უკრაინის ომბუდსმენი ოკუპირებულ ოლეშკიში გაემგზავრა
უკრაინის ომბუდსმენი ლუბინეცი ჰუმანიტარული მისიის განსახორციელებლად და მოსახლეობის ევაკუაციის მოსამზადებლად ოკუპირებულ ოლეშკიში გაემგზავრა, სადაც დროებითი ზავის რეჟიმი მოქმედებს.

29 ოქტომბერს დილით ლუბინეცმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინის დელეგაციასთან ერთად მიემართება ოლეშკისკენ „ჰუმანიტარული მისიის რეალიზაციისთვის“.
უკრაინის ომბუდსმენის ინფორმაციით, ოლეშკიში წარმატებით მიმდინარეობს ჰუმანიტარული მისიის განსახორციელებლად აუცილებელი მარშრუტების განაღმვა, ტვირთის ჩატანა კი 30 ოქტომბერს იგეგმება.
რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, ალეშკიში(რუსეთი ქალაქს ალეშკის უწოდებს) გაემგზავრა ადამიანის უფლებების საკითხებში რუსეთის წარმომადგენელი იანა ლანტრატოვაც და გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი.
29 ოქტომბერს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ „ზვეზდას“ განუცხადა, რომ რუსი სამხედროები განაღმვის სამუშაოებს ატარებენ და მალე შესაძლებელი იქნება ალეშკის მცხოვრებთა უსაფრთხო ევაკუაცია.
მხარეებს ოფიციალურად არ უთქვამთ, რომელი მარშრუტით მოხდება ევაკუაცია. ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის წყაროთა ცნობით, ოლეშკის მცხოვრებთ ჯერ რუსეთის ქალაქ ანაპაში ჩაიყვანენ, ხოლო შემდეგ ბელარუსის ქალაქ გომელში, საიდანაც ისევ უკრაინაში გაემგზავრებიან.
ჰუმანიტარული კატასტროფა და დროებითი ზავი
ოკუპირებული ოლეშკი მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს ქალაქ ხერსონთან, რომელიც მარჯვენა ნაპირზეა და უკრაინის კონტროლქვეშ რჩება.
კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ოლეშკიზე მუდმივ დარტყმებში, რომელთა გამოც ქალაქის მცხოვრებთათვის შეუძლებელი იყო საჭირო პროდუქტების მიწოდება,
ოლეშკისა და მის მეზობელ სოფლებში ჰუმანიტარული კატასტროფა შეიქმნა.
23 ოქტომბერს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მონაწილეობით რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე ოლეშკის რაიონში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მომზადდეს მოსახლეობის ევაკუაცია.
ცეცხლის დროებით შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
მოხალისეთა ჯგუფების მონაცემებით, 2026 წლის შემოდგომისთვის ქალაქ ოლეშკიში დარჩენილია დაახლოებით 1500-1700 ადამიანი, მეზობელი სოფლების ჩათვლით კი - დაახლოებით 6000, მათ შორის 200-მდე ბავშვი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ჰუმანიტარული მისიის რეალიზაციისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…