[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
NBA-ის რეგულარულ სეზონში „ლეიკერსმა“ „იუტა ჯაზი“ 132:123 დაამარცხა. ლუკა დონჩიჩმა 52 ქულა, 7 მოხსნა და 10 პასი დააგროვა, ხოლო სანდრო მამუკელაშვილმა 21 წუთში 9 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მესამე ტურში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "იუტა ჯაზი" 132:123 დაამარცხა.
"ანგელოზების" რიგებში სანდრო მამუკელაშვილი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
ჯეი ჯეი რედიკმა სანდრო ცენტრის პოზიციაზე ათამაშა, რადგან უოლკერ კესლერმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სუსტი შეხვედრა ჩაატარა. ამერიკელმა ცენტრმა 28 წუთში მხოლოდ 2 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. გუნდის ნომინალური მეორე ცენტრის, კევონ ლუნის თამაში კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რის გამოც, სანდრო ხუთი ნომრის პოზიციაზე დაიტვირთა.
სამაგიეროდ, "კლიპერსთან" არც თუ ისე კარგი შეხვედრის შემდეგ, "ლეიკერსის" ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა "სოლტ-ლეიკ სიტიში" გაიბრწყინა. სლოვენიელმა 39 წუთში 52 ქულა, 7 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა. უკანახაზელს ტრადიციულად მხარი ოსტინ რივზმა აუბა, რომელმაც 36 წუთში საკუთარ გუნდს 29 ქულა, 1 მოხსნა და 4 ასისტი შესძინა.
"იუტადან" საუკეთესო ლაური მარკანენი გახდა. ფინელმა 38 წუთში 28 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.
ამრიგად, "ლეიკერსი" 3-დან 3 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს, "კალიფორნიელები" მორიგ შეხვედრას 28 ოქტომბერს, "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის" წინააღმდეგ გამართავენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…