ირაკლი კობახიძე ხსნის, დაპირების მიუხედავად, რატომ ვერ მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს განვითარება
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს რეაბილიტაციის 2019 წლის დაპირების შეუსრულებლობას ხელი პანდემიამ და მის მიმართ მოქმედმა „დე ფაქტო სანქციებმა“ შეუშალა.

წყალტუბოს სანატორიუმების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ მოქმედმა დე ფაქტო სანქციებმა შეუშალა ხელი - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მედიამ პრემიერს ბიძინა ივანიშვილის 2019 წელის დაპირება შეახსენა, რომლის მიხედვითაც, წყალტუბოში 22 სანატორიუმისა და 9 აბანოს შეძენისა და რეაბილიტაციას გეგმავდა. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ივანიშვილს ხელი ჯერ კოვიდმა, შემდეგ კი დე ფაქტო სანქციებმა შეუშალა.
„2019 წელს თავის დროზე ნამდვილად ითქვა ასე. ამის შემდეგ იყო, სამწუხაროდ, 2020-21 წლები - კოვიდის პერიოდი და ამის შემდეგ იყო 2022 და შემდგომი წლები, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამოქმედდა დე ფაქტო სანქციები და ამ დე ფაქტო სანქციებმა ხელი შეუშალა ბუნებრივია ახალი ინიციატივების განხორციელებას, მათ შორის, ამაში ლოგიკურად მოიაზრება წყალტუბოს ინიციატივაც. თუმცა ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ეს კურორტი განვავითაროთ. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ეს აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის ქმნის ძალიან კარგ საფუძველს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, კვლავ აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ინტერესი წყალტუბოს სანატორიუმების პროექტის მიმართ, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ აუქციონის დასრულების შემდეგ გამოჩნდება, ვინ დაინტერესდება კონკრეტული ობიექტებით.
„მას შემდეგ რაც აუქციონები დასრულდება, გამოჩნდება ვის აქვს კონკრეტულად ინტერესი კონკრეტული სანატორიუმების მიმართ. შეგიძლიათ დაელოდოთ და თავად ნახავთ, ვინ გამოავლენს ინტერესს ამ სანატორიუმებთან მიმართებით. ჩვენთვის მთავარია, რომ კურორტი განვითარდეს, დღეს არის ისეთი ტენდენციები, რომ ამისათვის ძალიან კარგი ნიადაგია შექმნილი. შესაბამისად, ინტერესით ველოდებით აუქციონის დასრულებას“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, უშლის თუ არა ივანიშვილს ხელს ე.წ. დე ფაქტო სანქციები, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისინი ფინანსურ შესაძლებლობებს ზღუდავს, თუმცა ბიზნესმენი საქართველოში მნიშვნელოვან პროექტებს კვლავ ახორციელებს.
„ზოგადად, რა თქმა უნდა, დე ფაქტო სანქციები, დე ფაქტო სანქციები ბუნებრივია, ზღუდავს ფინანსურ შესაძლებლობებს. ბუნებრივია ეს ასეა. თუმცა ამის მიუხედავად, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს. მას მთლიანობაში მრავალმილიარდიანი ინვესტიციები აქვს ჩადებული ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ეს სასტუმროც ამის ერთ-ერთი მაგალითია და არა მარტო. თქვენ იცით, რომ მათ შორის ტურიზმის სექტორში აქვს უამრავი, ძალიან მასშტაბური ინიციატივა განხორციელებული, რამაც თვისებრივად შეცვალა ჩვენი ტურისტული შესაძლებლობები, გააძლიერა ჩვენი ქვეყანა ამ სფეროში. შესაბამისად, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, არასდროს არ ერიდება, პირიქით ყოველთვის კონკრეტული ინიციატივებით გამოდის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და არის ამის უამრავი მაგალითი.
რაც შეეხება წყალტუბოს, ამასთან დაკავშირებით დეტალურად მოგახსენეთ. წყალტუბოს განვითარება კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ არის ჩვენი პრიორიტეტი და ეს აუქციონიც იქნება ძალიან კარგი დასაწყისი ამ ინიციატივის განხორციელებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ წყალტუბოში მდებარე 10 ყოფილი სანატორიუმი ელექტრონულ აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანა [ესენია: „რკინიგზელი“, „ინტურისტი“, „მედეა”, „სავანე“, ყოფილი ბალნეოლოგიური, „აია“, სანატორიუმი „გელათი“, „იმერეთი“, „გეოლოგი“, „მეგობრობა“]. პრივატიზების პირობების მიხედვით, მყიდველებმა 60 თვის, ანუ 5 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყონ ტერიტორიების განვითარება და თანამედროვე სასტუმროებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
რა ბედი ეწია „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტს?
2019 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ამჟამად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პირადად ჩაუდგებოდა სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. მისი განცხადებით, უნდა გამოსყიდულიყო 22 სასტუმრო და 9 აბანო და მომხდარიყო მათი სრული რეაბილიტაცია კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ 2022 წელს დაიწყო. თავდაპირველად, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ჯამური ღირებულება 50 მლნ ლარი იყო.
პროექტის ფარგლებში სულ 7 სანატორიუმი გაიყიდა, თუმცა მათგან 3 სახელმწიფოს უკან დაუბრუნდა. ამჟამად პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „უშიშროება“, „წყალტუბო“ და „სამგურალი“. ამ ობიექტების ჯამურმა საპრივატიზებო ღირებულებამ 16 265 300 ლარი შეადგინა.
ახლად გამოცხადებული აუქციონების ფარგლებში სახელმწიფო წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზებას და კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ახალი ინვესტორების მოზიდვას ცდილობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიპრემიერი წყალტუბოზე: ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ეს კურორტი განვავითაროთ, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის შექმნის ძალიან კარგ საფუძველს, შესაბამისად, ინტერესით ველით აუქციონის დასრულებას
- რუსთავი 2პრემიერი წყალტუბოზე: გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ეს კურორტი განვავითაროთ, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის შექმნის ძალიან კარგ საფუძველს, შესაბამისად, ინტერესით ველით აუქციონის დასრულებას
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ წყალტუბო განვავითაროთ, აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, შექმნის ძალიან კარგ საფუძველს, შესაბამისად, ინტერესით ველით აუქციონის დასრულებას
- BM.GEპრემიერი იმედოვნებს, რომ წყალტუბოს სანატორიუმების მიმართ ბიზნესი ინტერესს გამოავლენს
- ინტერპრესნიუსიირაკლი კობახიძე წყალტუბოზე - გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ეს კურორტი განვავითაროთ, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი და აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის ძალიან კარგ საფუძველს შექმნის
ციტატები სტატიიდან
„2019 წელს თავის დროზე ნამდვილად ითქვა ასე. ამის შემდეგ იყო, სამწუხაროდ, 2020-21 წლები - კოვიდის პერიოდი და ამის შემდეგ იყო 2022 და შემდგომი წლები, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამოქმედდა დე ფაქტო სანქციები და ამ დე ფაქტო სანქციებმა ხელი შეუშალა ბუნებრივია ახალი ინიციატივების განხორციელებას, მათ შორის, ამაში ლოგიკურად მოიაზრება წყალტუბოს ინიციატივაც. თუმცა ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ეს კურორტი განვავითაროთ. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ეს აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის ქმნის ძალიან კარგ საფუძველს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.