“რა აერთიანებთ სსრკ-ზე დაღონებულთ და რეიგანის ამერიკაზე ნოსტალგირებულთ, მიხვდებოდით, ალბათ” – ზურაბ გურული
პროფესორ ზურაბ გურულის შეფასებით, სსრკ-ის მსგავსად, დღეს დასავლურმა სისტემამაც დაიწყო რყევა, ხოლო ადამიანებს სისტემური კრიზისის მიზეზების გააზრება უჭირთ და პროცესების პროექცირებას კონკრეტულ ინდივიდებზე ახდენენ.

მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
სისტემა და ინდივიდები
————————–
არაერთხელ მისაუბრია ადამიანებთან, რომლებიც სსრკ-ს მისტირიან. ცხადია, მათ შორის არ არიან ისინი, ვინც წარმატებით მოერგო ახალ დროებას.
საუბრისას დუმილს ვინარჩუნებ და ვუსმენ მათ არგუმენტებს, სუბიექტური ელფერით შეფერილთ, ზოგჯერ ობიექტურს.
ეს არგუმენტები ყველამ იცით. გაჭირვებაში მცხოვრები ინტელექტუალები ძირითადათ ერთ რამეს მისტირიან: -ნასწავლი კაცის დაუფასებლობას და ე.წ. ბიზნესმენების აყვავებას. კამათს აზრი არა აქვს. ვერ აკადრებ, რომ ნამდვილი ცოდნა ახლაც დაფასებულია შესაბამისად და რომ ის ბიზნესმენები ქმნიან რეალურ ეკონომიკას, რომელმაც ჩაანაცვლა საბჭოთა ფსევდო-ეკონომიკა; რომ ამერიკის ერთ ქალაქს, ნიუ იორკს, მთელ კონტინენტზე გადაჭიმული რუსეთის ეკონომიკაზე უფრო დიდი ეკონომიკა აქვს.
ენაწყლიანად ყვებიან, როგორი სიიაფე იყო; როგორ იყო ყველა დასაქმებული; როგორ არ შიმშილობდა არავინ; როგორ ხვრეტდნენ გაჯეჯილებულ კორუფციონერებს და ა.შ.
ასეთ საუბარს ერთი მარტივი შეკითხვით ვასრულებ, სრულიად უმტკივნეულოდ:
-ესეიგი თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი არაბუნებრივად იაფი და ხელმისაწვდომი იყო, ხომ? –
-დიახ! – მპასუხობენ ხალისიანი ენთუზიაზმით.
-ჰოდა, ბატონო ჩემო, არაბუნებრივი რომ იყო ყველაფერი და რომ ყველა ვითომ მუშაობდა და თან სახელმწიფო ვითომ რომ ხელფასს გიხდიდათ, იმიტომ დაინგრა ეგ ქვეყანა. ბუნება ყოველთვის იმარჯვებს და არც რეიგანია დამნაშავე და არც გორბაჩოვი. უაზრო ხუხულა თავისით დაინგრა – ვუხსნი მშვიდად, -სტალინს ეს უაზრობა ეჭირა შიშით და ტერორით, როგორც კი ეს ფაქტორი გაქრა, ძალადობაზე აგებულმა ალოგიკურმა სისტემამ დაიწყო დაშლა და ბოლოს დაიქცა -.
რატომ გამახსენდა ეს საუბრები …
გამახსენა იმ ადამიანების მსჯელობა-არგუმენტაციებმა, რომლებიც ამერიკაში და მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ბოლო ადმინისტრაციასთან აკავშირებენ და დანანებით იხსენებენ მსოფლიო სიმშვიდეს და აწყობილ ეკონომიკას.
შეუძლებელია აუხსნა ამ ხალხს, რომ სიტუაცია ბუნებრივად მივიდა დღევანდელ კონდიციამდე. რომ “გაერო” და “ჯანმო” მუდამ უაზრო, პარაზიტულ-ბიუროკრატიული წარმონაქმნები იყვნენ და არიან; რომ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო და ტრიბუნალი ფიქცია იყო და არის; რომ თავად “ნატოს” წევრებსაც არ სჯერათ მე-5 მუხლის ამოქმედების, თუ თავდასხმა მაინცდამაინც დასავლეთ ევროპის დიდ ქვეყნებზე არ მოხდება; რომ დასავლეთიდან მხოლოდ ამერიკას შერჩა რეალური სამხედრო ძალა და რომ ევროპას ფაქტიურად ჯარი არ გააჩნია, არც ფლოტი; რომ ჩინეთმა კაი ხანია გაასწრო ყველას ფლოტითაც და კონვენციური შეიარაღებითაც; რომ ჩინეთის და რუსეთის სპეც-სამსახურების პროპაგანდისტულ-დივერსიულ ქსელებს ფაქტიური კონტროლი აქვთ ამერიკა-ევროპაზე; რომ ამერიკული უმაღლესი ლიგების უნივერსიტეტები სტუდენტებს ნიჭის საფუძველზე კი არ აძლევენ უპირატესობას, არამედ რასის, სქესის და რაღაც მოგონილი ფსევდო-ჰუმანიტარული საქმიანობების გამო, რომელთა იმიტირება ამერიკის გარეთ უფრო ადვილია; რომ ამის გამო აივი ლიგის უნივერსიტეტების ე.წ. ჰუმანიტარული ფაკულტეტები ძირითადად პროფესიონალებს კი არა, საბჭოელ ნორჩ თემურელებს ამზადებს; რომ ამ პრაქტიკამ გარყვნა არამარტო ამერიკელი ახალგაზრდები, არამედ მთელი მსოფლიოდან ამერიკაში ჩამოსვლის მსურველებიც და ა.შ. და ა.შ.
და რომ მოვიდა დრო და ამ არაბუნებრივმა სისტემამაც დაიწყო რყევა და უზარმაზარი ბზარები გაუშვა, რასაც დღეს ვუყურებთ.
რა აერთიანებთ სსრკ-ზე დაღონებულთ და რეიგანის ამერიკაზე ნოსტალგირებულთ, მიხვდებოდით ალბათ.
ამ ადამიანებს უჭირთ სისტემური ნგრევის მიზეზების გააზრება და პროექცირებას აკეთებენ კონკრეტულ ინდივიდებზე. ეს არის და ეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…