ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„პარტიების აკრძალვის საქმეში ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე იმალება“ – მიხეილ შარაშიძე

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

იურისტ მიხეილ შარაშიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 5 პარტიის აკრძალვის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუს-კვოს დაკანონებას გამოიწვევს და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

სამი დღეა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საკონსტიტუციო სარჩელს, რომელი სარჩელითაც “ქართული ოცნება” 5 პოლიტიკური პარტიის გაუქმებას ითხოვს.

კონსტიტუციონალისტები და იურისტები, ასევე მოსარჩელე მხარეები, ერთხმად თანხმდებიან, რომთუკი სასარჩელო მოთხოვნას დააკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არამხოლოდ პარტიებს გააუქმებს, არამედ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სუვერენინტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

“ბათუმელები” ესაუბრა იურისტ მიხეილ შარაშიძეს მოსალოდნელ საფრთხეებზე. მიხეილ შარაშიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წლების განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი იყო.

ბატონო მიხეილ, რა სამართლებრივ და პოლიტიკურ საფრთხეებს შეიცავს სარჩელის ის ნაწილი, რომელიც 2004–2008 წლების სახელმწიფო პოლიტიკის შეფასებას ეხება?

სარჩელის იმ ნაწილს, რომელიც განსაკუთრებით პრობლემურად მიმაჩნია, ჰქვია: „2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენები“.

თუმცა იგი არა იმდენად კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, არამედ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების (2004-2008 წლებში) მიერ განხორციელებული პოლიტიკის შეფასების მცდელობაა. ანუ მისი კონსტიტუციურობის დადგენა არის მოთხოვნილი საკონსტიტუციო სასამართლოში.

ეს მიმაჩნია სერიოზულ საფრთხედ და ერთი წინადადებით შეიძლება შეფასდეს როგორც ამ დაკარგულ, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შექმნილი სტატუს-კვოს ერთგვარი დაკანონების საფრთხე საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან.

საქმე ისაა, რომ სარჩელში წარმოდგენილი პრეტენზიებისა და შეფასებების გაზიარებამ სასამართლოს მხრიდან, რომლებიც ზუსტად ჩემს მიერ დასახელებულ პერიოდს შეეხება, შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ფაქტების სასამართლო წესით დადასტურება, რაც, ჩემი აზრით, შესაძლოა, აბსოლუტურად არ შედიოდეს საქართველოს ინტერესებში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გაცხადებული პოლიტიკის ინტერესებში.

პირველი მაგალითი, რაც შეიძლება დავასახელოთ, არის მოსარჩელის მკაფიო შეფასება, რომ 2007 წელს საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სამაჩაბლოს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც საქართველოს კონტროლი ვრცელდებოდა, დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნით სამართლებრივად აღადგინა 1990 წელს გაუქმებული ავტონომიური ოლქის საზღვრები. მოსარჩელე ამას სახელმწიფო ინტერესების ღია და უხეშ ღალატად აფასებს.

უნდა ითქვას, რომ ეს ფორმულირება, თითქოს აღნიშნული მოქმედება ყოფილი ოლქის საზღვრების სამართლებრივ აღდგენას წარმოადგენდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

რეალურად 2007 წელს მიღებული კანონის საფუძველზე შექმნილი დროებითი ერთეული არ შეიძლება გაუთანაბრდეს იმ ყოფილი ოლქის აღდგენას.

ეს იყო ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ერთეული, მუნიციპალიტეტის მსგავსი, და არა პოლიტიკურ-სამართლებრივი სუბიექტი, როგორიცაა, მაგალითად, ავტონომიური ოლქი ან ავტონომიური რესპუბლიკა.

საგულისხმოა ისიც, რომ თუ ეს მოქმედება, როგორც სარჩელშია შეფასებული, სახელმწიფო ინტერესების ღალატი იყო, საინტერესოა თავად ამ კანონის ბედიც.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რომელიც 2012 წელს მოვიდა, ეს კანონი არათუ არ გააუქმა, არამედ 13 წლის განმავლობაში იყენებდა მას.

მაგალითად, 2013 წელს მასში შევიდა ცვლილებები, რომლებიც მმართველობის ფორმის ცვლილებით იყო გამოწვეული, როდესაც საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან უფრო საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავედით. პირიქით, გაძლიერდა მთავრობის ხელმძღვანელის როლი ამ დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნის პროცესში.

უფრო მეტიც, 2022 წელს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ამ დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, თამაზ ბესტაევი.

ეს კანონი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 2025 წლის 17 დეკემბერს გამოცხადდა პარლამენტის მიერ ძალადაკარგულად, მას შემდეგ, რაც თითქმის თვენახევარი იყო გასული პარტიების აკრძალვის შესახებ პირველი კონსტიტუციური სარჩელის შეტანიდან.

საინტერესოა ისიც, თუ რა მიუთითა პარლამენტმა ამ კანონის გაუქმების საფუძვლად.

კანონი, როგორც წესი, უქმდება ახალი კანონის მიღებით. ამ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტის თანდართულ განმარტებით ბარათში პარლამენტის წევრები, რომლებიც ამ კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ, აღნიშნავენ, რომ ეს კანონი, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თითქმის 13 წელი მოქმედებდა და რომელსაც თავადაც იყენებდნენ, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.

დასახელებულია კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი. ეს ის ნორმაა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხი უნდა გადაწყდეს კონსტიტუციური კანონით მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. ანუ ისინი ამბობენ, რომ დროებითი ადმინისტრაციის შექმნა ამ კონსტიტუციურ ნორმას ეწინააღმდეგებოდა.

საინტერესო რა არის, იცით? კონსტიტუციურ სარჩელში ამ არაკონსტიტუციურობის შესახებ მსჯელობა საერთოდ არ არის წარმოდგენილი და საკითხი უბრალოდ შეფასებულია როგორც სახელმწიფო ინტერესების ღალატი.

პრინციპში, სასამართლო თუ გაიზიარებს ამ შეფასებას, პრაქტიკულად ის სასამართლო წესით დაადგენს, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ სამართლებრივად აღადგინა გაუქმებული ავტონომიური ოლქის საზღვრები და, შესაბამისად, გადადგა ნაბიჯი ამ ოლქის აღდგენის მიმართულებით.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ ეს მართლაც ასე იყო ან ასე განიმარტებოდა, იცით, რა არის? ცოტა გაუგებარია, რატომ მოხდა ამ კანონის 2025 წელს უბრალოდ გაუქმება და არ მოხდა, მაგალითად, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრების მხრიდან ამ კანონის გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში, მით უმეტეს, თუ ისინი თვლიდნენ, რომ ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.

ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო კანონს განიხილავდა და, თუ არაკონსტიტუციურად გამოაცხადებდა, მაშინ თავად ის საკითხიც, რომელზეც სარჩელშია საუბარი, ამ საზღვრების სამართლებრივი აღდგენის საკითხი, არაკონსტიტუციურად გამოცხადდებოდა.

პრინციპში, ეს გარკვეული წითელი ხაზი იქნებოდა ჩვენი მხარისთვის რუსეთის მოთხოვნასთან, მაგალითად, საზღვრების დელიმიტაციასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენს მხარეს შეეძლებოდა ეთქვა, რომ ვერ მოახდენდა იმ საზღვრების დელიმიტაციას, რომელთა არსებობაც ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ, უმაღლესმა საკონსტიტუციო ინსტიტუტმა, არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

ნახვა Facebook-ზე

რადგან არსებობს მცდელობა, რომ კონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის ფარგლებში სასამართლომ დაადასტუროს ეს საკითხი, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ სამართლებრივად აღადგინა ეს საზღვრები, ეს გარკვეულწილად ქმნის იმის, მინიმუმ, პოლიტიკურ და სამართლებრივ საფუძველს, რომ, პირობითად, თუ რუსეთის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ამ დელიმიტაციაზე საუბარი დაიწყო, ხელისუფლებამ თქვას: „იცით რა, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ წინა ხელისუფლებამ ეს საზღვრები სამართლებრივად აღადგინა და მე უბრალოდ იძულებული ვარ, ამ რეალობას შევეგუო და, ასე ვთქვათ, შემდეგი ნაბიჯი გადავდგა“.

ასეთი საფრთხის შემცველია ეს საკითხი.

თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ ეს საზღვრები სამართლებრივად აღდგა, ეს, ბუნებრივია, გარკვეულ საფუძველს, თუნდაც სამართლებრივ საფუძველს, შეუქმნის რუსეთის მხარეს, რომ თქვას: „დიახ, ეს ის საზღვრებია, რომლებიც სამართლებრივად აღადგინეთ, და სწორედ მათი დელიმიტაციას ვითხოვ“.

საკონსტიტუციო სარჩელში, რომელსაც ხელს 88 დეპუტატი აწერს, წერია ასეთი რამ: „2006 წლის ნოემბერში საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში საქართველოს როგორც დე იურე, ისე დე ფაქტო იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჩაატარა ალტერნატიული არაკონსტიტუციური არჩევნები, სადაც აირჩა ე. წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და მის დაქვემდებარებაში შეიქმნა ე. წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა, რომლის წევრებიც მინისტრებად იწოდებოდნენ. ამით საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში სეპარატისტულ არჩევნებს ირიბი ლეგიტიმაცია შესძინა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღია და უხეში ღალატი იყო“. რამდენადაც ცნობილია ეს ასე არ ყოფილა და არჩევნები სახელმწიფოს არ ჩაუტარებია. რა მოხდა რეალურად?

სარჩელში ეს ისეა წარმოდგენილი, თითქოს ჩვენმა სახელმწიფომ მაშინ ჩაატარა ეს არჩევნები. თუმცა სარჩელში არ არის აღნიშნული, რომ მაშინდელ ხელისუფლებას ოფიციალურად ეს არჩევნები არც ჩაუტარებია და არც მისი ლეგიტიმურობა უღიარებია.

ასევე, არ უღიარებია ამ არჩევნების შედეგად არჩეული ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ინსტიტუტი.

სარჩელში კი 2006 წელს ჩატარებული ალტერნატიული არჩევნები ისეა წარმოდგენილი, თითქოს სახელმწიფომ თვითონ ჩაატარა ეს არჩევნები და ოფიციალურად მისცა ლეგიტიმაცია ამ სეპარატისტულ არჩევნებს, რასაც სინამდვილეში ლეგიტიმაცია არ მიუღია.

სარჩელში ნათქვამია, რომ არჩეული იქნა პრეზიდენტი, რომლის კაბინეტის წევრებსაც მინისტრები ეწოდებოდათ და ასე შემდეგ. თუმცა ეს სახელმწიფოს არ უღიარებია.

დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, როდესაც მიღებულ იქნა კანონი, რომლითაც დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა და მისი მმართველობითი ადმინისტრაცია ჩამოყალიბდა, სანაკოევი ამ ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა და არა პრეზიდენტად, როგორც ამას კონსტიტუციური სარჩელი წარმოაჩენს.

სხვათაშორის, კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის მსჯელობა ამ საკითხზე. რამდენადაც გადავამოწმე, არც საგამოძიებო კომისიის დასკვნაშია ამაზე მსჯელობა.

ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ, სახელწოდებით „ოსების ხსნის კავშირი“. არჩევნებს არაფორმალური კენჭისყრის ფორმა ჰქონდა.

ამ კენჭისყრასთან ერთად, რომელშიც, ასე ვთქვათ, კოკოითის ალტერნატიული წარმომადგენლობა უნდა აერჩიათ, არაფორმალური რეფერენდუმიც ჩატარდა. სარეფერენდუმო კითხვა ეხებოდა იმას, თანახმა იყო თუ არა მოსახლეობა, რომ ეს რეგიონი საქართველოს ერთიან სახელმწიფოში, საქართველოში, ყოფილიყო.

რეფერენდუმში მონაწილეობა მხოლოდ ქართველებს არ მიუღიათ. ოსურ სოფლებშიც ჩატარდა როგორც გამოკითხვა, ისე არჩევნები. რეფერენდუმის კითხვაზეც აბსოლუტური უმრავლესობა დადებით პასუხს იძლეოდა.

თუმცა ამის შესახებ არც სარჩელში და არც კომისიის დასკვნაში არაფერია ნათქვამი.

საკითხი ისეა წარმოდგენილი, თითქოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ამ სეპარატისტულ არჩევნებს და, შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგად არჩეულ ხელმძღვანელს ლეგიტიმაცია მიანიჭა.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხს კონსტიტუციურ სარჩელში მოცემული ფორმულირებით გაიზიარებს, გამოვა, რომ სასამართლო დაადასტურებს შემდეგს: სახელმწიფოს მაშინდელმა ხელისუფლებამ იმ ტერიტორიაზე, სადაც სეპარატისტული, არაკონსტიტუციური არჩევნები ჩატარდა, პრეზიდენტი აირჩია, რომლის კაბინეტის წევრებსაც მინისტრები ეწოდებოდათ.

ესეც გარკვეულ რისკებს შეიცავს. ჩვენი სასამართლოს მხრიდან ამის დადასტურება, ბუნებრივია, გარკვეულ საფრთხეებს ქმნის. თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ გაუქმებული ოლქის საზღვრები სამართლებრივად აღდგა და, ამასთანავე, მისი პოლიტიკური სუბიექტობაც აღიარებულ იქნა იმ თვალსაზრისით, რომ იქ არჩეულ პრეზიდენტს ლეგიტიმაცია მიენიჭა, ეს უკვე ქმნის ისეთი პოლიტიკური სუბიექტის არსებობის სამართლებრივ საფუძველს, რომელსაც საკუთარი საზღვრები და ხელმძღვანელობა აქვს და რომლის ლეგიტიმაციაც ჩვენმა ხელისუფლებამ ცნო.

არ მიმაჩნია, რომ ეს მაინცდამაინც კარგი პოზიციაა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რუსეთის მოთხოვნებს შორის არის ისიც, რომ ქართულმა მხარემ ამ სუბიექტებთან, სეპარატისტულ სუბიექტებთან, ცხინვალსა და სოხუმთან, საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებები აიღოს, მაგალითად, ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

ეს საფუძველს ქმნის, იმიტომ რომ ხელისუფლება იტყვის: „წინა ხელისუფლებამ აღადგინა სამართლებრივი საზღვრები, მან სცნო მათი ლეგიტიმაცია და მე უბრალოდ იძულებული ვარ, ვაღიარო ეს რეალობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ შექმნა და აი, ამაში საკონსტიტუციო სასამართლოც მეთანხმება. უფრო სწორად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ვახდენ ამას, რომელმაც დაადასტურა როგორც ერთი, ისე მეორე საკითხი“.

ყოველ შემთხვევაში, ეს გარკვეულ საფრთხეს შეიცავს, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტი ჩამოყალიბდეს. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს.

88 დეპუტატი აწერს პარტიების ასაკრძალ საკონსტიტუციო სარჩელს ხელს. თქვენი აზრით, რატომ არის ამ სარჩელში, ასეთი აშკარა, ადვილად გადამოწმებადი შეცდომები დაშვებული? მაგალითად, ის რომ ალტერნატიული არჩევნები მაშინდელ საქართველოს ხელისუფლებას არ ჩაუტარებია და არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაატარა, ღია წყაროებითაც კი ადვილად გადამოწმებადია. მაშ რა მიზანი ჰქონდათ ამ დეპუტატებს?

ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე. მე ვერ გეტყვით, რა იყო განზრახვა და რა არის მიზანი, მაგრამ შეიძლება სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე რაღაც დასკვნის გაკეთება, თუ რას შეიძლება ემსახურებოდეს ეს.

არსებული სტატუს-კვოს დაკანონება შეიძლება იყოს მიზანი. სამართლებრივად აღიარება და ახალი პოლიტიკის განსახორციელებლად და ჩამოსაყალიბებლად გარკვეული კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლის შექმნა შეიძლება იყოს ამის მიზანი.

ჩემი აზრით ხელისუფლებას შეეძლო 2007 წელს მიღებული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაესაჩივრებინა, სადაც სასამართლო იტყოდა, რომ საზღვრების აღდგენა არაკონსტიტუციურია.

ახლა კი, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების მხრიდან ასეთი მოქმედებები არ განხორციელებულა, არ ვიცი, რამდენად კარგი და დადებითი დასკვნის გაკეთება შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის თვალსაზრისით.

ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, შეიძლება ამ პოლიტიკის შეცვლის საფუძველი გახდეს.

ჩვენ კი ამ დაკანონებულ რეალობაზე უკეთესი პირობების მოთხოვნის შესაძლებლობა სამართლებრივად შეგვიმცირდება. იმიტომ, რომ რუსეთს ყოველთვის ექნება იმის შესაძლებლობა, თქვას: „ეს თქვენი საკონსტიტუციო სასამართლო არ იყო, რომელმაც ეს ფაქტები დაადგინა?“

სხვათაშორის, 2008 წლის ომი წარმოდგენილია ამ პოლიტიკის კულმინაციად და რაღაცნაირად ისეა შეფასებული, თითქოს რუსეთის რეაქცია საქართველოს მხრიდან რეგიონზე თავდასხმაზე საპასუხო რეაქცია იყო. ანუ რუსეთის საპასუხო რეაქცია.

თუ ამას სასამართლო გაიზიარებს, რომ თითქოს წინა ხელისუფლებამ ამით ხელი შეუწყო სახელმწიფოს ოკუპაციას და ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებას, სასამართლო ამით იტყვის, რომ წინა ხელისუფლებამ, ხელი შეუწყო ოკუპაციას.

რუსეთი ისე წარმოაჩენს, თითქოს რუსეთის ინტერვენცია არ ყოფილა ინტერვენციის ან ოკუპაციის დამოუკიდებელი აქტი, არამედ იყო საქართველოს მილიტარისტული, პროვოკაციული პოლიტიკის შედეგი და თითქოს რუსეთი შემდეგ ჩაერთო ამ კონფლიქტში. ამით გარკვეულწილად მოხდება რუსეთის გაყვანა, როგორც კონფლიქტის მხარის.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რუსეთი ამბობს: „თქვენ დასხედით და ერთმანეთის წინაშე აიღეთ, მაგალითად, ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება და ა.შ. მე კი არ უნდა ავიღო ეს ვალდებულება, იმიტომ რომ კონფლიქტის მხარე არ ვარ, მე შემდეგ ჩავერთე, როგორც მშვიდობისთვის იძულების ღონისძიებების გამტარებელი“, – ასეთი საფრთხეც არსებობს.

მით უმეტეს, თუ სასამართლო იტყვის, რომ “მაშინდელმა ხელისუფლებამ ოკუპაციასთან მიმართებით ოკუპანტის პოლიტიკური პოზიციები გაამყარა”, ამის დადასტურება სასამართლოს მხრიდან პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ხელისუფლებას შეეძლება თქვას: „იცი რა, მე კი არა, წინა ხელისუფლებამ შექმნა ისეთი გარემო, სადაც ამ ოკუპაციის პოლიტიკური პოზიციები გამყარდა“.

სარჩელში საუბარია, რომ 2004-2008 წლებში, მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ დააზიანა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასეთი მსჯელობის ჩადებაც საფრთხის შემცველია: თითქოს მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა დაზიანდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა და, ბუნებრივია, მგონი, ყველა თანხმდება დღეს საქართველოში, რომ ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს, ეს ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება ეს აქციოს კონსტიტუციურ შეზღუდვად, კონსტიტუციურ ვალდებულებად, ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენად. ამან კი შეიძლება მართლაც შექმნას სოხუმთან და ცხინვალთან იმ ხელშეკრულებების გაფორმების სამართლებრივი წინაპირობა, რასაც რუსეთი გვთხოვს.

ამიტომ არ ვიცი, ეს საკმაოდ საფრთხის შემცველი შეფასებებია.

ჩემთვის კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ პარტიების აკრძალვის სამართალწარმოებაში ასეთი საკითხების შემოტანა, რომლებიც შეეხება არა პარტიას, არამედ სახელმწიფოს გადაწყვეტილებების პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით შეფასებას, ჯერ ერთი, სამართლებრივადაც არ არის სწორი, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო ისტორიული სიმართლის დამდგენი მექანიზმი არ არის და ეს სცდება მის კომპეტენციას.

მე მიმაჩნია, რომ ეს საკითხი საერთოდ დასაშვებადაც არ უნდა ეცნო საკონსტიტუციო სასამართლოს, იმიტომ რომ ის წმინდა პოლიტიკურ შეფასებებში შეიჭრება და ძალიან საშიშ პრეცედენტს შექმნის.

როგორ ხედავთ იმ 7 მოსამართლის ისტორიულ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, ვინც საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს?

იცით რა არის, რასაც მე ვსაუბრობ, ეს არ არის უბრალოდ ჩემი აზრი და ჩემი შეფასება. მე ვცდილობ, იურიდიული განმარტების მეთოდების გამოყენებით წავიკითხო ის, რაც ამ ტექსტში წერია.

მისი შინაარსი მხოლოდ იმიტომ არის ცალსახა, რომ სასამართლო თუ გაიზიარებს ამ პოზიციას, ესე იგი იტყვის: დიახ, სამართლებრივად აღდგა; დიახ, ლეგიტიმაცია მოხდა; დიახ, პოლიტიკური პოზიციები გამყარდა. ეს უნდა თქვას, სხვანაირად ამ სარჩელის ამ ნაწილს ვერ დააკმაყოფილებს.

ამიტომ არ ვიცი, ეს უდავოდ იქნება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ბუნებრივია, ეს პასუხისმგებლობა დადგება. მე არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ ან სხვა სახის პასუხისმგებლობას, მაგრამ ის პასუხისმგებლობა, რომ შენ ასეთი გადაწყვეტილება მიიღე, ეს ისტორიული, პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. მინიმუმ, ისტორიული და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, ამ მოსამართლეებზე იქნება, იმიტომ რომ ყველა მოსამართლე პასუხისმგებელია იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც იღებს და რომელსაც ხელს აწერს.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
როგორ ართმევს "ოცნება" ხმის უფლებას 800 000 ამომრჩეველს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით?|კონსტიტუციონალისტის განმარტებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები