თორნიკე რაზმაძე 3000 ლარით დააჯარიმეს — „მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის საქმე“
მოსამართლე ნინო ენუქიძემ აქტივისტი თორნიკე რაზმაძე წვრილმანი ხულიგნობის საბაბით 3 000 ლარით დააჯარიმა. რაზმაძის მტკიცებით, მისი კომენტარი რუს პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანს ეხებოდა, ხოლო შსს-მ და „ქართულმა ოცნებამ“ ის პრემიერ ირაკლი კობახიძეზე თავდასხმად წარმოაჩინეს.

მოსამართლე ნინო ენუქიძემ, წვრილმანი ხულიგნობის, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინების საბაბით, აქტივისტი და ბლოგერი თორნიკე რაზმაძე 3000 ლარით დააჯარიმა.
სახდელის სახით ჯარიმის მაქსიმალურ ოდენობას სწორედ შსს ითხოვდა.
საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარს ეხება, რომელიც, რაზმაძის მტკიცებით, კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის მისამართით დაწერა. კომენტარი როგორც შსს-მ, ისე „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებმა წარმოაჩინეს, როგორც კობახიძეზე და „ქართული ოცნების“ მთავრობაზე თავდასხმა.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შსს-ს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ როგორც ქართველებს, უწყებაში ესმოდათ ოკუპანტების მიმართ დამოკიდებულება და სიმონიანის მიმართ შეურაცხყოფას არ აქცევდნენ ყურადღებას.
„3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო. მაგრამ, სამაგიეროდ, ამის შემდეგ ხსნილია: ოკუპანტების დედაც „ნა კალენიახ“ და კიდევ იმათი, ვინც ჩვენს ისტორიას და კულტურას შეურაცხყოფს!“ — დაწერა თორნიკე რაზმაძემ.
მანამდე კი, საქმის განხილვის ეტაპზე, განმარტა:
„მე რომ კობახიძის შეურაცხყოფა მნდომებოდა, რომელზეც უკეთესი წარმოდგენა არ მაქვს ვიდრე სიმონიანზე, ვიტყოდი, შენი გეორგიევსკის ტრაქტატი ასე და ისე-მეთქი. გავიმეორე სიმონიანის სიტყვები და მიემართებოდა ჩემი სიტყვები მას. თქვენ რომ სულ მე დამიჯეროთ [მიმართავს მოსამართლეს], კანონი თქვენც გბოჭავთ, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქის შეურაცხყოფაზე არაფერია ნათქვამი. ჩემს საქმეზე მეტი პრობლემა ეს კანონია. ასე აღიქვეს, რომ კობახიძეს მივაყენე შეურაცხყოფა, აგერ ვარ, ვეუბნები, არა მეთქი და…“ — თქვა თორნიკე რაზმაძემ სასამართლოში.
ბლოგერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძის, „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულია, მაგრამ იმ კონკრეტულ კომენტარში, რომელსაც მას შსს ედავება, გულისხმობდა მხოლოდ რუს პროპაგანდისტებს.
სანამ მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, შსს-ს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ დამატებითი მტკიცებულებაც წარმოადგინა, „პიროვნების შეფასებით მიზნით“ — თორნიკე რაზმაძის კიდევ ერთი პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც რაზმაძემ წინა სხდომის შემდეგ გამოაქვეყნა.
მარიამ კერესელიძის თქმით, რაზმაძე მიზანმიმართულად აგრძელებს სამართალდარღვევის ჩადენას და ზუსტად იმავე ფორმით, რასაც მას საწყის ეტაპზევე ედავებოდა.
„ქცევის ზოგად წესად იქცა ბატონი თორნიკე რაზმაძისთვის ამგვარი კომენტარების საჯარო სივრცეში გამოქვეყნება“, — ამბობს მარიამ კერესელიძე.
საქმეს ასევე დაერთო მტკიცებულებად თორნიკე რაზმაძის მიერ წარდგენილი შალვა პაპუაშვილის, არჩილ გორდულაძის განცხადებები საქმესთან დაკავშირებით, სადაც ისინი რაზმაძეს აყენებენ შეურაცხყოფას. თორნიკე რაზმაძის თქმით, ეს არის დასტური, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
საქმეს დაერთო ასევე რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქართველ ბლოგერს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფისთვის ასამართლებენ.
რა ხდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მოკლედ:
აქტივისტსა და ბლოგერს, თორნიკე რაზმაძეს, ედავებიან საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას ვინაობების დაუკონკრეტებლად, კერძოდ კი, კომენტარის დაწერას „ამათი დედას შევე** на коленях (მუხლებზე დამდგარს)“.
კომენტარი თორნიკე რაზმაძემ თავისსავე პოსტზე დაწერა, ვიდეოზე, რომელიც 18 აგვისტოს განათავსა სოციალურ ქსელებში და რომელშიც მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის ნათქვამებზე დაყრდნობით საუბრობდა, რამდენად ჰგავს და მეტად ემსგავსება ოკუპანტებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების ტექსტები ერთმანეთს და რომ ეს ყველაფერი იქით მიდის, „ქართული ოცნება“ რუსეთთან რაღაც ღრმა თანამშრომლობას გეგმავს, რისთვისაც საზოგადოებრივი აზრის მომზადებას ცდილობს.
„პირდაპირ ამბობენ რუსები, რომ როგორც ერთი მეფე „ირაკლი“ მაშინ შეგვეხვეწა, რომ ჩვენი მფარველობის ქვეშ მიგვეღო [იგულისხმება მარგარიტა სიმონიანის ნათქვამი, რომ ერეკლე მეორე მუხლებზე დამდგარი იხვეწებოდა რუსეთისგან მფარველობას], სხვა ირაკლებიც ასე შეგვეხვეწებიანო“, — ამბობს ვიდეოში თორნიკე რაზმაძე და კომენტარში, რომელიც გინებას შეიცავს ადრესატის დაუკონკრეტებლად და რის გამოც ახლა სასამართლოში ედავებიან, სწორედ მარგარიტა სიმონიანის ციტატას იყენებს („на коленях“). როგორც თავად განმარტავს, სიმონიანის სიტყვების გამოყენებით თავად სიმონიანს და ვლადიმერ სოლოვიოვს აგინებდა და ეს ცხადი უნდა ყოფილიყო.
თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის განხილვა სასამართლომ 29 სექტემბერს დაიწყო. მაშინ თორნიკე რაზმაძე სასამართლოში მარტო მოვიდა, ადვოკატის გარეშე. სასამართლო მაშინვე დატოვა, როცა მოსამართლემ დაუზუსტა, რომ ედავებოდნენ არა თანამდებობის პირის შეურაცხყოფას („ოცნების“ რიტორიკის თანახმად, ირაკლი კობახიძის) არამედ წვრილმან ხულიგნობას (აქტივისტის თანახმად, სიმონიანისა და სოლოვიოვისთვის შეგინებას).
შინაგან საქმეთა სამინისტრო მანამდეც ირწმუნებოდა, რომ თორნიკე რაზმაძეს არა რუსი პროპაგანდისტების, არამედ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება, თუმცა რაზმაძე განმარტავდა, რომ ეს საზოგადოების მკვეთრმა რეაქციამ გამოიწვია.
შალვა პაპუაშვილმა თორნიკე რაზმაძეს ემოციურად დაზიანებული, ემოციური კრიზისების მქონე პიროვნება უწოდა, თქვა, რომ „პანიკური შეტევები აქვს, თითქოს მას სჯიან, რუს პროპაგანდისტს მიაყენა შეურაცხყოფა“. თავის მხრივ, რაზმაძემ ეს მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების სტიგმატიზებად შეაფასა.
ფაქტია, თორნიკე რაზმაძეს კომენტარში, რაზეც ედავებიან, არცერთი თანამდებობის პირისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. საქმის წარმოება მაინც დაიწყეს და შსს-ს მოუწია, როგორც წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ თავადვე თქვა სასამართლოში, სხვა მუხლი „აერჩია“.
166-ე მუხლი, რომლითაც რაზმაძეს ედავებიან, ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3 000 ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო. მაგრამ, სამაგიეროდ, ამის შემდეგ ხსნილია: ოკუპანტების დედაც „ნა კალენიახ“ და კიდევ იმათი, ვინც ჩვენს ისტორიას და კულტურას შეურაცხყოფს!“
„მე რომ კობახიძის შეურაცხყოფა მნდომებოდა, რომელზეც უკეთესი წარმოდგენა არ მაქვს ვიდრე სიმონიანზე, ვიტყოდი, შენი გეორგიევსკის ტრაქტატი ასე და ისე-მეთქი. გავიმეორე სიმონიანის სიტყვები და მიემართებოდა ჩემი სიტყვები მას. თქვენ რომ სულ მე დამიჯეროთ [მიმართავს მოსამართლეს], კანონი თქვენც გბოჭავთ, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქის შეურაცხყოფაზე არაფერია ნათქვამი. ჩემს საქმეზე მეტი პრობლემა ეს კანონია. ასე აღიქვეს, რომ კობახიძეს მივაყენე შეურაცხყოფა, აგერ ვარ, ვეუბნები, არა მეთქი და…“
„ქცევის ზოგად წესად იქცა ბატონი თორნიკე რაზმაძისთვის ამგვარი კომენტარების საჯარო სივრცეში გამოქვეყნება“
„პანიკური შეტევები აქვს, თითქოს მას სჯიან, რუს პროპაგანდისტს მიაყენა შეურაცხყოფა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…