ისრაელში ხმის მიცემა დასრულდა – ცნობილია ეგზიტპოლის შედეგები
ეგზიტპოლების თანახმად, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე კოალიცია საპარლამენტო უმრავლესობას კარგავს, თუმცა მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 61 მანდატს ვერც მისი ოპონენტის, გადი აიზენკოტის ბლოკი იღებს.

ისრაელში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ადგილობრივი დროით საღამოს 20:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 74.3% შეადგინა.
უწყების ცნობით, ხმა მისცა სულ 5 449 277-მა ამომრჩეველმა. 2022 წელს არჩევნებზე აქტივობა იმავე საათისთვის 66.3% იყო.
AXIOS იუწყება, რომ ეგზიტპოლების თანახმად, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე კოალიცია, სავარაუდოდ, კარგავს საპარლამენტო უმრავლესობას, თუმცა მთავრობის შესაქმნელად საჭირო 61 მანდატი არც მის ოპონენტს, გადი აიზენკოტის ბლოკს აქვს.
სრაელის მე-13 არხის ცნობით, აიზენკოტის ხელმძღვანელობით შექმნილი ბლოკი 53 მანდატს მოიპოვებს, ხოლო ნეთანიაჰუს ბლოკი — 50-ს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი „კანი“ იუწყება, რომ აიზენკოტის ბლოკი 55 მანდატს მიიღებს, ნეთანიაჰუს ბანაკი — 50-ს.
მე-12 არხის ინფორმაციით, აიზენკოტის ბლოკი 52 მანდატს მოიპოვებს, ნეთანიაჰუს ბლოკი კი — 50-ს.
ოფიციალური შედეგების გამოქვეყნება თბილისის დროით 02:00 საათიდან დაიწყება. თუმცა BBC წერს, რომ დაახლოებით 600 000 ამომრჩევლის ხმა (რომელთა თითქმის მთელი ნაწილიც სამხედროებს ეკუთვნის და ხმების საერთო რაოდენობის დაახლოებით 10%-ს შეადგენს) სრულად მხოლოდ ხუთშაბათისთვის იქნება დათვლილი.
ისრაელის პარლამენტში 120 ადგილია და ქვეყნის დაარსების დღიდან არცერთ პარტიას არასდროს მოუპოვებია აბსოლუტური უმრავლესობა. (უმრავლესობის მოსაპოვებლად 61 მანდატია საჭირო). საარჩევნო ბარიერი, რომელიც პარტიამ პარლამენტში მოსახვედრად უნდა გადალახოს, 3.25%-ია.
ხმების საბოლოო დათვლის შემდეგ, ისრაელის პრეზიდენტი პარტიების ლიდერებს გაესაუბრება, რათა გაარკვიოს, ვის ისურვებდნენ ისინი პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
ამის შემდეგ პრეზიდენტი დაასახელებს კანდიდატს, რომელსაც, მისი აზრით, მთავრობის ჩამოყალიბების ყველაზე დიდი შანსი აქვს.
პარტიებს შორის კოალიციის შექმნის პროცესი შესაძლოა კვირების განმავლობაში გაგრძელდეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელ Kan-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს პარტიამ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა, თუმცა არცერთ პოლიტიკურ ბლოკს მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი უმრავლესობა არ გააჩნია
ისრაელში ქნესეთის არჩევნებში უმრავლესობა ვერც ერთმა ბლოკმა ვერ მოიპოვა - ხმების დათვლა გრძელდება, წინ...
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…