ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...

ეროვნული ლიგის 29-ე ტურში „იბერია 1999-მა“ სტუმრად „დილა“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. გორელებმა მეტოქესთან ბოლო რვა მატჩიდან ვერცერთის მოგება ვერ შეძლეს.

29-ე ტურის ბოლო მატჩში "იბერია 1999-მა" სტუმრად დაამარცხა "დილა" და აგრძელებს ბრძოლას ტიტულის დასაცავად. გორელები კი, ეტყობა, შეურიგდნენ იმ პერსპექტივას, რომ ვერც საპრიზო ადგილზე გავლენ (თეორიულად, გორელებს ამის შანსი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს), არც გავარდებიან.

ამიტომ, მთელი აქცენტი ახლა თასის გათამაშებაზე აქვთ გადატანილი. ეს არის გზა, რომელმაც გორელები, შეიძლება, ევროპაზე გაიყვანოს, თუმცა იოლი იქაც არ იქნება - ბერძენი სპეციალისტის, დიამანტის ვავალისის გუნდს ნახევარფინალში ბათუმის "დინამოსთან" უწევს დაპირისპირება...

მოკლედ, ასეა თუ ისე, "დილამ" ეს სეზონი ჩააგდო, რაც კარგად ჩანს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის დაცარიელებული ტრიბუნებითაც. ვერ ვიტყვით, რომ "დილამ" არ იბრძოლა, მაგრამ ფაქტია, გუნდს მთელი მატჩის განმავლობაში ხეირიანი შეტევა არ ჰქონია. აღარაფერს ვამბობთ საგოლე მომენტზე.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტია - ბოლო ორ ჩემპიონატში "იბერიამ" 8 თამაში ჩაატარა "დილასთან" და ყველა მოუგო. დაგვეთანხმებით, ასეთი მაჩვენებელი ბევრ ლიდერს აუტსაიდერთანაც არ აქვს. ხომ არ ჩამოუყალიბდა "დილას" "იბერიას" სინდრომი? მით უმეტეს, შარშანდელი გორული 0:6-ის შემდეგ?.. პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...

"იბერიამ" პრაგმატულად ითამაშა - 3 ქულად აიღო და "მიალბისთან" კონფერენსლიგის მე-2 ტურის თბილისური მატჩის წინ უსაშველოდაც არ დაღლილა. თუმცა, ვფიქრობთ, პარალელურად ევროთასებზე თამაში ხელს შეუშლის "იბერიას" საშინაო საქმეებს. საამისოდ ორი, მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის შემადგენლობაა საჭირო.

29 ტურის შემდეგ 53 ქულით კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს ბათუმის "დინამო", 52-52 ქულა აქვთ "რუსთავს" და "იბერიას", მე-4 ადგილზეა თბილისის "დინამო" 51 ქულით. მომდევნო ტურში (26 ოქტომბერი) "იბერია" "ტორპედოს" უმასპინძლებს, ხოლო 24 ოქტომბერს "დილა" "მეშახტეს" ესტუმრება.

დილა-იბერია 1999 0:2

0:1 ძაგანია (42, ქობულაძის პასით), 0:2 კაფე (51)

დილა: სანიკიძე, კიკაბიძე, არაუჟო (ეტოუ 75), პუკეტი (ზარგარი 52), სანიანგი, დიუფი (ჯალაღონია 64), ანოფი, მენთეშაშვილი, ფარულავა (ედჰარტი 64), კანტე (გოგობერიშვილი 64), შეყილაძე

იბერია: მაკარიძე, ქობულაძე, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა (ბერიძე 80), ქარდავა (ალჰასანი 86), დადიანი (კუცია 75), სიხარულაშვილი (ბართიშვილი 80), კაფე (ნაჭყებია 75), ტიბუე, ძაგანია

არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
გოგლიჩიძე ისევ ყოჩაღობს - "მონცამ" "კალიარი" გაანადგურაწაიკითხე

უახლესი ამბები