წყალტუბოს 10 სანატორიუმის განვითარებისთვის ბიზნესმა მინიმუმ ₾314 მილიონი უნდა ჩადოს | აუქციონის პირობები
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზებისთვის ხელახალი აუქციონი გამოაცხადა, რომლის საწყისი ფასი 49.2 მლნ ლარია, ხოლო გამარჯვებულმა ინვესტორებმა მინიმუმ 314 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ.

წყალტუბოში მდებარე 10 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზებისთვის სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული აუქციონები ხელახლა გამოაცხადა. ობიექტების საწყისი საპრივატიზებო ფასები ჯამში 49.2 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გამარჯვებულმა ინვესტორებმა ტერიტორიების განვითარებისთვის ჯამურად არანაკლებ 314.013 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ, დღგ-ის გარეშე.
აუქციონები 20 ოქტომბერს გამოცხადდა და 15 ნოემბერს დასრულდება. საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვე, ანუ 5 წელია.
პირობების მიხედვით, სანატორიუმების ტერიტორიებზე თანამედროვე სასტუმროები, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო ცენტრები ან აპარტამენტები უნდა მოეწყოს. ცალკეულ ობიექტებზე გათვალისწინებულია საერთაშორისო სასტუმროების ქსელის ოპერატორის ან ბრენდის სახელით სასტუმროების გახსნა.
აუქციონში გამარჯვებულებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინონ. საპრივატიზებო თანხის გადახდის ვადა კი აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 თვეა.
ყოფილი სანატორიუმი „მედეა“ - საწყისი ფასი 8.5 მლნ ლარი
აუქციონზე გამოტანილია 76 621 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 17 შენობა-ნაგებობა. მყიდველმა 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 61.935 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, დღგ-ის გარეშე, და საერთაშორისო სასტუმროების ქსელის ოპერატორის ან ბრენდის სახელით არანაკლებ 120-ნომრიანი სასტუმრო გახსნას, საკონფერენციო დარბაზებითა და რესტორნებით.
ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შენობებს დოკუმენტაციის გარეშე იყენებენ პირები, ხოლო 1 808 კვ.მ ფართობზე სერვიტუტის უფლება ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ სანატორიუმი „მედეა“ სახელმწიფომ 2024 წელს, პრივატიზების შემდეგ, უკან დაიბრუნა, რადგან მყიდველმა ვალდებულებები ვერ შეასრულა. ყოფილ მესაკუთრეს 852 048 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა.
ყოფილი სანატორიუმი „მეგობრობა“ - საწყისი ფასი 8.8 მლნ ლარი
საპრივატიზებო ქონება მოიცავს 104 176 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებს, მათ შორის ნანგრევებს. ინვესტორმა არანაკლებ 26.021 მლნ ლარი უნდა ჩადოს და ტერიტორიაზე არანაკლებ 100 საწოლზე გათვლილი დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო ცენტრი მოაწყოს.
ობიექტი წყალტუბო-ხონის გზის მიმდებარედ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამცავ ზონაში მდებარეობს. შენობებს ფიზიკური პირები უკანონოდ იყენებენ, ხოლო 4 938 კვ.მ ფართობზე სერვიტუტის უფლება ვრცელდება.
ყოფილი სანატორიუმი „სავანე“ - საწყისი ფასი 3.5 მლნ ლარი
აუქციონზე გამოტანილია 15 091 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 5 შენობა-ნაგებობა. ახალმა მესაკუთრემ 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 35.314 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო ააშენოს, საკონფერენციო დარბაზითა და რესტორნით.
სანატორიუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამცავ ზონაში მდებარეობს. 1 879 კვ.მ მიწის ფართობზე სერვიტუტის უფლება ვრცელდება.
ყოფილი სანატორიუმი „ინტურისტი“ - საწყისი ფასი 4.2 მლნ ლარი
ქონება მოიცავს 50 062 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 11 შენობა-ნაგებობას, მათ შორის ნანგრევებს. საინვესტიციო ვალდებულება არანაკლებ 31.106 მლნ ლარია. მყიდველმა 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო უნდა შექმნას და აამოქმედოს.
სააგენტოს დოკუმენტაციის მიხედვით, შენობები დაზიანებულია, მათ შორის, პირველი შენობის ნაწილი ჩამოშლილია. 3 682 კვ.მ ფართობზე სერვიტუტის უფლება ვრცელდება.
ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“ - საწყისი ფასი 4.6 მლნ ლარი
საპრივატიზებო ქონება მოიცავს 41 150 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებს. ინვესტორმა არანაკლებ 52.042 მლნ ლარი უნდა ჩადოს და არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმრო აამოქმედოს.
ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება უნდა გააფორმოს. 4 711 კვ.მ მიწის ფართობზე სერვიტუტის უფლება ვრცელდება.
ყოფილი სანატორიუმი „აია“ - საწყისი ფასი 3.7 მლნ ლარი
აუქციონზე გამოტანილია 34 342 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. საინვესტიციო ვალდებულება არანაკლებ 14.379 მლნ ლარია. მყიდველმა უნდა შექმნას არანაკლებ 250 აპარტამენტი ან ჯამში არანაკლებ 250 სასტუმრო ნომერი და საცხოვრებელი აპარტამენტი.
ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამცავ ზონაში მდებარეობს. შენობებს ფიზიკური პირები უკანონოდ იყენებენ, ხოლო 3 515 კვ.მ ფართობზე სერვიტუტის უფლება ვრცელდება.
ყოფილი სანატორიუმი „გელათი“ - საწყისი ფასი 2.8 მლნ ლარი
ქონება მოიცავს 22 057 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებს. მყიდველმა 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 19.015 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო შექმნას.
ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შენობებს ფიზიკური პირები უკანონოდ იყენებენ, ხოლო 2 553 კვ.მ მიწის ფართობზე სერვიტუტის უფლება ვრცელდება. მყიდველმა ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულებაც უნდა გააფორმოს.
ყოფილი სანატორიუმი „გეოლოგი“ - საწყისი ფასი 2.5 მლნ ლარი
აუქციონზე გამოტანილია 18 586 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. საინვესტიციო ვალდებულება არანაკლებ 10.907 მლნ ლარია. ინვესტორმა უნდა შექმნას არანაკლებ 90-ნომრიანი სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და რესტორნით.
ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამცავ ზონაში მდებარეობს. 1 743 კვ.მ ფართობზე სერვიტუტის უფლება ვრცელდება.
ყოფილი სანატორიუმი „ფილიალი“ - საწყისი ფასი 4 მლნ ლარი
ყოფილი ბალნეოლოგიური სანატორიუმის ქონება მოიცავს 38 224 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს. მყიდველმა არანაკლებ 20.917 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და საერთაშორისო სასტუმროების ქსელის ოპერატორის ან ბრენდის სახელით არანაკლებ 110-ნომრიანი სასტუმრო გახსნას, საკონფერენციო დარბაზებითა და რესტორნებით.
აუქციონის პირობებით, შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამცავ ზონაში მდებარეობს.
ყოფილი სანატორიუმი „რკინიგზელი“ - საწყისი ფასი 6.6 მლნ ლარი
ქონება მოიცავს 33 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ N1-N9 შენობა-ნაგებობებს. საინვესტიციო ვალდებულება არანაკლებ 42.377 მლნ ლარია. ტერიტორიაზე საერთაშორისო სასტუმროების ქსელის ოპერატორის ან ბრენდის სახელით არანაკლებ 120-ნომრიანი სასტუმრო უნდა შეიქმნას, საკონფერენციო დარბაზებითა და რესტორნებით.
ობიექტს დოკუმენტაციის გარეშე იყენებენ პირები, მათ შორის საცხოვრებელი მიზნებისთვის. ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალში ექცევა. ტერიტორიაზე გადის „სილქნეტის“ კავშირგაბმულობის ხაზი და წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, რომელთა უსაფრთხოების ზონებიც მყიდველმა უნდა დაიცვას.
რა პირობები ვრცელდება სანატორიუმების პრივატიზებაზე?
სააგენტოს პირობების მიხედვით, სანატორიუმების ტერიტორიებზე გადის სხვადასხვა სახის ხაზოვანი ინფრასტრუქტურა, მათ შორის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, ელექტროგადამცემი ხაზები, გაზსადენები და კავშირგაბმულობის ხაზები. ახალმა მესაკუთრეებმა კანონით განსაზღვრული უსაფრთხოებისა და სანიტარიული ზონები უნდა დაიცვან, სადაც მშენებლობა აკრძალულია.
ცალკეულ ობიექტებზე მოქმედებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოთხოვნები და სერვიტუტის უფლებები. ამასთან, რამდენიმე სანატორიუმის შენობა-ნაგებობას ფიზიკური პირები იყენებენ, რაც ობიექტების განვითარებისას დამატებითი საკითხების გათვალისწინებას მოითხოვს.
რა ბედი ეწია პროექტს „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“?
2019 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ამჟამად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პირადად ჩაუდგებოდა სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. მისი განცხადებით, უნდა გამოსყიდულიყო 22 სასტუმრო და 9 აბანო და მომხდარიყო მათი სრული რეაბილიტაცია კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ 2022 წელს დაიწყო. თავდაპირველად, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ჯამური ღირებულება 50 მლნ ლარი იყო.
პროექტის ფარგლებში სულ 7 სანატორიუმი გაიყიდა, თუმცა მათგან 3 სახელმწიფოს უკან დაუბრუნდა. ამჟამად პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „უშიშროება“, „წყალტუბო“ და „სამგურალი“. ამ ობიექტების ჯამურმა საპრივატიზებო ღირებულებამ 16 265 300 ლარი შეადგინა.
ახლად გამოცხადებული აუქციონების ფარგლებში სახელმწიფო წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზებას და კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ახალი ინვესტორების მოზიდვას ცდილობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.