გელა სამხარაულმა დისკუსიაში - "საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები" მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული აცხადებს, რომ ნიადაგის დაცვის 1994 და 2003 წლებში მიღებული კანონები დღევანდელ მოთხოვნებს ვეღარ პასუხობს და საკანონმდებლო განახლებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში - "საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები" მიიღო მონაწილეობა.
გელა სამხარაულმა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით პარლამენტის მუშაობაზე ისაუბრა და ყურადღება საკანონმდებლო ცვლილებებზე გაამახვილა.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობის გრძელვადიანი განვითარებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტაბილურ საკანონმდებლო გარემოს.
როგორც გელა სამხარაულმა აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი გამოწვევა მცირემიწიანობა და მეურნეობების დანაწევრებაა. მისივე თქმით, ამ გამოწვევის დაძლევის მიზნით, პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტი "მწარმოებელთა ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტზე მუშაობს. კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მზადდება.
გელა სამხარაულის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ნიადაგის დაცვის საკითხია.
"ამჟამად ნიადაგის დაცვის კანონმდებლობის განახლების მიმართულებით ვმუშაობთ. საქართველოში ამ სფეროს მარეგულირებელი ორი ძირითადი კანონი - "ნიადაგის დაცვის შესახებ" და "ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ" - 1994 და 2003 წლებშია მიღებული. ეს კანონები განსხვავებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ გარემოში შემუშავდა და ზოგიერთი დებულება დღევანდელ საჭიროებებს ვეღარ პასუხობს. ჩვენი მიზანია, არსებული კანონმდებლობა განახლდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, უფრო მკაფიოდ განისაზღვროს პასუხისმგებლობები და ჩამოყალიბდეს ნიადაგის დაცვისა და მდგრადი მართვის უფრო ეფექტიანი სამართლებრივი საფუძვლები", - განაცხადა გელა სამხარაულმა.
დისკუსიაში საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტებზე, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ საკანონმდებლო გარემოზე, მიწის რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და აგროსექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს" და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ამჟამად ნიადაგის დაცვის კანონმდებლობის განახლების მიმართულებით ვმუშაობთ. საქართველოში ამ სფეროს მარეგულირებელი ორი ძირითადი კანონი - "ნიადაგის დაცვის შესახებ" და "ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ" - 1994 და 2003 წლებშია მიღებული. ეს კანონები განსხვავებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ გარემოში შემუშავდა და ზოგიერთი დებულება დღევანდელ საჭიროებებს ვეღარ პასუხობს. ჩვენი მიზანია, არსებული კანონმდებლობა განახლდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, უფრო მკაფიოდ განისაზღვროს პასუხისმგებლობები და ჩამოყალიბდეს ნიადაგის დაცვისა და მდგრადი მართვის უფრო ეფექტიანი სამართლებრივი საფუძვლები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.