გიორგი შარაშიძე - „ოცნებას“ აქვს საქართველოს აზარტული თამაშების ქვეყნად გადაქცევის მცდელობა - საპატრიარქოს ვთხოვთ, ჩაერთოს და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით, დაგვეხმაროს, რომ „ოცნებას“ ამ მავნებლური კანონის მიღება შევაჩერებინოთ
დეპუტატი გიორგი შარაშიძე „ქართულ ოცნებას“ საქართველოს აზარტული თამაშების ქვეყნად გადაქცევის მცდელობაში ადანაშაულებს და საპატრიარქოს მოუწოდებს, სამორინეებში საერთაშორისო ტურნირების დაშვების შესახებ კანონპროექტის შეჩერებაში ჩაერთოს.

„ოცნებას“ აქვს საქართველოს აზარტული თამაშების ქვეყნად გადაქცევის მცდელობა - საპატრიარქოს ვთხოვთ, ჩაერთოს ამ საქმის განხილვაში და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით, დაგვეხმაროს, რომ როგორც მინიმუმ, “ოცნებას” ამ მავნებლური კანონის მიღება შევაჩერებინოთ, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით მიღება ეჭვებს აჩენს.
“ოცნებას” აქვს საქართველოს აზარტული თამაშების ქვეყნად გადაქცევის მცდელობა. ამას “ოცნება” ამართლებს ტურიზმის განვითარებით და დიდი ბოდიში, მაგრამ რა ტურიზმის განვითარებაზეა საუბარი?! თუ ტურიზმი გვინდა, კი ბატონო, ეგრე პროსტიტუციაც შეიძლება დააკანონოს “ოცნებამ” და აყვავდება ტურიზმი. ასევე, ნარკომანია შეიძლება დააკანონოს და კიდევ უფრო აყვავდება ტურიზმი. კითხვა დგას შემდეგში - გვინდა ასეთი ტურიზმი? გვინდა ასეთი ეკონომიკა?! გვინდა ჩვენი შვილების, ახალგაზრდების და ოჯახების დაღუპვის ხარჯზე გამდიდრება?! ეს არის სწორედ “ოცნების” მიზანი. როდესაც “ოცნებამ” გადაწყვიტა პარტიების აკრძალვა, მისი მთავარი მიზანი არის ის, რომ ყოველგვარი ოპონირების, წინააღმდეგობის გარეშე მიიღოს ქვეყნისთვის ასეთი დამღუპველი კანონები. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო საქართველოს საპატრიარქოს, რომ დაგვეხმარონ, ჩაერთონ ამ საკითხში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. “ოცნება”, როგორც ყოველთვის, საკუთარი ძალაუფლებით სარგებლობს და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება აზარტული თამაშების ამ დონეზე განვითარება საქართველოში.
ორშაბათს კანონი შემოვიდა, სამშაბათს უკვე განიხილა პარლამენტმა და დღეს უკვე მეორე მოსმენით უნდა მიიღოს. რა ისეთი გადაუდებელი ამოცანაა აზარტული თამაშების დაკანონება, რომ ასეთი დაჩქარებული წესით სურს “ოცნებას” ამ კანონის მიღება?! რა თქმა უნდა, ეს, როგორც მინიმუმ, ეჭვებს აჩენს,” - განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მხარი საკანონმდებლო პაკეტს დაუჭირა, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება. ცვლილებები ამ მიმართულებით “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონსა და კიდევ ოთხ გამომდინარე კანონში შედის. ინიციატივას, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, 28 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. კანონის პროექტის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი განისაზღვრება როგორც თამაშობა, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს და სადაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. პროექტით დგინდება, რომ თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის იყენებს და ტურნირის საპრიზო ფონდი 3-მილიონ ლარს აღემატება, ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის. ცვლილებით ასევე დგინდება შესაბამისი პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც 50 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება. არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის წესის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 150 ათას ლარი იქნება.პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განმარტა, რომ საერთაშორისო აზარტული ტურნირი პირდაპირი გაგებით აზარტული თამაში არ არის და ასეთი შეჯიბრება ევროპის არაერთ ქალაქში ტარდება. მისი თქმით, ინიციატივის მიზანი არატურისტულ სეზონებში ტურისტული სექტორის განვითარების ხელშეწყობაა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…