კონსტიტუციის 23-ე მუხლში არის ის კრიტერიუმები გაწერილი, რომელიც შეიძლება გახდეს პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი - თორნიკე ჭეიშვილი
თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, კონსტიტუციის 23-ე მუხლი მკაფიოდ განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რაც პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი შეიძლება გახდეს. მან ოპოზიციის განცხადებებს მილიონი ამომრჩევლის აკრძალვის შესახებ წმინდა წყლის მანიპულაცია და სასამართლოსადმი უპატივცემულობა უწოდა.
უკვე 6 საათია საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლომ "ლელოს" შუამდგომლობა, 5 პარტიის აკრძალვაზე სარჩელის საკონსულტაციო დასკვნისთვის სტრასბურგში გაგზავნასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. მისი განცხადებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია. მოპასუხე მხარის მოტივი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უნდობლობაა, კრიტერიუმები კი, რომლითაც სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, უკვე დადგენილია.
სასამართლოზე ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ განცხადებებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, თორნიკე ჭეიშვილი გამოეხმაურა. ჭეიშვილის განმარტებით, კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომელიც შეიძლება გახდეს პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი.
"აქ აუცილებლობის კომპონენტზე იყო ლაპარაკი და მე იმედია მაქვს, რომ ძალიან მანიპულაციურად, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში უბრალოდ ალბათ კომპეტენციის ნაკლებობასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. საკითხი იმგვარად იყო დაყენებული, ჰიპოთეტურ დონეზე, რომ შეიძლება დაშვების დონეზეც კი ვილაპარაკოთ, რაიმე უფრო მსუბუქი მექანიზმის არსებობის შესახებ, მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუცია უბრალოდ ასეთს არ ითვალისწინებს, იმიტომ, რომ 23-ე მუხლში, მე-3 და მე-4 პუნქტებში ძალიან მკაფიოდ არის ის კრიტერიუმები გაწერილი, რომელიც შეიძლება გახდეს პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი და მე-4 პუნქტში არის დაზუსტებული ის, რომ თუ ეს კრიტერიუმები დადასტურდა და არის სახეზე, მაშინ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.
ასევე, საკითხი გაჟღერდა, თითქოსდა ვინმე ცდილობს მილიონი ამომრჩევლის აკრძალვას. ესეც, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე წმინდა წყლის მანიპულაციაა. ეს არის უპატივცემულობა, როგორც სასამართლოსადმი, ისე ჩვენი საზოგადოების მისამართით, იმიტომ, რომ აქაც ელემენტარულად ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ კონსტიტუციის თუნდაც 23-ე და 24-ე მუხლები და კადრულობენ იმას, რომ პარალელი გაავლონ ამასთან მიმართებით, რაც არის კიდევ ერთხელ წმინდა წყლის სპეკულაცია," - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…