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა მუნიციპალური ქონების განკარგვის, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დაცვისა და დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობის საკითხებზე.
ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობისა და საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის პროექტებს. საანგარიშო პერიოდში ცენტრალურ ვაკეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და განახლების სამუშაოებმა მოიცვა 9 ქუჩა, რომლის საერთო ფართობი 45 000 კვადრატული მეტრია. გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებულია, დარჩენილ მონაკვეთებზე კი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცენტრალურ ვაკეში რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების მოწყობა-განახლებას. საანგარიშო პერიოდში პროექტებმა მოიცვა 11 რეკრეაციული სივრცე, რომელთა საერთო ფართობი 34 500 კვადრატულ მეტრს შეადგენს. პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებულია, დარჩენილი სამუშაოები კი უახლოეს პერიოდში დასრულდება.
ალექსანდრე ასათიანმა ასევე ილაპარაკა ცენტრალურ ვაკეში ოთხ საჯარო სკოლაში - N41, N54, N55 და N137 - მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რაც მოიცავს გარე და შიდა საკანალიზაციო ქსელების, სახურავების, სპორტული მოედნების, დასასვენებელი სივრცეებისა და სკოლის ეზოების მოწესრიგებას.
მაჟორიტარმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის შედეგებიც შეაჯამა. პროგრამის ფარგლებში ცენტრალურ ვაკეში 55 ლიფტის განახლების სამუშაოები ჩატარდა. ასევე დაფინანსდა 24 სახურავის და წყალმომარაგებისა და წყალარინების 11 სისტემების მოწყობის სამუშაოები.
ანგარიშის წარმოდგენისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსახლეობასთან შეხვედრებსა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს. საანგარიშო პერიოდში მაჟორიტარის წარმომადგენლობაში 140 მოქალაქის მიღება გაიმართა, ხოლო 61 გასვლითი შეხვედრის ფარგლებში მაჟორიტარი 320 მოქალაქეს შეხვდა. ჯამში განხილული იყო 569 საკითხი, რომლებიც ძირითადად ინფრასტრუქტურას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამებს, მუნიციპალურ სერვისებს, ურბანულ საკითხებს, ჯანდაცვასა და სოციალურ მხარდაჭერას უკავშირდებოდა.
ცენტრალური ვაკის რაიონის მაჟორიტარმა განაცხადა, რომ მოსახლეობასთან მუდმივი კავშირი, არსებული პრობლემების დროული გამოვლენა და მათ მოგვარებაზე შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…