ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თურქეთის ჯარები სირიასა და ერაყში რჩებიან - თავდაცვის მინისტრი

თურქეთის თავდაცვის მინისტრ იასარ გიულერის განცხადებით, ანკარა სირიასა და ერაყში სამხედრო ძალებს მანამ დატოვებს, სანამ საზღვრის უსაფრთხოება სრულად არ იქნება უზრუნველყოფილი და ტერორისტული საფრთხე არ აღმოიფხვრება.

თურქეთის ჯარები სირიასა და ერაყში რჩებიან - თავდაცვის მინისტრი
თურქეთის ჯარები სირიასა და ერაყში რჩებიან - თავდაცვის მინისტრირადიო თავისუფლება

AFP-ის სააგენტოს იასარ გიულერმა განუმარტა, რომ

თურქეთი ამ ქვეყნებში თავის სამხედროებს ტოვებს, სანამ სრულად არ იქნება უზრუნველყოფილი საზღვრის უსაფრთხოება ორ მეზობელთან.

„ჩვენ ვინარჩუნებთ სამხედრო ყოფნას ერაყსა და სირიაში“, - თქვა მან AFP-ის კითხვებზე წერილობით პასუხში.

„როდესაც ჩვენი შეფასებით, დაკმაყოფილებული იქნება აუცილებელი პირობები რეგიონული და სასაზღვრო უსაფრთხოების კუთხით, ჩვენი ბაზის ტერიტორიების სტატუსისა და რეგიონში ჩვენი ყოფნის გადახედვა მოხდება.“

თურქეთი უკვე წლებია, ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში სამხედრო ძალებს ინარჩუნებს, რათა საკუთარ საზღვრებთან შეაკავოს „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) სეპარატისტი მებრძოლებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ (IS) მეომრებისგან მომდინარე საფრთხე.

თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ვითარება შეიცვალა: პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ სირიაში ანკარის მოკავშირე ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა, თავად თურქეთმა კი PKK-სთან ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებისკენ გადადგა ნაბიჯები.

მინისტრის განცხადებით, ასადის დამხობის შემდეგ თურქეთმა სირიის ახალ მთავრობასთან „უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო კოორდინაცია“ დაამყარა. ამასთან, თურქული სამხედრო ძალები მუშაობენ სირიის არმიის „შესაძლებლობების გაძლიერებასა“ და „ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე“.

„მას შემდეგ, რაც რეგიონში ტერორისტული საფრთხე სრულად აღმოიფხვრება, უზრუნველყოფილი იქნება საზღვრის უსაფრთხოება, ხოლო სირიის მთელ ტერიტორიაზე, გამონაკლისის გარეშე, სრულად და ერთიანად დამყარდება სახელმწიფო ხელისუფლება, ჩვენი ძალების სტატუსი გადაიხედება“, - განაცხადა მინისტრმა.

თურქი ოფიციალური პირის თქმით, ასადის რეჟიმის დაცემის დროს, ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის 16 000-დან 18 000-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.

მას შემდეგ სირიაში განთავსებული სამხედროების რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა, როგორც გასულ თვეში თურქმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იქ მათი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით.

თუმცა, გიულერმა თავი შეიკავა სამომავლო გეგმებზე საუბრისგან.

„ამ ეტაპზე არ იქნება მიზანშეწონილი, წინასწარი შეფასება გაკეთდეს ისეთ გეგმებზე, რომლებიც ჯერ არ გასაჯაროებულა, იქნება ეს ძალების განლაგება თუ ბაზებთან დაკავშირებული საკითხები“, — განაცხადა მან.

თურქული ძალები დიდი ხანია იმყოფებიან ჩრდილოეთ ერაყში, სადაც რეგულარულად ატარებენ ტრანსსასაზღვრო ოპერაციებსა და საჰაერო დარტყმებს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ. ამავდროულად, ისინი იქ საკუთარ ბაზებსაც ინარჩუნებენ, რაც ანკარასა და ბაღდადს შორის ურთიერთობას ძაბავს.

ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ თურქული ჯარები იქ 2015 წლიდან არის განლაგებულნი და ამჟამად მათი რაოდენობა 800-დან 1000-მდე მერყეობს.

კონკრეტული ციფრების დასახელების გარეშე, გიულერმა განაცხადა, რომ ერაყსა და სირიაში სამხედროთა რაოდენობა ადგილზე არსებული საჭიროებების გათვალისწინებით განისაზღვრა.

მისი თქმით, სირიის მსგავსად, თურქეთი ყურადღებით აკვირდება ერაყის ძალისხმევასაც, რომელიც „მებრძოლი დაჯგუფებების განიარაღებასა და მათ სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოქცევას“ ისახავს მიზნად; მან ასევე დადებითად შეაფასა სინჯარის რეგიონში ბოლო დროს მიღწეული წარმატებები.

ერაყმა ირანის მომხრე დაჯგუფებებს იარაღის სახელმწიფოსთვის გადაცემის ვადად 30 ივნისი დაუწესა. ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის მისიის დასრულებას უკავშირდება.

მას შემდეგ, რაც სინჯარის მიმართულებით ოპერაცია წარმატებით განხორციელდა, თურქეთმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ქალაქ მოსულის მახლობლად მდებარე ბაშიქას ბაზაზე კონტროლს „ეტაპობრივად“ გადასცემს ბაღდადს, თუმცა კონკრეტული ვადები არ დასახელებულა.

მან განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ერაყის მხარდაჭერას და უახლოეს პერიოდში გეგმავს, „ორ ქვეყანას შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვინარჩუნებთ სამხედრო ყოფნას ერაყსა და სირიაში“
„როდესაც ჩვენი შეფასებით, დაკმაყოფილებული იქნება აუცილებელი პირობები რეგიონული და სასაზღვრო უსაფრთხოების კუთხით, ჩვენი ბაზის ტერიტორიების სტატუსისა და რეგიონში ჩვენი ყოფნის გადახედვა მოხდება.“
„მას შემდეგ, რაც რეგიონში ტერორისტული საფრთხე სრულად აღმოიფხვრება, უზრუნველყოფილი იქნება საზღვრის უსაფრთხოება, ხოლო სირიის მთელ ტერიტორიაზე, გამონაკლისის გარეშე, სრულად და ერთიანად დამყარდება სახელმწიფო ხელისუფლება, ჩვენი ძალების სტატუსი გადაიხედება“
„ამ ეტაპზე არ იქნება მიზანშეწონილი, წინასწარი შეფასება გაკეთდეს ისეთ გეგმებზე, რომლებიც ჯერ არ გასაჯაროებულა, იქნება ეს ძალების განლაგება თუ ბაზებთან დაკავშირებული საკითხები“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters: აშშ-ის ჯარები ერაყს ორი ათწლეულის შემდეგ ტოვებენ, რაც ირანისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები