ბადრი ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" თავისი სარჩელით ცდილობს აკრძალოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა და არა რამდენიმე პოლიტიკური პარტია
ბადრი ჯაფარიძე: გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ პარტიების აკრძალვით "ქართული ოცნება" ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის. მათ სურთ, არჩევანი წაართვან და ამ გზით არჩევნებს ჩამოაშორონ (მათივე დათვლებით) მილიონზე მეტი სხვაგვარად მოაზროვნე ამომრჩეველი, მოიპოვონ საკონსტიტუციო უმრავლესობა და კონსტიტუციის დონეზე განიმტკიცონ დე-ფაქტო უზურპირებული ხელისუფლება.

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე:
დღეს "ქართული ოცნება" თავისი სარჩელით ცდილობს აკრძალოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა და არა რამდენიმე პოლიტიკური პარტია.
გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ პარტიების აკრძალვით "ქართული ოცნება" ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის.
მათ სურთ, არჩევანი წაართვან და ამ გზით არჩევნებს ჩამოაშორონ (მათივე დათვლებით) მილიონზე მეტი სხვაგვარად მოაზროვნე ამომრჩეველი, მოიპოვონ საკონსტიტუციო უმრავლესობა და კონსტიტუციის დონეზე განიმტკიცონ დე-ფაქტო უზურპირებული ხელისუფლება.
მათ სურთ, პოლიტიკური არჩევანის თავისუფლების შეზღუდვით საქართველოს მოქალაქეები აიძულონ აირჩიონ არა ის პარტიები, რომლებიც მათ მოსწონთ და რომელთა გაუქმებასაც "ქართული ოცნება" გეგმავს, არამედ ის პარტიები, რომლებიც თავად "ქართულ ოცნებას" მოსწონს.
მათ სურთ, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეცვალონ ქვეყნის ისტორიული განვითარების მიმართულება, უზრუნველყონ საქართველოს იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან და მართონ ქვეყანა რუსულ-ავტოკრატიული სტილით - ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებით, ერთპარტიულობით, მორჩილი მართლმსაჯულების სისტემით, უფლებააყრილი და რეპრესირებული სხვაგვარად მოაზროვნეებითა და მტრულ ბანაკებად დაქუცმაცებული ერით.
ამიტომ დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით არა რომელიმე პარტიის დასაცავად, არამედ იმისათვის, რომ დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება; დავიცვათ იგი სწორედ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავიდა.
ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისათვის, რომ დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული სუვერენიტეტი; დავიცვათ იგი ხალხის დამოუკიდებლობის მიტაცების სურვილით შეპყრობილი ხელისუფლებაში მყოფი ძალისგან.
რაც შეეხება პარტია "ძლიერი საქართველო - ლელოს" აკრძალვის მოთხოვნას. პარტია „ძლიერი საქართველო - ლელო“ დაარსების დღიდან, 2019 წლის დეკემბრიდან, ძირითად მიზნად ისახავდა და ისახავს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბებასა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის სწრაფ სვლას.
ეს მიზნები გვქონდა და გვაქვს დაარსების დღიდან და ამის მიღწევას ვახმარდით და ვახმართ მთელ ჩვენს ძალისხმევას.
ამის პასუხად, პრაქტიკულად არც ერთი დღე არ გასულა ისე, რომ არ ვყოფილიყავით "ქართული ოცნების" მიერ ინსპირირებული, უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ.
მეშვიდე წელია, პრაქტიკულად არცერთი დღე არ გაგვიტარებია გამოძიებების, გამოგონილი ბრალდებების, სასამართლო განხილვებისა ან/და ციხის საკნების გარეშე!
დღეს კი "ქართული ოცნება" სრულიად აბსურდულ და ცინიკურ ბრალდებას გვიყენებს - თითქოს "ძლიერი საქართველო - ლელო" საქართველოს კონსტიტუციას არღვევს.
სინამდვილე კი სრულიად საპირისპიროა!
ჩვენი პარტიის მთელი ძალისხმევა სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ აღგვეკვეთა "ქართული ოცნების" მიერ საქართველოს კონსტიტუციის გამუდმებული შეურაცხყოფა და ფეხქვეშ გათელვა…
გავიხსენოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მისი შემდგომი პერიოდი. იმ უამრავი დარღვევის გამო, რომელიც არჩევნების დროს ვიხილეთ და დაფიქსირდა ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, ჩვენ გამოვაცხადეთ საპარლამენტო ბოიკოტი. მაგრამ ეს ბოიკოტი შევწყვიტეთ ჩვენსა და "ქართულ ოცნებას" შორის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე - ეს იყო 2021 წლის შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება.
შეთანხმება, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ჩვენი ქვეყნის სწრაფი სვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება. ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის უთანხმოების დასაძლევად მიღწეული შეთანხმება, ეს იყო შეთანხმება პოლიტიკური სისტემის სწორ გზაზე დასაყენებლად, დანაწევრებული საზოგადოების ერთიან ეროვნულ სხეულად გასამთლიანებლად და თავისუფალ სამყაროში საქართველოს ინტეგრაციის შეუქცევადობის უზრუნველსაყოფად.
ეს იყო თავისუფალი სამყაროს ლიდერების მონაწილეობით მიღწეული უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომელიც მწვანე შუქს უნთებდა კონსტიტუციით განსაზღვრული ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და საქართველოსთვის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და კეთილდღეობის გარანტიების მოპოვებას…
"ლელოს" თავდაუზოგავი შრომით და ძალისხმევით ეს შეთანხმება შედგა!
ჩვენ შევწყვიტეთ ბოიკოტი, შევედით პარლამენტში და აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანესი შეთანხმების განხორციელებისთვის.
მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვა გატეხა, შეთანხმებიდან გავიდა და მისი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებები შეუსრულებელი დატოვა…
ვინ ჩაიდინა საეტაპო მნიშვნელობის პოლიტიკური დანაშაული საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ეროვნული კონსოლიდაციის წინააღმდეგ?!
ცხადია, რომ ეს გააკეთა სწორედ "ქართულმა ოცნებამ", რომელმაც ეს უმნიშვნელოვანესი შეთანხმება დაარღვია..!
"ქართული ოცნება" დანაშაულად და ანტიკონსტიტუციურ ქმედებად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერას! სადაც საუბარია იმ ნაბიჯებზე, რომელიც დააჩქარებს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. კი, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ ქარტიას, მაგრამ ეს სრულად ლეგიტიმური ქმედება იყო და მას კონსტიტუციის დარღვევასთან არათუ არანაირი კავშირი არ გააჩნია არამედ ის სწორედ ემსახურება კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესრულებას, განსხვავებით "ქართული ოცნების" 2024 წლის არჩევნების შემდეგ გადადგმული ნაბიჯებისგან, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება 78-ე მუხლს და კონსტიტუციის ამ მუხლის მიმართ ცალსახად საბოტაჟად შეიძლება შეფასდეს.
"ქართული ოცნება" ამ ქარტიაზე სხვა პარტიებთან ერთად "ძლიერი საქართველო - ლელოს" მიერ ხელისმოწერას წარმოაჩენს როგორც როგორც ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას , რომ ეს ხუთი პარტია , რომელთა გაუქმება მათ სურთ წარმოადგენს ერთ ორგანიზმს , რადგან ქარტიაში საუბარია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობაზე. რადგან "ქართული ოცნების" რამდენიმე სპიკერს უმაღლესი განათლება გერმანიაში აქვს მიღებული მინდა პირველ რიგში მათ შევახსენო, რომ დღეს გერმანიას დღეს მართავს კოალიციური მთავრობა, რომლის შემადგენლობაში არიან ერთმანეთის დაუძინებელი პოლიტიკური კონკურენტები: ქრისტიანულ - დემოკრატიული პარტია და სოციალ - დემოკრატიული პარტია და ამის გამო ცხადია არცერთ ჭკუათმყოფელს არ მოუვა თავში აზრი, რომ გერმანიის ქრისტიანულ - დემოკრატიული პარტია და სოციალ-დემოკრატიული პარტია ერთ ორგანიზმს წარმოადგენს! ისევე როგორც ამ პარტიების მიერ ამა თუ იმ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ საკითხზე პოზიციების თანხვედრა არანაირად არ და ვერ ჩაითვლება რაიმე მინიშნებად იმის თაობაზე რომ, ეს პარტიები ვინმეს ან ერთმანეთის განშტოებას წარმოადგენენ. მაგალითისთვის ცნობილია, რომ ამ გერმანულ პარტიებს პოზიციების სრული თანხვედრა აქვთ უკრაინაში რუსული აგრესიის დაგმობის მიმართებით.
დღეს "ქართული ოცნება“ კიდევ ერთ სრულიად აბსურდულ ბრალდებას გვიყენებს და გვადანაშაულებს ვითომდაც კონსტიტუციის დარღვევაში - "პარლამენტში რატომ არ შეხვედითო?" - და ვინც პარლამენტში შევიდა, ისინიც აქვე არ სხედან იმ პარტიებს შორის, რომელთა აკრძალვასაც ითხოვთ?!
რაც შეეხება ჩვენს საპარლამენტო მანდატებს, როგორც ცნობილია ისინი გაგვიუქმა თვითონ "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი განცხადებების საფუძველზე.
პარადოქსია - ადამიანებმა რომლებმაც 2022 წელს პირადად მე პირდაპირი დავალებით საპარლამენტო მანდატი შემიწყვიტეს, იგივე ადამიანები დღეს პარლამენტში არშესვლის გამო ბრალდებას მიყენებენ!
და მათი ლოგიკით საპარლამენტო მანდატის შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართვა თურმე არის კონსტიტუციის დარღვევა.
რაც შეეხება 2022 წელს საპარლამენტო მანდატის შეწყვეტას მე თან მაქვს რუსთავი 2-ის ეთერში ქალბატონ ნინო შუბლაძესთან ქალბატონი თეა წულუკიანის ინტერვიუ, სადაც ქალბატონი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდა მოსამართლეებს: არევაძეს, ჯორბენაძესა და ასახელებს სხვა გვარებსაც…
თუკი ეს მოსამართლეები ქალბატონი წულუკიანის სიტყვებით მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ, მაშინ მნიშვნელოვანია სასამართლომ და საზოგადოებამ იცოდეს, რომ 2022 წელს "ქართულმა ოცნებამ" სწორედ მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილების საფუძველზე შემიწყვიტა საპარლამენტო უფლებამოსილება და მისი ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სწორედ მოსამართლე ჯორბენაძის თავმჯდომარეობით სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ. უნდა ითქვას, რომ ეს სასამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტრასბურგის სასამართლოში, რომელმაც მოკლე ვადებში მიიღო წარმოებაში ეს საქმე და ამჟამად ველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
საპარლამენტო მანდატის შეწყვეტის ხვედრი 2022 წელს უკვე მეორედ მარგუნა ბედმა.
1990 წელს ჩვენ არჩევნების გზით დავამარცხეთ კომუნისტური პარტია. 1991 წელს კი, ზვიად გამსახურდიას ლიდერობით, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა შევძელით და ხელი მოვაწერე დამოუკიდებლობის დეკლარაციას…
ამის შემდეგ იარაღით მოხდა კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობა.
და მე, როგორც დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერს და პარლამენტის წევრს, იარაღის ძალით შემიწყვიტეს პარლამენტის მანდატი.
კიდევ ერთი პარადოქსია, მაგრამ ბევრი ის ადამიანი, ვინც მაშინ კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობდა, ან, სულ მცირე, სიმპათიას არ მალავდა შეიარაღებული გადატრიალების მონაწილეებისა და თავად ამ პროცესის მიმართ, მიზანდასახულად ებრძოდა დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, დღეს ხელისუფლებაშია და ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს ევროპული მომავლისა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის, ამჯერად იარაღის გარეშე და სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებით ცდილობს კიდევ ერთხელ შემიწყვიტონ, ამჯერად არა მხოლოდ საპარლამენტო მანდატი, არამედ პოლიტიკოსის და ხალხის წარმომადგენლობითი მანდატი.
ჩვენ ვართ ქართული სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლები და ჩვენი მაშინდელი და დღევანდელი მდევნელები არიან საქართველოს პატრიოტები?!
ესეც კიდევ ერთი პარადოქსი!
არადა სწორედ რომ ჩვენ, ჩვენი მხარდამჭერები და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ვართ ქართული სახელმწიფოს ინტერესების დამცველები!!!
მაშინაც და ახლაც ამ პროცესების უკან იდგა და დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების ის დაუძინებელი მტერი, რომლისთვისაც დამოუკიდებელი, დემოკრატიულ დასავლეთთან ინტეგრირებული საქართველო მიუღებელია!!!
საქართველოს კონსტიტუციამ განსაზღვრა იმპერატიული მოთხოვნა საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისათვის, რომ მის შემადგენლობაში მინიმუმ 50% -ს ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა იყვნენ, იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისია არ გახდეს საპარლამენტო უმრავლესობის ხელში ოპოზიციური უმცირესობის პოლიტიკური და უსაფუძვლო სამართლებრივი დევნის ინსტრუმენტი და სწორედ მოხდა ის, რისი არდაშვებისთვისაც არსებობს კონსტიტუციის 42-ე მუხლი. "ქართულმა ოცნებამ" შექმნა საპარლამენტო კომისია კონსტიტუციის მოთხოვნის უგულებელყოფით, მისი მთავარი მიზნის მისაღწევად - ძირითადი პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური დევნისათვის.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში ამ განხილვის დაწყების პირველ დღეს განაცხადა , რომ ტყუილია რომ საპარლამენტო უმრავლესობას არ შეუძლია შექმნას საგამოძიებო კომისია. ესეც "ქართული ოცნებისთვის" დამახასიათებელი ტიპიური მანიპულაციაა , რადგან არავინ არ ამტკიცებს რომ საპარლამენტო უმრავლესობას არ შეუძლია საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირება და მისი შექმნა , მაგრამ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად და არა მისი დარღვევით და არა პოლიტიკური თაღლითობის გზით, როცა "ქართულმა ოცნებამ" თავისი საარჩევნო სიით არჩეული , თავისი ლიდერის მიმართ გამორჩეულად მორჩილი წევრები ოპოზიციად გააფორმა და ამ შემთხვევაშიც კი უგულებელყო კონსტიტუციის 42- ე მუხლის მოთხოვნა ოპოზიციის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით.
საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართული ოცნების" ახალგაზრდა მომხსენებელმა, პარტია "ძლიერი საქართველო - ლელოს" აკრძალვის მოთხოვნის ერთ-ერთ მტკიცებულებად განაცხადა:
"ამ პარტიის ლიდერთა მიერ 2004 – 2012 წლებში ბიზნესზე უკანონო თავდასხმის, ქონების გამოძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის ხელშეწყობა, მასში მონაწილეობა და მისგან გამიჯვნისგან დღემდე თავის შეკავება, რაც დასტურდება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნით!"
ამ განცხადებასთან დაკავშირებით გამოვიყენებ რბილ შეფასებას და ვიტყვი, რომ ეს არის მინიმუმ უდანაშაულობის პრეზუმპციის უხეში ფეხქვეშ გათელვა და ამავდროულად წარმოადგენს პირდაპირ ცილისწამებას, რადგან არ არსებობს არა მხოლოდ ამ მტკიცების დამადასტურებელი სასამართლო დასკვნა, არამედ საჩივარითაც კი არავის არ მოუმართავს ამ თემაზე. ნათელია, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ მომხსენებლის მიერ ჩვენი ხსენება მხოლოდ შავი პიარის მიზნებს ემსახურება. უნდა ითქვას, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ჩამოთვლილი სამი თუ ოთხი პირიდან მხოლოდ ერთადერთმა პირმა (ახვლედიანმა) მიმართა სასამართლოს "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში და ისიც არა ჩვენს წინააღმდეგ და არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი.
ამის მიზეზი მარტივია, ის რაც წერია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ჩვენთან მიმართებაში და რაც აქ გააჟღერა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა არის სრული სიცრუე და ასეთივე "წარმატებით" შეიძლება "ქართული ოცნების" ლიდერები დაადანაშაულო კანიბალიზმში.
ასევე მინდა შევეხო "ქართული ოცნების" მიერ მოყვანილ ვითომცდა სამართლებრივ არგუმენტს პარტია "ძლიერი საქართველო - ლელოს" აკრძალვისათვის, რომ თითქოს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიაში შემავალი ამა თუ იმ პირის მიერ დანაშაულის ჩადენა არგუმენტია და მტკიცებულებაა იმისათვის, რომ მოითხოვო პოლიტიკური პარტიის გაუქმება.
ეს არა მხოლოდ სამართლებრივი აბსურდია, არამედ სცდება ზოგადად საღი აზრის ფარგლებსაც.
ამ ლოგიკით "ქართული ოცნების", როგორც პოლიტიკური პარტიის, გაუქმება სრულიად მიზანშეწონილია და გარდაუვალია, რადგან მისი მმართველობის დროს ამ პარტიის ლიდერები და წევრები, რომლებიც დანიშნული იყვნენ მაღალ თანამდებობებზე, სისტემატურად სჩადიოდნენ კორუფციულ დანაშაულს ( და არსებობს სასამართლო განაჩენები ამასთან დაკავშირებით) და რიგ სახელმწიფო ინსტიტუტებში მათ მიერ შექმნილი იყო სისტემური კორუფციის მექანიზმები.
და ბოლოს, მინდა შევეხო ამ სარჩელის კიდევ ერთ, განსაკუთრებით სახიფათო ასპექტს - საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
პარტიების აკრძალვის მოთხოვნის მიღმა, ამ სარჩელში არანაკლებ მძიმე საფრთხე იმალება, სარჩელში ვითარდება ლოგიკა, თითქოს 2008 წელს რუსეთის აგრესიისთვის ნიადაგი თავად საქართველომ შექმნა.
ეს არის პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობა აგრესორიდან მსხვერპლზე!
თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ მსჯელობას გაიზიარებს, შეიძლება შეიქმნას სახიფათო, კაპიტულანტური პრეცედენტი.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებით, რუსეთის "არგაღიზიანების პოლიტიკა" გახდება კონსტიტუციური ვალდებულება. ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის კრიტიკა გამოცხადდება საბოტაჟად, რუსული აგრესიის პროვოკაციად და შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურად. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ევრო-ატლანტიკური კურსი ჩაითვლება საფრთხედ, რუსეთის პროვოცირებად და შესაბამისად ანტიკონსტიტუციურად...
ეს ძალიან სახიფათო თამაშია კონსტიტუციით!!!
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, უზრუნველყონ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
ეს არის ქართველი ხალხის კონსტიტუციური არჩევანი და არა საკითხი, რომლის გადაწყვეტის უფლებაც კრემლს უნდა ეკუთვნოდეს.
სწორედ ამიტომ მინდა, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად გაითავისოს თავისი პასუხისმგებლობა ამ მიმართებით, რომ ოდესმე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებულ პრინციპს საფრთხე არ შეექმნას.
ამ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს გარდამტეხი სამართლებრივი არგუმენტი რუსეთის ხელში.
და საქართველოს არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს არ აქვს უფლება, ასეთი საფრთხე შექმნას და მით უმეტეს საკონსტიტუციო დონეზე დააკანონოს!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…