VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ეროვნულ ლიგაში „იბერია 1999-მა“ ქუთაისის „ტორპედო“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა, მეორე ადგილზე დაბრუნდა და გათამაშების ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ ერთქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა.
ეს იყო ორი განსხვავებული ტაიმი. პირველ ნახევარში "იბერიას" დიდი უპირატესობა ჰქონდა, "ტორპედო" კი ინერტული იყო და 3 უპასუხო გოლიც მიიღო (კინაღამ მეოთხეც). თამამად შეიძლება ითქვას - თამაში ამ სცენარით რომ გაგრძელებულიყო, ქუთაისელები კატასტროფული ანგარიშით წააგებდნენ.
როგორ ჩანს, "ტორპედო" თავმოყვარეობამ შეაწუხა და მეორე ტაიმში მოედანზე "სხვა" გუნდი გავიდა. შუსტერის ოთხმაგმა შეცვლამაც გაამართლა და ქუთაისელებმა მარწუხებს მოუჭირეს. ამჯერად "იბერიას" გაუმართლა, რომ სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს.
თბილისელებს იმდენად გაექცათ ხელიდან თამაშის სადავეები, ლევან კორღალიძემ არად ჩააგდო ნაოპერაციები ფეხი, ყავარჯნებით გავიდა აუტის ხაზთან და შეგირდებს მითითებები მისცა. შეიძლება ითქვას, საფინალო სასტვენმა "იბერიას" სულზე მიუსწრო.
ასეა თუ ისე, მოქმედმა ჩემპიონთა გაიმარჯვა, დაბრუნდა მეორე ადგილზე და კვლავ ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ ბათუმის "დინამოს". მომდევნო ტურში (31 ოქტომბერი) "იბერია" კიდევ ერთ კონკურენტს, თბილისის "დინამოს" შეხვდება.
მე-7 ადგილზე მყოფ "ტორპედოს" კი სულ რაღაც 7 ქულა აშორებს პლეი-აუტის ზონიდან. ქუთაისელებს უმართლებთ იმ მხრივ, რომ "სპაერი" და "გაგრაც" ვერ ყოჩაღობენ, თორემ გვარიანი ბრძოლა მოუწევდათ საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
იბერია 1999-ტორპედო 3:2
1:0 ნაჭყებია (17, სელიმოვიჩის პასით), 2:0 ძაგანია (27), 3:0 ბერიძე (40, ნაჭყებიას პასით), 3:1 მამუჩაშვილი (49, დეისაძის პასით), 3:2 პირესი (68, მამუჩაშვილის პასით)
იბერია: მაკარიძე, ქობულაძე, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი (ჩანჩარი 46), ჯინჯოლავა (ტიბუე 36), დადიანი, ქარდავა (ალჰასანი 69), ბერიძე (კუცია 82), სიხარულაშვილი (კაფე 69), ნაჭყებია, ძაგანია
ტორპედო: გოშაძე, ლაცაბიძე (კოხრეიძე 78), ბუკია (ლომინაძე 46), შიმიჩი, სტამატოვი (ნადარაია 46), მამუჩაშვილი, ითრაქი, არაბიძე (შულაია 46), პირესი, პენსონი (კუპრავა 46), დეისაძე
არბიტრი: ირაკლი შენგელია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…