სიორიძე: ყოველ დღე სიურპრიზებს გვთავაზობენ - ახლა აღმოჩნდა, რომ შეიძლება კიდევ ბევრი პროცესი დაემატოს და 30 დღე არ ეყოს
"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას შესაძლოა პროცესები გახანგრძლივდეს და 30 დღეც არ ეყოს. მისი თქმით, მმართველი გუნდი სასამართლოს ქვეყანაში დიქტატურის გასაფორმებლად იყენებს.
"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის თქმით საკონსტიტუციო სასამართლო ყოველ დღე ახალ-ახა სიურპრიზებს სთავაზობს ოპოზიციურ პარტიებს - "დღეს სასამართლოზე გაჟღერდა, რომ შეიძლება კიდევ ძალიან ბევრი პროცესი დაემატოს, 30 დღე არ ეყოს".
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი ბიძინა ივანიშვილის გეგმას ასრულებს".
ეს გეგმა რა თქმა უნდა გაწერილია, როგორი იქნება გრაფიკი ამის მარჩიელობა ახლა რთული იქნება, იმიტომ რომ ყოველ დღე რაღაც ახალ ახალ მცირე სიურპრიზებს გვთავაზობენ ხოლმე, ახლა აღმოჩნდა რომ პროცესები როგორც მინიმუმ ერთი კვირა იქნება.
დღეს სასამართლოზე გაჟღერდა, რომ შეიძლება კიდევ ძალიან ბევრი პროცესი დაემატოს, 30 დღე არ ეყოს. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს , მთავარი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის გეგმას ასრულებს „ ქართული ოცნების“ გუნდი და სამწუხაროდ სასამართლო, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი ექვემდებარება ივანიშვილის ვერტიკალს“, - აღნიშნა გიორგი სიორიძემ.
გიორგი სიორიძის თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს ისტორიაში შევა ისე, როგორც ბოლშევიკური პარტია.
„გაივლის წლები, ათწლეულები და „ქართული ოცნება" ისტორიაში შევა ისევე, როგორც ბოლშევიკური პარტია. როგორც იქცეოდნენ ისინი 20-იან და 30-იან წლებში. ამას გარდა, ჩვენ არა მხოლოდ საერთაშორისო სასამართლოებისთვის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის საკომუნიკაციოდ გვჭირდება ფაქტები, დადასტურება, არა მხოლოდ რაღაც პოლიტიკური შეფასებები, არამედ იმის მხილება და წარმოჩენა თუ რას წარმოადგეს ეს ძალა. სასამართლოს იყენებს ინსტრუმენტად თავისი მიზნების მისაღწევად, მას აქვს ორი მიზანი, ამ ქვეყანაში გააფორმოს დიქტატურა, აკრძალოს მთელი ოპოზიციური სპექტრი და გააქროს პოლიტიკური ველიდან. მსგავს პრეცედენტს არ იცნობს მსოფლიოს არცერთი ქვეყნის ისტორია. ამას სამართლებრივ საფუძვლებთან არაფერი საერთო არ აქვს. თეთრი ძაფით არის ეს სარჩელი შეკერილი და ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ერთ სარჩელში ხელოვნურად გადაბმული ეპიზოდებით ცდილობენ ყველას აკრძალვას.
მეორე უფრო მეტად მნიშვნელოვანი საფრთხე გახლავთ რუსული პოლიტიკის დაკანონება, არგაღიზიანების პოლიტიკისთვის და რუსეთის მაამებლური პოლიტიკისთვის საკონსტიტუციო სასამართლო მეშვეობით ბეჭდის დასმა. „ქართული ოცნების“ მიერ საგარეო პოლიტიკის ნებისმიერი კრიტიკა საბოტაჟად და ღალატად ჩაითვლება. აი ამად უნდა გადააქციოს ახლა საქართველო ბიძინა ივანიშვილმა, ამისთვის პარლამენტში არ ჰყოფნის საკონსტიტუციო უმრავლესობა და იყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს.“- აღნიშნა გიორგი სიორიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის სამი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის - ჯამში საუბარია სულ 13 შუამდგომლობაზე. ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება".
დღეს რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ არ იციან, სასამართლო სხდომებს იმ კვირაში მორჩებიან თუ არა.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…