ვალერიან პაპუაშვილმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა ვალერიან პაპუაშვილმა საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც მის რაიონში საგზაო სამუშაოებზე 1,38 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დასაფინანსებლად 1,15 მილიონ ლარზე მეტი მიიმართა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს VIII მოწვევის უმრავლესობის წევრმა, ნაძალადევის რაიონის (სანზონა) მაჟორიტარმა ვალერიან პაპუაშვილმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და სატრანსპორტო საკითხთა კომისიების წევრმა ვალერიან პაპუაშვილმა ანგარიშის წარდგენისას საკრებულოს კომისიებში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში თავისი აქტივობა მიმოიხილა.
ანგარიშში ვრცელი ადგილი საკრებულოს წევრის სამაჟორიტარო ოლქში წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას დაეთმო.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში მაჟორიტარი დეპუტატი 300-ზე მეტ მოქალაქეს შეხვდა, სამაჟორიტარო ბიუროში 130-ზე მეტი განცხადება შევიდა, რომელთაგან უმეტესობა დაკმაყოფილებულია. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ამ განცხადებებიდან 70 ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ეხებოდა.
პრეზენტაციაზე ვალერიან პაპუაშვილმა სამაჟორიტარო რაიონში არსებულ სხვადასხვა მისამართზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაწვრილებით ისაუბრა. მაჟორიტარის განცხადებით, სამაჟორიტარო რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 17 250კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა და კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები 36 მისამართზე შესრულდა. სამუშაოების ჯამურმა თანხამ 1 380 000 ლარი შეადგინა.
ამასთან ერთად, ვალერიან პაპუაშვილმა კონკრეტულ მისამართებზე გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელთა საერთო ღირებულებამ 510 000 ლარი შეადგინა. მან დეტალურად წარმოადგინა სამაჟორიტარო რაიონში სხვადასხვა მისამართზე არსებული სკვერების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოების ნუსხა.
დასასვენებელი სივრცეების მოწყობის პარალელურად ანგარიშში ასევე საუბარია საპარკე ინფრასტრუქტურის აღდგენა-შეკეთების შესახებ.
ვალერიან პაპუაშვილის ანგარიშის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში სამაჟორიტარო რაიონში მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ჯამში 41 პროექტი განხორციელდა. სამუშაოთა საერთო ღირებულებამ 1 158 335 ლარი შეადგინა. ნაძალადევის რაიონში ამ დროისთვის 248 ამხანაგობაა შექმნილი.
გარდა ამისა, ვალერიან პაპუაშვილმა დაწვრილებით ისაუბრა ასევე ლიფტების მოწყობა-რეაბილიტაციის, მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლის, სახურავების შეკეთების სამუშაოებსა და გამწვანების ღონისძიებებზე.
მაჟორიტარმა ანგარიშის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას საცხოვრებელი, საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით სამომავლოდ დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები, ნაძალადევის რაიონის მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…