გიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნას უკავშირდება, სასამართლოში დავით სუჯაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, რომელიც გიორგი გახარიას ბრალდებას უკავშირდება, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის, დავით სუჯაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი აძლევს ჩვენებას.
დღესვე, დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის შემდეგ ჩვენებას მისცემს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი წევრი, ლევან იზორია. ის უკვე იმყოფება საქალაქო სასამართლოში.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან პროცესის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.
ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.