წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა
წყალტუბოში 10 ყოფილი სანატორიუმის შესაძენად გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა, რადგან 49.2 მილიონი ლარის ღირებულების ობიექტებით ინვესტორები არ დაინტერესდნენ.

წყალტუბოში 10 ყოფილი სანატორიუმის შესყიდვით ინვესტორები ამჯერადაც არ დაინტერესდნენ. ქონების ეროვნულმა სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონები არ შედგა.
შესაბამისი აუქციონები 15 ოქტომბერს გამოცხადდა და 13 ნოემბერს დასრულდა. ობიექტების საწყისი საპრივატიზებო ფასები ჯამში 49.2 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო გამარჯვებულ ინვესტორებს ტერიტორიების განვითარებისთვის ჯამურად არანაკლებ 314 მლნ ლარის (დღგ-ის გარეშე) ინვესტირების ვალდებულება უნდა აეღოთ.
საპრივატიზებო ობიექტები, რომლებიც არ გაიყიდა, შემდეგია:
1. ყოფილი სანატორიუმი „მედეა“ - საწყისი ფასი 8.5 მლნ ლარი
2. ყოფილი სანატორიუმი „მეგობრობა“ - საწყისი ფასი 8.8 მლნ ლარი
3. ყოფილი სანატორიუმი „სავანე“ - საწყისი ფასი 3.5 მლნ ლარი
4. ყოფილი სანატორიუმი „ინტურისტი“ - საწყისი ფასი 4.2 მლნ ლარი
5. ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“ - საწყისი ფასი 4.6 მლნ ლარი
6. ყოფილი სანატორიუმი „აია“ - საწყისი ფასი 3.7 მლნ ლარი
7. ყოფილი სანატორიუმი „გელათი“ - საწყისი ფასი 2.8 მლნ ლარი
8. ყოფილი სანატორიუმი „გეოლოგი“ - საწყისი ფასი 2.5 მლნ ლარი
9. ყოფილი სანატორიუმი „ფილიალი“ - საწყისი ფასი 4 მლნ ლარი
10. ყოფილი სანატორიუმი „რკინიგზელი“ - საწყისი ფასი 6.6 მლნ ლარი
რა ბედი ეწია პროექტს „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“?
2019 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ამჟამად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პირადად ჩაუდგებოდა სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. მისი განცხადებით, უნდა გამოსყიდულიყო 22 სასტუმრო და 9 აბანო და მომხდარიყო მათი სრული რეაბილიტაცია კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ 2022 წელს დაიწყო. თავდაპირველად, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ჯამური ღირებულება 50 მლნ ლარი იყო. პროექტის ფარგლებში სულ 7 სანატორიუმი გაიყიდა, თუმცა მათგან 3 სახელმწიფოს უკან დაუბრუნდა. ამჟამად პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „უშიშროება“, „წყალტუბო“ და „სამგურალი“. ამ ობიექტების ჯამურმა საპრივატიზებო ღირებულებამ 16 265 300 ლარი შეადგინა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…