ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სახელმწიფო კომპანიაში, რომელმაც 2 წელში 17 მილიონი იზარალა, მრჩევლებს 913 ათასი ლარი გადაუხადეს – აუდიტი

საქართველოს მთავრობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშით, „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ“, რომელმაც ორ წელში 17 მილიონი ლარი იზარალა, დირექტორის მრჩევლებს ხელფასებში 913 ათასი ლარი გადაუხადა, ხოლო თანამშრომლებზე 1,58 მილიონი ლარის ფულადი ჯილდო გასცა.

სახელმწიფო კომპანიაში, რომელმაც 2 წელში 17 მილიონი იზარალა, მრჩევლებს 913 ათასი ლარი გადაუხადეს – აუდიტი
სახელმწიფო კომპანიაში, რომელმაც 2 წელში 17 მილიონი იზარალა, მრჩევლებს 913 ათასი ლარი გადაუხადეს – აუდიტიბათუმელები

სახელმწიფო შპს-ს, „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ დირექტორის მრჩევლებს ხელფასებში 913 ათასი ლარი გადაუხადეს 2 წელში, მაშინ როდესაც ეს წლები კომპანიამ 17-მილიონიანი ზარალით დაასრულა.

იმ წლებში, როცა კომპანიას დიდი ზარალი მიადგა, „განსაკუთრებული როლის შესრულებისთვის“ კომპანიის თანამშრომლებზე გაიცა ფულადი ჯილდოც – ჯამში 1,58 მილიონი ლარი.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით „აქტივების მართვის კომპანიაში დირექტორის მრჩევლების დასაქმების და საქმიანობის პრაქტიკა მნიშვნელოვანი ხარვეზებით გამოირჩევა.

მრჩევლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების უმეტესობა არ შეიცავს ინფორმაციას მათი კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობების შესახებ, რაც არ იძლევა დირექტორის მრჩევლების საქმიანობის შედეგების კონტროლისა და შეფასების შესაძლებლობას“.

ამასთან, „2023-2024 წლებში დირექტორის მრჩევლებისთვის გადახდილმა შრომის ანაზღაურებამ 913 ათას 252 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. შესაბამისად, ვერ დასტურდება მრჩევლების პოზიციების არსებობის საჭიროება, გაწეული ხარჯების ეკონომიურობა, შესრულებული სამუშაოების მოცულობა და მიღწეული შედეგები“ – წერს აუდიტი.

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით კი, „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ დირექტორმა ირაკლი მუკნიაშვილმა 2024 წელს ამ თანამდებობაზე ხელფასის სახით ხელზე აიღო 105 ათას 472 ლარი, ხოლო მომდევნო 2025 წელს – 107 ათას 372 ლარი.

აუდიტის მიხედვით, შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ“ 2023 და 2024 საანგარიშგებო წლები დაასრულა ფინანსური ზარალით, რამაც ჯამში შეადგინა 17.03 მილიონი ლარი, საიდანაც 15.34 მილიონი ლარის ეფექტი გამოწვეულია შემდეგი არასაოპერაციო ანგარიშებიდან: „ინვესტიციების გაუფასურების ხარჯი“, „მოგება-ზარალი საინვესტიციო ქონების გადაფასებიდან“ და „სხვა მოგება“.

„აქტივების მართვის კომპანიაში“ არ არის უზრუნველყოფილი სამუშაო დროის მართვასა და შრომის ანაზღაურების დარიცხვაზე ზედამხედველობის ეფექტიანი კონტროლის სისტემა, რის გამოც კომპანიის მიერ შრომის ანაზღაურებაზე 2023-2024 წლებში 69 160 ლარის ოდენობის ხარჯი გაწეულია არამიზნობრივად“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აქტივების მართვის კომპანიის თანამშრომლებზე, 2023-2024 წლებში, მატერიალური წახალისების სახით გაცემულმა ფულადმა ჯილდომ ჯამში – 1 589 862 ლარი შეადგინა, საიდანაც 1 165 677 ლარი, მოხსენებითი ბარათების მიხედვით, უკავშირდებოდა განსაკუთრებული როლის შესრულებას კომპანიის ძირითადი ფუნქციების განხორციელებაში, ხოლო 424 185 ლარი – სადღესასწაულო დღეებს.

აქტივების მართვის კომპანიაში არ არის დადგენილი წახალისების გამოყენების წესი, რომელიც განსაზღვრავდა ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლებს.

„განსაკუთრებული როლის შესრულებისთვის თანამშრომლებზე გაცემულ ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით, კომპანიამ ვერ წარმოადგინა დასაბუთება.

სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათები არ მოიცავს ინფორმაციას წახალისებისთვის წარდგენილი თანამშრომლების მიერ შესრულებული კონკრეტული როლის შესახებ.

წახალისების გამოყენების წესის, მკაფიო კრიტერიუმებისა და დასაბუთებული გადაწყვეტილებების არარსებობა მიუთითებს თანამშრომელთა წახალისების მექანიზმების არაგამჭვირვალე ხასიათზე. აღნიშნული ზრდის ფულადი ჯილდოს სუბიექტურად განსაზღვრის და ფინანსური რესურსების არაეკონომიურად და არაეფექტიანად გამოყენების რისკს“ – წერს აუდიტი.

აუდიტი ყურადღებას ამახვილებს ასევე სახელმწიფო კომპანიის მიერ სხვადასხვა დარღვევებსა და ნაკლოვანებებზე, მათ შორის:

არარაციონალურ სახელმწიფო შესყიდვებზე – შპს „თბილი სახლისთვის“ არაეკონომიურად ანაზღაურებულია 1 258 134 ლარი;

შემზღუდავ სატენდერო მოთხოვნებზე – ქუთაისში, ყოფილი საპარლამენტო კომპლექსის შენობებში განთავსებული აგრეგატების ტექნიკური შემოწმებისა და ტესტირების მომსახურების სამუშაოებთან დაკავშირებით, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, სადაც პრეტენდენტებისგან მოთხოვნილი იყო შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების, მინიმუმ, 500% შესრულების გამოცდილება… „აქტივების მართვის კომპანიას“ უნდა მოეთხოვა მსგავსი გამოცდილების შესრულების 180%-დან 270%-მდე მაჩვენებელი. აღნიშნული მიდგომით, სატენდერო პირობა იქნებოდა ნაკლებად შემზღუდველი, რაც ხელს შეუწყობდა კონკურენტული გარემოს შექმნას.

შესყიდვის კანონმდებლობის გვერდის ავლით განხორციელებულ შესყიდვაზე – „აქტივების მართვის კომპანიამ“ შრომითი ხელშეკრულებით დაიქირავა ფიზიკური პირი, რომლის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, 25 510 ლარს შეადგენდა. აღნიშნული ქმედებით, უგულებელყოფილია შესყიდვების კანონმდებლობის სამართლებრივი, ორგანიზაციული და ეკონომიკური პრინციპები.

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების ნაკლოვანებებზე – საშემფასებლო-აუდიტორული მომსახურების ტენდერით მოთხოვნილი იყო, რომ პრეტენდენტს უნდა ჰყოლოდა შესაბამისი გამოცდილების მქონე, მინიმუმ, სამი თანამშრომელი. სატენდერო კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნის გარეშე ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა პირი, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობას.

რაც შეეხება ავტომობილებსა და საწვავის ხარჯს, აუდიტი აღნიშნავს, რომ „აქტივების მართვის კომპანიის“ ბალანსზე 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ირიცხებოდა 14 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც ექვსი ერთეულით აჭარბებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს. ზემოხსენებულ ექვს ავტომობილზე კი 2023-2024 წლებში გახარჯულია მინიმუმ 72 436 ლარის ღირებულების – 23 495 ლიტრი საწვავი. ავტოპარკში დადგენილზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების არსებობა წარმოშობს არაეკონომიური ხარჯების გაწევის რისკს“.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით „აქტივების მართვის კომპანიაში“, 2023 წელს, ხელშეკრულებით ერთდროულად დასაქმებული იყო დირექტორის ათი მრჩეველი, ხოლო 2024 წელს − ცხრა მრჩეველი. ამასთან აუდიტი ანგარიშის შენიშვნებში დირექტორის მრჩევლებთან დაკავშირებით წერს, რომ „აღნიშნული პოზიციები 2025 წლის 1 ნოემბრიდან არაანაზღაურებადია“.

შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“, რომელსაც შვილობილი კომპანიებიც გააჩნია, 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა.

„აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ საქმიანობა მოიცავს მის საკუთრებაში არსებული აქტივების მართვასა და იჯარით გაცემას; სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას; სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას; ასევე „საზოგადოებრივი და პარტნიორის ინტერესების გათვალისწინებით მობილური ოპერატორების მოთხოვნის საფუძველზე კავშირგაბმულობის ზონების გაზრდის ხელშეწყობას“.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „აქტივების მართვის კომპანია“ 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 113 219 980 ლარის ღირებულების საინვესტიციო ქონებას ფლობდა.

შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ 2023-2024 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2026 წლის 26 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აუდიტის სამსახურმა პროკურატურაში კიდევ ერთი სახელმწიფო კომპანიის საქმიანობის ანგარიში გაგზავნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები