საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ შუამდგომლობა მოწმეების ვინაობის დადგენასა და სხდომაზე გამოძახებაზე არ დააკმაყოფილა. მოსამართლე რევაზ ნადარაიას განცხადებით, განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოაქვეყნა, რითაც მოპასუხე მხარის „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროს“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც მოწმეთა ვინაობის დადგენას და სასამართლო სხდომებზე მათ გამოძახებას ისახავდა მიზნად.
მოსამართლე რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ განჩინება საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. განჩინება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე 15 დღის ვადაში გამოქვეყნდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ზოგადად განმარტა, თუ რას დაეყრდნო პლენუმი შუამდგომლობის არდაკმაყოფილების დროს.
„შუამდგომლობით დაყენებულ მოთხოვნებში არ არის არც ერთი ისეთი საკითხი, რომელზეც შეკითხვის დასმა და გამოკვლევა არის შეუძლებელი შემდგომ ეტაპებზე და ამ ეტაპზე სასამართლო ვერ დარწმუნდა ამ მტკიცებულებების გამოთხოვის აუცილებლობაში.
ამავდროულად, სასამართლოს აქვს პრაქტიკა, რომ თუ განხილვის ეტაპზე, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება, სწორედ ინკვიზიციის პრინციპიდან გამომდინარე, თვითონ გამოითხოვოს მხარეებისგან ის შუამდგომლობები, რაც მას საჭიროდ მიაჩნია სწორედ ობიექტური, მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოსატანად“, - განაცხადა მოსამართლემ.
მისივე თქმით, ასეთი პრაქტიკა არსებობს. მოსამართლემ აღნიშნა, რომ მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევასაც მხარე ითხოვდა, არის ის, რასაც დასკვნა ეყრდნობა.
ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ნიკა გვარამია მტკიცებულებების გამოთხოვას და მოწმეების დაბარებას ითხოვდა, თუმცა კონკრეტულად ვერ დაასახელა, რომელი მოწმეების დაბარებაა სასამართლო სხდომაზე საჭირო. აღნიშნა, რომ ეს პირები დასადგენია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…