ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე ბრიტანეთის ელჩ გარეთ უორდს და უკრაინის რწმუნებულ დმიტრო ბერეჟნოის შეხვდა, სადაც ლონდონში „ყირიმის პლატფორმის“ შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, დმიტრო ბერეჟნოის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო დეკემბერში, ლონდონში დაგეგმილ „ყირიმის პლატფორმის“ საპარლამენტო განზომილების შეხვედრას, რომელშიც უკრაინის რადას თავმჯდომარისა და დიდი ბრიტანეთის თემთა და ლორდთა პალატების სპიკერების მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. ასევე, განიხილეს „ყირიმის პლატფორმის“ სხდომების მსვლელობისას, ლონდონში ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა.
შეხვედრაზე უკრაინელმა დიპლომატმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, უკრაინის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინის მხარდაჭერისა და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მზადყოფნა გამოთქვა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განსავითარებლად.
დიდი ბრიტანეთის ელჩთან ასევე განიხილეს ტანზანიაში საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის დროს ქართული საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერთან და შემდგომი ურთიერთობების დღის წესრიგი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.