Reuters: რუსული დიზელის საწვავით დატვირთულმა ტანკერმა გეზი ნიუ-იორკისკენ აიღო
Reuters-ის ცნობით, 40 000 ტონა რუსული დიზელით დატვირთული ტანკერი ნიუ-იორკისკენ გაემართა, რასაც წინ უძღოდა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სანქციების შეჩერების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ნაბიჯი ომში ინვესტირებად და პუტინისთვის საჩუქრად შეაფასა.

23 ოქტომბერს სააგენტო Reuters-მა ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის(LSEG) მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ მალტის დროშით მცურავმა ტანკერმა, რომელიც 40 000 ტონა რუსული დიზელის საწვავითაა დატვირთული, გეზი ნიუ-იორკისკენ აიღო.
ტანკერი Agioi Fanendes-ი დიზელის საწვავით 22 ოქტომბერს დატვირთეს რუსეთის ქალაქ პრიმორსკის პორტში, რომელიც ბალტიის ზღვაზე მდებარეობს. ტანკერი აშშ-ში 7 ნოემბერს უნდა ჩავიდეს.
9 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ დაიწყებს დიზელის საწვავის მიწოდებას აშშ-ისა და საერთაშორისო ბაზრებისთვის.
ტრამპი-პუტინის შეთანხმების შემდეგ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის აპრილამდე შეაჩერა უკრაინაში ომის გამო რუსული დიზელის საწვავისთვის დაწესებული სანქციები.
თავის მხრივ, რუსეთმა გამოაცხადა, რომ აუქმებს დიზელის საწვავის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისთვის მიცემული ნებართვა არის ომში ინვესტირება და საჩუქარი პუტინისთვის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შესუსტება დეესკალაციისკენ მიმართული მკაფიო შეთანხმების გარეშე, არის აშკარა სისუსტე, რაც ნიშნავს, რომ ის უფრო დიდხანს იომებს, უფრო ნაკლები პატივისცემა ექნება ამერიკის მიმართ და უფრო მეტად დააზიანებს მსოფლიოს.
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ამერიკელმა კანონმდებლებმა, მათ შორის ტრამპის თანაპარტიელმა რესპუბლიკელებმა და პუტინთან მიღწეული შეთანხმების გაუქმება მოითხოვეს.
აშშ-ში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საწვავი მკვეთრად გაძვირდა.
პრეზიდენტმა ტრამპმა, რომლის რესპუბლიკურმა პარტიამ 3 ნოემბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, კონგრესზე კონტროლი დაკარგოს, საწვავის გაძვირება არაერთხელ დაუკავშირა არა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შედეგებს, არამედ უკრაინის დარტყმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…