საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
მადრიდის რეალმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ჩინელ ხალხს კილიან მბაპეს განცხადების გამო ბოდიში მოუხადა. ფეხბურთელმა ჩინეთის ყოფილ ლიდერს მაო ძედუნს დიქტატორი უწოდა, რის გამოც ჩინეთში ლა ლიგის ტრანსლირება შეწყდა.

მადრიდის "რეალმა" ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გუნდის ვარსკვლავის კილიან მბაპეს განცხადების გამო, ჩინელ ხალხს ბოდიშს უხდის.
შეხსენებისთვის, ფრანგმა საკუთარ თავთან დაკავშირებულ ცნობილ ინტერნეტ-მიმზე საუბრისას, ჩინეთის ყოფილ ლიდერს, მაო ძედუნს "დიქტატორი" უწოდა.
ამ ინციდენტის გამო, ფეხბურთელს ჩინეთში "აკრძალული პერსონის" სტატუსი მიენიჭა, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია ის, რომ რამდენიმე მსხვილმა სატელევიზიო კომპანიამ ჩინეთში "ლა ლიგის" მატჩების ტრანსლირება შეწყვიტა.
კილიანმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, მაგრამ სკანდალი იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ მხოლოდ თავად მბაპეს ბოდიში საკმარისი არ იყო, რის გამოც "რეალმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"საფეხბურთო კლუბი მადრიდის "რეალი" ბოდიშს უხდის ჩინელ ხალხს იმ უსიამოვნო განცდების გამო, რაც შესაძლოა ჩვენი ფეხბურთელის, კილიან მბაპეს ბოლოდროინდელმა განცხადებებმა გამოიწვია.
ჩვენი კლუბი ღრმა პატივისცემით ეპყრობა ჩინეთს, მის ისტორიას, კულტურასა და მოქალაქეებს, ასევე იმ მილიონობით ჩინელ გულშემატკივარს, რომლებიც "რეალის" მიმართ სითბოსა და აღტაცებას გამოხატავენ.
კლუბი უერთდება კილიან მბაპეს საჯარო ბოდიშს, რომელშიც ფეხბურთელმა თავისი სიტყვების გამო სინანული გამოთქვა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინელი ხალხისადმი პატივისცემა.
"რეალი" ადასტურებს ერთგულებას პატივისცემის, თანაცხოვრებისა და კულტურათშორისი გაგების ღირებულებებისადმი და გამოთქვამს სურვილს, განაგრძოს იმ მეგობრული და თბილი კავშირების განმტკიცება, რომლებიც კლუბს ჩინეთთან და მის მოქალაქეებთან აკავშირებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…