ტრამპმა არ გამორიცხა სამმხრივი შეხვედრა სი ძინპინთან და პუტინთან
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინთან სამმხრივ შეხვედრას დათანხმდეს, სადაც შესაძლოა უკრაინის ომიც განიხილონ ზელენსკის გარეშე. კიევმა და ევროკავშირმა მოლაპარაკებების ამ ფორმატით გამართვასთან დაკავშირებით შეშფოთება და წინააღმდეგობა გამოხატეს.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზადაა დათანხმდეს სამმხრივი შეხვედრის ჩატარებას აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის მონაწილეობით, 18-19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში. ეს ტრამპმა ჟურნალისტებს 19 ოქტომბერს განუცხადა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით შეხვედრაზე არ უთქვამს თანხმობა, მაგრამ "ამას გააკეთებს", თუ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოისურვებენ ასეთი შეხვედრის გამართვას.
ტრამპის თქმით, შეხვედრის მთავარი საკითხი შესაძლოა იყოს ატომური იარაღისგან გათავისუფლება - ანუ სამი ქვეყნის მხრიდან უარის თქმა ბირთვულ არსენალებზე. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა განხილული იყოს უკრაინის ომის საკითხიც, თუნდაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის იქ ყოფნის გარეშე.
ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის შეხვედრის გამართვის შესაძლებლობაზე 19 ოქტომბერს წერდა გაზეთი The Wall Street Journal. გამოცემა თავის წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ ამ შეხვედრის იდეის ავტორია პუტინი, რომელსაც სურს უკრაინის ომის განხილვა და მხარდაჭერის მოპოვება რუსეთის პირობებისთვის მშვიდობის დასამყარებლად.
The Wall Street Journal წერს, რომ პუტინი ამ იდეის შესახებ ტრამპს ელაპარაკა 9 ოქტომბერს, სატელეფონო საუბარში. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრა განიხილება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა პირდაპირ გამოვიდა ასეთი შეხვედრის და იქ უკრაინის განხილვის წინააღმდეგ. შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირშიც.
ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც აწვდის უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას, და მან კვლავ გააკრიტიკა ზელენსკი - თქვა, რომ უკრაინის სახელით მოლაპარაკებები "ვიღაც სხვამ" უნდა აწარმოოს. აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, ზელენსკის ბევრჯერ შეეძლო ომის დასრულება, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.
გასულ კვირაში კრემლი და ვაშინგტონი ერთმანეთის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოდიოდნენ, ე.წ. დიზელის გარიგების გამო, რომელიც აშშ-სა და რუსეთს შორის გაფორმდა. უკრაინის პრეზიდენტის აზრით, რუსეთისთვის სანქციების შერბილებით ტრამპი "ისტორიის არასწორ მხარეს" დგება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიWSJ: პუტინს უკრაინის საკითხზე შეთანხმების განსახილველად ტრამპთან და სი ძინპინთან შეხვედრა სურს
- ბათუმელებიპუტინი ტრამპს და სი ძინპინს უკრაინაზე სასაუბროდ შეხვედრას სთავაზობს – მედია
- ინტერპრესნიუსიჩინეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.