გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას, ნიკა გვარამიამ მოითხოვა დადგინდეს, ემთხვევა თუ არა ხელისუფლების პოზიცია საგამოძიებო კომისიის დასკვნას 2008 წლის ომის დაწყებაზე. ოპოზიცია სარჩელში ომთან დაკავშირებული ბრალდებების ბუნდოვანებაზე მიუთითებს.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა, რომელთა მთავარი არსია, დადგინდეს, ემთხვევა თუ არა მთავრობის პოზიცია დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვაინტერესებს ომის დაწყებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიცია და [დორებითი საგამოძები კომისიის] დასკვნის პოზიცია - ეს ერთმანეთს უნდა შევადაროთ. იმიტომ, რომ მკაფიოა განსხვავებებია“, - თქვა ნიკა გვარამიამ და მოითხოვა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების გარემოებების შესახებ საერთაშორისო სასამართლოებისთვის გადაცემული დოკუმენტების ასლების გადაცემა.
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი, თორნიკე ართქმელაძე ამბობდა, რომ არ იციან, 2008 წლის ომის დაწყებასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხზე ისინიც არიან თუ არა მოპასუხე მხარეები:
„ჩვენი მხარისთვის არის გაურკვეველი, ის საკითხები, რომელზეც ბატონი ნიკა გვარამია საუბრობდა, მიგვემართება თუ არა. ამ წუთამდეც არ ვიცით, მაგალითად 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ამ ნაწილში ვერთ თუ არა მოპასუხე - ეს არ წერია სარჩელში, არ წერია საოქმო ჩანაწერში“.
„2008 წლის ომი არის ეროვნული ინტერესების საკითხი“
ოპოზიციაში გადასული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანაგუნდელი, ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი.
„ჩვენც დაახლოებით ანალოგიიური პოზიცია გვაქვს, 2008 წლის ომთან მიმართებით ფაქტობრივად მკითხაობა გვიწევს, რა მოგვემართება და რა - არა. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ 2008 წლის ომი არის ეროვნული ინტერესების საკითხი, სადაც საერთაშორისო სამართლის დონეზე დადასტურებულია რუსეთის, როგორც აგრესორის როლი.
საგამოძიებო კომისიამ თავისი დასკვნით, ფაქტობრივად, რუსეთის, როგორც აგრესორის როლი, გაათანაბრა საქართველოს ხელისუფლების, არ აქვს მნიშვნელობა, მოსაწონი ხელისუფლება იყო, დამნაშავე იყო რაღაც საკითხებში თუ არა, ეს იყო საერთო ეროვნული საკითხი...“ - ამბობს ბერდია სიჭინავა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი და საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენელი.
რა პასუხი აქვს „ქართულ ოცნებას“?
საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველ პარტიას წარმოადგენს, „ქართული ოცნებიდან“ მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, რომელმაც წამოწრილ საკითხთან დაკავშირებით თქვა:
„მტკიცებულებად დავურთეთ ის, რაც წარმოვადგინეთ - ეს არის ჩვენი ტვირთი და ჩვენ ეს წარმოვადგინეთ. თქვენ შეგიძლიათ საპირისპირო რამ თქვათ - ახლა სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომელი მტკიცებულება არის გასაზიარებელი და რომელი არ შეიძლება იყოს“.
ამ შუამდგომლობის განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, რომელიც ამჯერად 7 მოსამართლისგან შედგება, სათათბიროდ გავიდა.
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე
საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა მიმდინარეობს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა.
გასულ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ, მათ შორის ერთი „ქართული ოცნებაა“, დანარჩენის ოთხის („კოალიცია ცვლილებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“) აკრძალვას კი ის თავად მოითხოვს. დამატებით, სარჩელი შეეხება „ფედერალისტებსაც“, რომლებიც სასამართლო განხილვებში არ მონაწილეობენ.
საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.
ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. ერთ-ერთმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ სასამართლო დატოვა მას შემდეგ, რაც მისი თვითაცილება მისმა კოლეგებმა არ დააკმაყოფილეს.
პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ გვაინტერესებს ომის დაწყებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიცია და [დორებითი საგამოძები კომისიის] დასკვნის პოზიცია - ეს ერთმანეთს უნდა შევადაროთ. იმიტომ, რომ მკაფიოა განსხვავებებია“
„ჩვენც დაახლოებით ანალოგიიური პოზიცია გვაქვს, 2008 წლის ომთან მიმართებით ფაქტობრივად მკითხაობა გვიწევს, რა მოგვემართება და რა - არა. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ 2008 წლის ომი არის ეროვნული ინტერესების საკითხი, სადაც საერთაშორისო სამართლის დონეზე დადასტურებულია რუსეთის, როგორც აგრესორის როლი. საგამოძიებო კომისიამ თავისი დასკვნით, ფაქტობრივად, რუსეთის, როგორც აგრესორის როლი, გაათანაბრა საქართველოს ხელისუფლების, არ აქვს მნიშვნელობა, მოსაწონი ხელისუფლება იყო, დამნაშავე იყო რაღაც საკითხებში თუ არა, ეს იყო საერთო ეროვნული საკითხი...“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…