სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა სუთიაშვილმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილმა მუშაობის ანგარიში წარადგინა, სადაც ხაზი გაუსვა „თბილისის სასკოლო ლიგას“, რომელიც 15 სპორტის სახეობას, 1000 სკოლასა და 25 000-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს.

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, განათლებისა და კულტურის კომისიისა და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა შალვა სუთიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას 2025–2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშის გაცნობისას შალვა სუთიაშვილმა აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ჩატარდა საკრებულოს 18 სხდომა, რომლებზეც მიღებულ იქნა 99 დადგენილება და 713 განკარგულება. მისი თქმით, საკრებულოს სხდომებზე იგი მხარს უჭერდა იმ პროგრამებსა და პროექტების განხორციელებას, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურებოდა.
დეპუტატმა პრეზენტაციაზე ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და თბილისის საკრებულოს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის საქმიანობა მიმოიხილა. მან დეტალურად ილაპარაკა განათლების, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ სფეროებში უკვე დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ.
შალვა სუთიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საკრებულოში ინიციირებულ პროექტზე „თბილისის სასკოლო ლიგა“, რომელიც წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა. ანგარიშის თანახმად, ლიგა დღეს სპორტის 15 სახეობას, 1000 სკოლასა და 25 000-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს. პროექტი თბილისის ფარგლებს გასცდა და მასში ქვემო ქართლის, იმერეთის, კახეთის, აჭარისა და სამეგრელოს სკოლებიც ჩაერთნენ.
კომისიის თავმჯდომარემ კამპანია „წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“ მიმოიხილა, რომლის ფარგლებში საკრებულოს ეწვივნენ პარასპორტსმენები, მათი მწვრთნელები და პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, ქალთა რაგბის ეროვნული ნაკრები და სხვა წარმატებული სპორტსმენები.
როგორც შალვა სუთიაშვილმა ანგარიშის გაცნობისას აღნიშნა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია აქტიურად არის ჩართული მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სპორტული და ახალგაზრდული ა(ა)იპ-ების საქმიანობაში. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში ადგილზე ეცნობოდნენ ლილოს, ვარკეთილის, ასათიანის, მუხიანისა და სამგორის ობიექტებს. ასევე განაცხადა, რომ კომისია მჭიდროდ თანამშრომლობს მერიის სამსახურებთან, რაიონულ გამგეობებთან, სპორტულ ფედერაციებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან.
ანგარიშის თანახმად, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ საანგარიშო პერიოდში მონაწილეობა მიიღო რეგიონებში გამართულ ახალგაზრდულ ღონისძიებებში, მათ შორის ზამთრის ბანაკში „Global Leadership Camp“ ბაკურიანში და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნასა და დაჯილდოებაში ბათუმში, სადაც 12 რეგიონის 1200-მდე მონაწილიდან გამარჯვება თბილისის გუნდმა მოიპოვა. საერთაშორისო სფეროში კი სამუშაო ვიზიტი გაიმართა ბრატისლავაში, სადაც შედგა შეხვედრა ქალაქის მერის მოადგილესა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, აგრეთვე ევროპის მინიფეხბურთის ფედერაციის (EMF) პრეზიდენტის მონაწილეობით.
ანგარიშის ბოლოს კი შალვა სუთიაშვილმა საკრებულოში მსოფლიოსა და ევროპის მინიფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტების, „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული კავშირისა და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების, საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტისა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (IBSA) ხელმძღვანელი პირების ვიზიტის შესახებ ილაპარაკა.
2025–2026 წლების საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენას საკრებულოს უმრავლესობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…